სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და საქართველოს სიტუაციის გამოძიება
ანოტაცია
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების მინიჭებიდან სამი წელი გავიდა. 2008 წლიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი აღნიშნულ საკითხზე წინასწარ მოკვლევას აწარმოებდა.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დამცველები სხვადასხვა გზით ცდილობდნენ, დაზარალებულთა სახელით აღედგინათ სამართლიანობა. თუმცა ეს ძალისხმევა, უმეტესწილად, არაეფექტური იყო. საქართველოსა და რუსეთში წარმოებულმა შიდა გამოძიებამ შედეგი არ გამოიღო, რადგან არ არსებობდა პოლიტიკური ნება პოტენციური დამნაშავეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. შესაბამისად, შეუძლებელი აღმოჩნდა გამოძიების ჩატარება. სამწუხაროდ, პროგრესი არ შეინიშნება არც ადამიანის უფლებათა რეგიონულ სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარემ ასობით საჩივარი წარადგინა ათასობით დაზარალებულის სახელით.
2008 წლის კონფლიქტი ბევრად რთული და სერიოზული საკითხია იმისთვის, რომ მისი გამოძიება შესაძლებელი იყოს ადგილობრივ ან/და თუნდაც რეგიონულ დონეზე. შესაბამისად, მხოლოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება რჩებოდა ერთადერთ რეალურ ალტერნატივად, რომელსაც შეეძლო დაზარალებულების სახელით აღედგინა სამართლიანობა. რვაწლიანი ლოდინის შემდეგ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დაწყებით დაზარალებულებს გაუჩნდათ იმედი, რომ სამართლიანობა იზეიმებდა. გამოძიების დაწყება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სასამართლოსთვისაც, ვინაიდან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო გამოიძიებდა შემთხვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა აფრიკის კონტინენტის მიღმა. აგრეთვე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო განიხილავდა საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს გაეროს უშიშროების საბჭოს გავლენიანი წევრის მონაწილეობით, რომელიც, ამავდროულად, არ იყო რომის სტატუტის მხარე.
თუმცა გამოძიების დაწყებიდან უკვე სამი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვერ შეძლო გაეცა დაპატიმრების ბრძანება რომელიმე მხარის წარმომადგენლის წინააღმდეგ, რაც მსგავს საქმეებზე, სასამართლოს არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი დაგვიანებაა.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ იზეიმა რომის სტატუტის 20 წლის იუბილე, მნიშვნელოვანი მიღწევა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა მუდმივმოქმედი მართლმსაჯულების ორგანო, რომელიც მსოფლიოში ჩადენილ ყველაზე მძიმე დანაშაულებს განიხილავს. ამავე დროს, 2008 წლის კონფლიქტის დაზარალებულებისთვის 10 წელი გავიდა მათ წინააღმდეგმ მიმართული ძალადობრივი ქმედებების განხორციელებიდან. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ბევრი დაზარალებული გარდაიცვალა, ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში. გარდაცვლილთა ოჯახები და ცოცხლად დარჩენილი კონფლიქტით დაზარალებულები სამართლიანობის აღდგენის იმედს კარგავენ.
აღნიშული სტატია მიზნად ისახავს, ნათელი მოჰფინოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს საკითხის გამოძიებას. სტატია მიმოიხილავს გამოძიების სამართლებრივ საფუძვლებსა და ფარგლებს, პროცესის უნიკალურ ბუნებას, არსებულ გამოწვევებს, გამოძიების პროგრესს და უახლეს ტენდენციებს. იმედი გვაქვს, რომ სტატია საკითხის ირგვლივ ცნობიერებას აამაღლებს და მიიპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას აზრი ჰქონდეს იმ პირებისთვის, რომლებიც მთლიანად პროცესის ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდნენ.