სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის სახელით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემა: ეროვნული სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ამერიკის უზენაესი სასამართლოს და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თეორია და პრაქტიკა

ავტორები

  • გიორგი ბერაია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ავტორი

ანოტაცია

სასამართლოს დამოუკიდებლობის და ავტორიტეტის დაცვის მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის იდეა უცხო არ არის, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სამართლისთვის. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება, სხვა საფუძვლებთან ერთად, ასევე შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც ასევე ითვალისწინებს მსგავს ჩანაწერს.

საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე გახმაურებული სასამართლო საქმეების ფონზე, საზოგადოებაში მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებთან დაკავშირებით. იყო შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ადგილი ჰქონდა მათ მიმართ წარმოებულ ნეგატიურ მედიაკამპანიას. ამ ფონზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა მოსამართლეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსამართლეთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები მკაცრ ფინანსურ სანქციას უნდა ითვალისწინებდეს და ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება არსებობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების, მედიის, არასამთავრობო სექტორის მიერ გაკეთებული რიგი განცხადებები გამოხატვის თავისუფლებასთან შეუთავსებლად შეფასდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ყოფილი წევრების მიერ. მათ განცხადებაში ყურადღება გაამახვილეს სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზანზე, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველზე. ამასთან, სასამართლო ხელისუფლების მმართველ ორგანოებშწარმართული შიდა თუ გარე დისკუსიებში სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნის იდეა, რომელმაც ქართული კანონმდებლობა უნდა დააახლოოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრაქტიკასთან.

აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ უახლოეს წარსულში პირველად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ ცილისწამების შესახებ დავა მოუგო ბიზნესმენ ფადი ასლის თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოპასუხე ფადი ასლის დაევალა, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით, ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, იმ მედიასაშუალებებში სადაც მოსამართლის შესახებ სადავო ინფორმაცია გაჟღერდა მისი მხრიდან. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მას ასევე დაეკისრა 3 ათასი ლარის გადახდა მოსამართლისთვის.

ყოველივე ზემოთქმული წარმოაჩენს დღეს საზოგადოებაში აღნიშნული საკითხის აქტუალობას. თუმცა, ამ საკითხის რეგულირება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგანაც ერთმანეთს უპირისპირდება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის ორი უმთავრესი პრინციპი – გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის სახით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მიღწეულ იქნეს ინტერესების სამართლიანი დაბალანსება, რათა თავიდან ავიცილოთ რომელიმე უფლების მომეტებული, არათანაზომიერი შეზღუდვა კონკურირებადი უფლების დაცვის მოტივით.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას და გაანალიზებას, ასევე ადგილობრივი კონტექსტის და გამოწვევების სრულყოფილად გააზრებას, რათა დაპირისპირებული ინტერესების დასაბალანსებლად შესაძლებელი გახდეს მაქსიმალურად ოპტიმალური მოდელის შემუშავება.

სასამართლოს დამოუკიდებლობის კონტექსტში გამოხატვის თავისუფლების ფარგლების განსაზღვრა რამდენიმე კომპონენტად შეიძლება დაიყოს. პირველი შეეხება სხვადასხვა აქტორების მხრიდან მოსამართლის კრიტიკის ფარგლების დადგენას, როგორც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმდინარე სასამართლო დავის შინაარსთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო კომენტარები, ამ შემთხვევაში კომენტარების ადრესატი შესაძლებელია, საერთოდ არ იყოს მოსამართლე, თუმცა ამგვარ კომენტარებს რიგ შემთხვევებში შეიძლება შეხება ჰქონდეს სასამართლოს ავტორიტეტის დაცვასთან და დავის მონაწილე მხარეების მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობასთან.

სტატიაში მიმოხილული იქნება ორივე შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ სტანდარტებთან. ასევე გაანალიზდება ადგილობრივი კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით კრიტიკულად იქნება შედარებული საერთაშორისო სტანდარტებთან.

ავტორის ბიოგრაფია

  • გიორგი ბერაია, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

    თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის სახელით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემა: ეროვნული სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ამერიკის უზენაესი სასამართლოს და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თეორია და პრაქტიკა. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 11, 55-78. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/109