ანონიმურობა კიბერსივრცეში: სასამართლო და საკანონმდებლო რეგულირების საკითხები
სტატია გამოქვეყნდა ავტორისა და da Fordham Law Review-ს თანხმობით. ნამუშევარი პირველად დაიბეჭდა 2013 წელს,Fordham Law Review, Vol. 81.
ანოტაცია
ტრადიციულად, ფუნდამენტური უფლებების კონსტიტუციური დაცვის ფარგლები იცვლება და ვითარდება ახალი სოციალური ნორმებისა და ტექნოლოგიის კვალდაკვალ. სიტყვის თავისუფლება ინტერნეტზე სულ უფრო ძლიერდება. პირველი დამატება იცავს ინდივიდუალური პირის უფლებას, ისაუბროს ანონიმურად, მაგრამ რა ხარისხით იცავს ის ანონიმურად სიტყვის გამოხატვის უფლებას ინტერნეტში? ეს საკმაოდ რთული საკითხია, რადგან ხელისუფლებამ უნდა გააწონასწოროს სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური ბუნება იმ პოტენციურ საფრთხეებთან, რომლებიც ინტერნეტში ანონიმური სიტყვის გამოხატვას უკავშირდება, მათ შორისაა ცილისწამება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა და განზრახ მორალური ზიანის მიყენება. მართალია, დაბალი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ინტერნეტში ანონიმური სიტყვის თავისუფლება არსებობს, მაგრამ მათ ჯერ საერთო სტანდარტი არ მიუღიათ. ამასობაში, დაბნეულობისა და ქაოტური მდგომარეობის გასანეიტრალებლად და მათი უფლებების დასაცავად, ვისაც ზიანი მიადგა ინტერნეტში ანონიმური გამოხატვის გამო, შტატების საკანონმდებლო ორგანოები ცდილობენ ინტერნეტში ანონიმური გამოხატვის უფლების ნაწილობრივ ან სრულ შეზღუდვას.
წინამდებარე ნაშრომში განხილულია სიტყვის თავისუფლების რეგულირების ისტორია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილია ონლაინ რეჟიმში ანონიმური სიტყვის თავისუფლების დაცვაზე და მის გამამართლებელ გარემოებებზე. ნაშრომში შესწავლილია სასამართლოების მიერ შემუშავებული და მიღებული სტანდარტები, რომელთა მიხედვით, წყდება ანონიმი ავტორების ვინაობის განსაჯაროების საკითხი და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავენ მიზნად. შემდგომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საკანონმდებლო ორგანომ კი არ უნდა შეზღუდოს თავისუფალი სიტყვის უფლებები, არამედ გაზარდოს და გააფართოოს სასამართლო დაცვის საშუალებები დაზარალებულებისთვის. ჩვენ გთავაზობთ მოსაზრებას, რომ სასამართლომ დაადგინოს სტანდარტი, რომელიც დაავალდებულებს მოსარჩელეს, ანონიმი ავტორის ვინაობის განსაჯაროების მოთხოვნამდე მტკიცებულება წარმოადგინოს იმის შესახებ, რომ ანონიმმა ავტორმა სამართალდარღვევა ჩაიდინა.