გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ჭრილში
ანოტაცია
გარემოს დაცვის საკითხი, როგორც თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის. სასამართლოს პროკურორის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული საქმეთა შერჩევისა და პრიორიტეტიზაციის დოკუმენტის მიხედვით, გარემოს განადგურება, ასევე გარემოსადმი მიყენებული ზიანი, როგორც საერთაშორისო დანაშაულების ჩადენის საშუალება, წარმოადგენს პროკურორის ოფისის ახალ პრიორიტეტულ მიმართულებას. თუმცა, გარემოს განადგურების საერთაშორისო დონეზე კრიმინალიზაციის თეორიული საკითხი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად შესწავლილი და საკამათოა, რამდენად ეფექტიანად შეძლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არსებული სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში გარემოს განადგურებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას.
წინამდებარე სტატიის მიზანია, რომის სტატუტით განსაზღვრული შეზღუდვების ანალიზის შედეგად, დაადგინოს გარემოს განადგურებისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების საკითხებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამომავლო პრაქტიკის განვითარების პერსპექტივები. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია გარემოსადმი მიყენებული ზიანის კრიმინალიზაციის კუთხით რომის სტატუტით დადგენილ იურისდიქციულ შეზღუდვებზე. ნაშრომი ასევე განიხილავს, თუ რამდენად არის შესაძლებელი, გარემოს დაცვის ინტერესები გახდეს აქტუალური საქართველოს სიტუაციის შესახებ სასამართლოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.