გაუქმებულ ან ძალადაკარგულად გამოცხადებულ სადავო აქტზე საკონსტიტუციო სამართალწარმოება
ანოტაცია
ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინსტიტუციურად დამოუკიდებელ ორგანოზე, რომელიც ნორმაკონტროლის მეშვეობით ახდენს ხელისუფლებაზე მეთვალყურეობას. სტატია მოიცავს გაუქმებულ ან ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების მნიშვნელობას როგორც სასამართლოს უფლებამოსილებას, პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება. ადამიანის უფლებების დასაცავად აღნიშნული მექანიზმი ემსახურება პრევენციულ მიზნებს, რადგან პარლამენტს არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმის მსგავსი შინაარსით მიღება ეკრძალება.
პროცედურული საკითხები ხშირ შემთხვევაში მიმართულია სასამართლოს გადატვირთულობის შესამცირებლად, რაც აუცილებელია სასამართლოს ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია არ გადაილახოს ის ზღვარი, რომლის მიღმაც პროცედურული საკითხები შეაფერხებს ადამიანის უფლებების დაცვას კონსტიტუციური სამართალწარმოებით.
უფრო მეტად სახიფათოა ის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებას რჩება მანიპულირების ბერკეტი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმევა დისკრეციული უფლებამოსილება კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. კერძოდ, პარლამენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს რჩებათ შესაძლებლობა, სადავო ნორმის არსებითად მიღებამდე გააუქმონ იგი და ამით ავტომატურად გამოიწვიონ სამართალწარმოების შეჩერება.
სტატიაში მიმოხილულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით ჩამოყალიბებული სტანდარტები, თუ რა შემთხვევაში ხდება გაუქმებულ ან ძალადაკარგულად გამოცხადებულ ნორმაზე სამართალწარმოების გაგრძელება. შედარებითი ანალიზის საფუძველზე განხილული იქნება ის მოდელები, რომლებიც მიღებულია სხვადასხვა ქვეყანაში უმოქმედო ნორმის კონსტიტუციურობის დადგენასთან დაკავშირებით.