ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომის ტიპები

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვაში“, შესაძლოა, განთავსდეს შემდეგი ტიპის  ნაშრომები:

აკადემიური სტატია – აკადემიური სტატიის მიზანი შეიძლება იყოს ახალი მიგნებების წარმოდგენა, არსებული ლიტერატურისა თუ შრომების განხილვა და სხვ. შესაბამისად, აკადემიური სტატიის სტრუქტურა და ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს სტატიის მიზანს. ჟურნალში წარმოსადგენი აკადემიური სტატია უნდა შეესაბამებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ აკადემიური სტილის სახელმძღვანელოს 

აკადემიური ანგარიში – აკადემიური ანგარიშის მიზანია, შესაბამისი კვლევის სფეროში პრობლემის იდენტიფიცირება, მისი კრიტიკული ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება, რისთვისაც, საჭიროა, რელევანტური კვლევის განხორციელება. ამასთანავე, მკვლევარი ანგარიშში დეტალურად წარმოადგენს კვლევის მეთოდებსა და შედეგებს. მკვლევარმა უნდა დაასაბუთოს პრობლემის გადაჭრის გზის მართებულობა, შეაფასოს კვლევის შედეგები და წარმოადგინოს დასკვნები ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით. ჟურნალში წარმოსადგენი აკადემიური ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ აკადემიური სტილის სახელმძღვანელოს 

აკადემიური მიმოხილვა – აკადემიური მიმოხილვის მიზანია, გადმოსცეს წიგნის ან სტატიის შინაარსი კრიტიკულ შეფასებასთან ერთად. მიმოხილვა სხვა აკადემიურ ნაშრომებთან შედარებით მოკლე უნდა იყოს. ჟურნალში წარმოსადგენი აკადემიური მიმოხილვა უნდა შეესაბამებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ აკადემიური სტილის სახელმძღვანელოს 

 

ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომის მიღება

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვის“ თითოეული გამოცემისთვის  ნაშრომის მიღება ხორციელდება:

ღია კონკურსის წესით;

ჟურნალის მთავარი რედაქტორის ან/და სარედაქციო საბჭოს ან/და მრჩეველთა საბჭოს წევრის მიერ ინდივიდუალურ ავტორებთან მოლაპარაკების მეშვეობით;

სხვა აკადემიურ ჟურნალში განთავსებული ნაშრომის საავტორო უფლებების მოპოვების გზით.

 

ღია კონკურსი

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვის“ თითოეული გამოცემისთვის, ჟურნალის მთავარი რედაქტორის წარდგინებით, ჟურნალის სარედაქციო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს.

ღია კონკურსი ცხადდება ჟურნალის ვებ-გვერდის და facebook გვერდის მეშვეობით. ასევე, შესაძლებელია, კონკურსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს სხვადასხვა ინტერნეტრესურსის ან/და ინფორმაციის გავრცელების სხვა ფორმების მეშვეობით.

ღია კონკურსის განაცხადში უნდა მიეთითოს შემდეგი:

 

ნაშრომის წარდგენა ინდივიდუალური მოლაპარაკების მეშვეობით

ჟურნალის მთავარ რედაქტორს, სარედაქციო საბჭოს ან/და მრჩეველთა საბჭოს წევრს, შეუძლია, აწარმოოს მოლაპარაკება ინდივიდუალურ ავტორებთან,  ნაშრომის ჟურნალის შესაბამის გამოცემაში გამოსაქვეყნებლად.

ამ წესით ჟურნალისთვის მიწოდებული  ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალის დებულებით და სარედაქციო პოლიტიკით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სხვა აკადემიურ ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომის გადაბეჭდვა

სხვა აკადემიურ ჟურნალში გამოქვეყნებული  ნაშრომის გადაბეჭდვა და საავტორო უფლებების მოპოვება ხორციელდება ჟურნალის მთავარი რედაქტორის წარდგინებით, სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

ნაშრომის შერჩევა და რეცენზირება

ჟურნალში გამოსაქვეყნებელი  ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ შესაბამის მოთხოვნებს.

ნაშრომების რეცენზირება ხორციელდება წინასწარ შერჩეული რეცენზენტების მიერ. რეცენზენტების ბაზას ადგენს ჟურნალის სარედაქციო საბჭო, ჟურნალის მთავარი რედაქტორის წარდგინებით. რეცენზენტად მოწვეულ უნდა იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი რეცენზენტები, რომელთაც აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში ან/და არიან შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. რეცენზენტად მოწვეულ უნდა იქნას პირი, რომელიც არის დარგის საერთაშორისო ექსპერტი და აქვს ჟურნალის შესაბამისი თემატიკის კვლევის გამოცდილება.

საერთაშორისო რეცენზირებას გაივლის ჟურნალში გამოსაქვეყნებელი აკადემიური სტატიები.

 

ნაშრომის პლაგიატზე შემოწმების პროცედურა

ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომების პლაგიატზე შემოწმებას ახორციელებს ჟურნალის მთავარი რედაქტორი, რეცენზირების პროცესის დაწყებამდე. აღნიშნული ხორციელდება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის (Turnitin) მეშვეობით.

 

ნაშრომში წყაროს მითითების და ციტირების სტანდარტი

ნაშრომების ავტორებმა უნდა იხელმძღვანელონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული  ციტირების წესით, წყაროების მითითებისა და მათი დამოწმების მოთხოვნებით.

 

საავტორო უფლებები

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვაში“ ნაშრომის გამოქვეყნებით,  ნაშრომის ავტორი ჟურნალს გადასცემს საავტორო უფლებებს სრული მოცულობით, რაც გულისხმობს ჟურნალის მიერ ნაშრომის ბეჭდური და ელექტრონული წესით გამოქვეყნებას. ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი, ვალდებულია, ჟურნალს წერილობით აცნობოს იმავე ნაშრომის გადამუშავებული სახით გამოყენების ან/და რეპროდუცირების შესახებ.

ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები რჩება ნაშრომის ავტორს.

 

ეთიკის სტანდარტები და დარღვევებზე რეაგირება

ჟურნალი პატივს სცემს ეთიკის სტანდარტებს და ავტორის აკადემიურ/გამოხატვის თავისუფლებას. ნაშრომის ავტორსა და ჟურნალის მთავარ რედაქტორს შორის ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალის სარედაქციო საბჭო. სარედაქციო საბჭოს აღნიშნულ სხდომაში მონაწილეობას არ იღებს მთავარი რედაქტორი, თუ ავტორსა და მთავარ რედაქტორს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი.

ნაშრომების ავტორებს მოეთხოვებათ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის, ასევე ჟურნალის დებულების, სარედაქციო პოლიტიკის მოთხოვნების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული აკადემიური წერის მოთხოვნებისა და სტანდარტების ზედმიწევნითი დაცვა.

ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომში შეცდომის, ხარვეზის ან/და სხვა სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომის ავტორს შეუძლია მიმართოს ჟურნალის მთავარ რედაქტორს წერილობით, შესაბამის ელექტრონულ მისამართზე.

დარღვევის შესახებ ცნობის მიღებიდან არაუგვიანეს 14 დღისა, ჟურნალის მთავარი რედაქტორი მიმართავს ჟურნალის სარედაქციო საბჭოს შესაბამის განცხადებაზე რეაგირების თხოვნით. განცხადებას განიხილავს სარედაქციო საბჭო და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, განცხადებაზე რეაგირების თხოვნიდან არაუგვიანეს 1 თვის განმავლობაში. განცხადების განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს წერილობით ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

ნებისმიერი დავა ნაშრომის ავტორს და ჟურნალს შორის, წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

იხ.ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის დოკუმენტი