სასამართლოს როლი დანაშაულის პროვოცირების განაცხადის გამოკვლევის პროცესში
ანოტაცია
წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი გარანტიის – დანაშაულის პროვოცირების აკრძალვის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – სასამართლოს როლი დანაშაულის პროვოცირების განაცხადის გამოკვლევის პროცესში.
ნაშრომში მოკლედ მიმოხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი დანაშაულის პროვოცირების საკითხზე, თავმოყრილია ევროპული სასამართლოს ძირითადი პრინციპები და მიდგომები დანაშაულის პროვოცირების აკრძალვის გარანტიის არსის გამოსაკვეთად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დანაშაულის პროვოცირების შესახებ განაცხადის შემოწმება განვითარდა მატერიალური და საპროცესო ტესტის საფუძველზე.
მატერიალური ტესტის ფარგლებში ევროპული სასამართლო აფასებს, მოქმედებდნენ თუ არა გამოძიებისას სახელმწიფოს წარმომადგენლები „არსებითად პასიურად,“ ჩაიდენდა თუ არა პირი დანაშაულს მათი ჩარევის გარეშე და, შესაბამისად, მოხდა თუ არა დანაშაულის პროვოცირება.
საპროცესო ტესტის ფარგლებში კი ევროპული სასამართლო აფასებს ეროვნული სასამართლოების მიერ პროვოცირების განაცხადის შემოწმების წესს და ადგენს, რომ სასამართლო წარმოება უნდა იყოს შეჯიბრებითი, ყოველმხრივი, ამომწურავი და გადამწყვეტი დანაშაულის პროვოცირების საკითხთან დაკავშირებით. დანაშაულის პროვოცირების უარყოფის მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა. ამასთან, იმის მიუხედავად, ბრალდების მხარე რამდენად მოახერხებს მტკიცების ტვირთის ზიდვას, ეს არ ათავისუფლებს ეროვნულ სასამართლოებს პროვოცირების განაცხადის ეფექტიანი გამოკვლევის ვალდებულებისგან.
სტატიაში გაანალიზებულია ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელშიც ქართულ სასამართლოებს უწევთ დანაშაულის პროვოცირების განაცხადის გამოკვლევა. განხილულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მარეგულირებელი კანონმდებლობა და პროვოცირების განაცხადის ეფექტიანი სასამართლო გამოკვლევის ურთიერთმიმართების საკითხი. ამ თვალსაზრისით, გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული პირველი საქმე საქართველოდან – ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ.
სტატიაში გაკეთებულია დასკვნა, რომ ქართული კანონმდებლობა და სამართლებრივი პრაქტიკა (განსაკუთრებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით) აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, იყოს პროაქტიური და საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიოს პროვოცირების განაცხადის ეფექტიანი შემოწმებისთვის აუცილებელი საკითხები. სასამართლოს ასეთი ინიციატივა არ უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევად, რადგან, იგი ემსახურება ბრალდებულისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას.
ამასთან, სტატიაში შეფასებულია მნიშვნელოვანი ხარვეზები ქართული კანონმდებლობაში – დანაშაულის პროვოცირების ცნების არარსებობა, პროვოცირების მიმართ „სენსიტიურ“ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებზე სასამართლო ან სათანადო საპროკურორო ზედამხედველობის არარსებობა, ასევე, შემდგომში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასთან წვდომის საკანონმდებლო შეზღუდვა, რაც, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის დანაშაულის პროვოცირების განაცხადის ეფექტიან სასამართლო გამოკვლევას.