პროპორციულობის პრინციპი და თავისუფლება ესეი კონსტიტუციური სამართლის მეთოდზე

სტატია გამოქვეყნდა ავტორისა და Cambridge University Press-ის თანხმობით. ნამუშევარი პირველად დაიბეჭდა ჟურნალში Global Constitutionalism, Volume 1 (2), 2012 (Cambridge UP).

ავტორები

  • ვლად პერჯიუ ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, აშშ. ავტორი

ანოტაცია

პროპორციულობის პრინციპის დანერგვა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა თანამედროვე სამართლის განვითარებაში. პროპორციულობა „კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმი" გახდა. მისმა გავრცელებამ მთელ მსოფლიოში მეცნიერები აიძულა, მისთვის „მე-20 საუკუნის ყველაზე წარმატებული სამართლებრივი ტრანსპლანტი" ეწოდებინათ. თუმცა ეს წარმატება ისევ დამაბნეველია. პროპორციულობის პრინციპით მოსამართლეების ძალაუფლების გაზრდამ, როგორც ჩანს შექმნა დაძაბულობა/დაპირისპირება ამ პრინციპსა და დემოკრატიული მმართველობის იდეალებს შორის. უფრო მეტიც, დაცვა, რომელსაც ეს მეთოდი კონსტიტუციურ უფლებებს სთავაზობს, ავტომატური არ არის, ის დამოკიდებულია სასამართლოების კონტექსტუალურ შეფასებაზე, რომ უფლებები საკმარისად ძლიერია დაპირისპირებული საჯარო თუ კერძო ინტერესების დასაძლევად. პროპორციულობის პრინციპის გამოყენებისას უფლებები უბრალოდ გარკვეული ფაქტორებია, რომლებსაც ითვალისწინებს სასამართლო სამართლებრივი ანალიზის დროს, რაც უნდა ვაღიაროთ, რომ „ბევრს არაფერს ნიშნავს"

მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც „პროპორციულობის ერა"-ში ვცხოვრობთ. მოსამართლეები აღმოსავლეთ ევროპიდან სამხრეთ აფრიკამდე და კანადიდან ბრაზილიამდე თუ ევროპის სუპრანაციონალურ სასამართლოებამდე, იყენებენ პროპორციულობის პრინციპს კონსტიტუციურ სამართალში და მის მიღმა. პროპორციულობის პრინციპის გლობალური გავრცელება საკმარისად არის დადასტურებული. ეს მეთოდი მე-19 საუკუნეში პრუსიის ადმინისტრაციულ სამართალში დაიბადა, შემდგომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, კონსტიტუციური სამართლის სფეროში გადაინაცვლა და პირველად გერმანიაში, თანდათანობით კი დანარჩენ მსოფლიოში კონსტიტუციური სამართლის იურისტების წარმოსახვა დაიპყრო. პროპორციულობისთვის ცენტრალური ადგილის მინიჭებამ ეს მეთოდი „გლობალური კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებლურ ელემენტად"აქცია საკონსტიტუციო საქმისწარმოებაში, გარდა ამერიკული სამართლისა.

თუმცა, პროპორციულობის პრინციპის წარმატება რთულად ასახსნელია. მისი გავრცელების მიზეზების ახსნის თეორიები მთელ სპექტრს მოიცავს, ცივი, რეალისტური მიდგომებიდან იდეალისტურ თეორიებამდე. რეალისტური კუთხით, მოსამართლეები პროპორციულობის პრინციპს იმიტომ წყალობენ, რომ ის მოსამართლის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებას უფრო დამაჯერებლად თუ ეფექტურად მალავს, ვიდრე სხვა დანარჩენი ალტერნატიული მეთოდები, მაგალითად, კატეგორიული დასაბუთება (categorical reasoning) ან დაბალანსება. კონფლიქტური ინტერესების შეჯერებისთვის ფორმალური სტრუქტურის მინიჭებით, პროპორციულობის პრინციპი ისეთ ილუზიას გვთავაზობს, თითქოს ღირებულებები შეიძლება ერთ სკალაზე განლაგდეს, მიუხედავად იმისა რომ შეუძლებელია მათი ერთი სტანდარტით შეფასება. თუმცა აღნიშნული თეორიები ბევრ საკითხს ტოვებენ უპასუხოდ. პროპორციულობის წარმატების სათავედ მხოლოდ ამ შენიღბული ფუნქციის აღიარება ჩიხში შეყვანის უმოკლესი სამართლებრივი გზაა. პროპორციულობის პრინციპზე აგებული საკმაოდ რთული და დეტალური სასამართლო დასაბუთება (ჯუდიციალ რეასონინგ) არ შეიძლება „აპრიორი" უარვყოთ, როგორც უბრალოდ ფიქციური. ამის საპირისპიროდ, იდეალისტური მიდგომა კონცენტრირდება დასაბუთების პროცესზე და ხაზს უსვამს მის თანდაყოლილ რაციონალიზმს.

როგორც დავინახავთ, პროპორციულობის ამგვარი შეფასებები, როგორც წესი, უყურადღებოდ ტოვებს სერიოზულ ნაკლოვანებებს ამ პრინციპის სასამართლო გამოყენების პრაქტიკაში. მაგრამ ასეც რომ არ იყოს, იდეალისტური შეფასებების უმრავლესობა პროპორციულობის გავრცელებას მხოლოდ ამართლებს, ისე რომ არ ხსნის მისი მიმზიდველობის მიზეზს. თავი რომ დავანებოთ სკეპტიციზმს მხოლოდ წმინდა რაციონალური სამართლებრივი დასაბუთების პერსპექტივის თაობაზე მე-20 საუკუნის მასიური მკვლელობებისა და კატასტროფების ფონზე, მხოლოდ რაციონალიზმს არ ძალუძს სრულად გამოააშკარავოს ამ მეთოდის ხიბლი ისეთი რთული ინსტიტუციური აქტიორისთვის, როგორიცაა სასამართლო.

ჩემი მიზანია, დამატებითი განმარტებები შემოგთავაზოთ პროპორციულობის პრინციპის როგორც კონსტიტუციური კონტროლის მეთოდის პოპულარობის მიზეზებზე. მე ვამტკიცებ, რომ ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით, პროპორციულობის პრინციპი უფრო მეტად ეხმარება მოსამართლეს, რომ მან შეამციროს ის ეფექტი, რასაც რობერტ ქავერი „თანდაყოლილ სირთულეს" უწოდებს, რომელსაც „სახელმწიფო კანონმდებლობის ძალადობა იწვევს თავისუფალი ინტერპრეტაციის პროცესზე"10. ძალების გადანაწილების მექანიზმების რუტინული განთავსების გარდა, რითაც მოქალაქეს აიძულებენ, რომ „თავისუფალი იყოს", კონსტიტუციური დემოკრატიის სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა გაამართლონ აგრეთვე ამ განთავსების მიმართულებები. ამგვარად, კანონის ძალადობას ორი განზომილება აქვს. ერთს, იძულებით მიმართულებას, მოქმედებისა თუ უმოქმედობის ფორმა აქვს, რომელსაც სახელმწიფო იყენებს თავისი ქვეშევრდომების წინააღმდეგ. მაგრამ ძალადობის მეორე განზომილება, რომელიც პირველთან არის დაკავშირებული, სათავეს იღებს ამ იძულებით მიღებული შედეგების გამართლების პროცესიდან. როგორც დავინახავთ, ეს დასაბუთება ასახავს დამარცხებული/წაგებული მხარის ინტერპრეტაციული პროცესის შედეგის სახელმწიფოს მიერ უარყოფას. მე ვვარაუდობ, რომ პროპორციულობის პრინციპი იმიტომ იზიდავს მოსამართლეებს, რომ მათ ადეკვატური მეთოდები სჭირდებათ იმ ძალადობის შესამსუბუქებლად, რომელსაც მათ მიერ გამართლებული სახელმწიფო იძულება იწვევს კერძო (არაოფიციალურ) ინტერპრეტაციაზე კონსტიტუციურ დავებში.

თუკი კანონის ძალმომრეობის მეორე განზომილება არ შემსუბუქდება, შეიძლება სასამართლოების ფუნქცია მოსარჩელეებისადმი, როგორც მოქალაქეებისადმი, რაც მათ სარჩელებზე გულისხმიერ რეაგირებაში გამოიხატება, საერთოდ მოიშალოს. ტოტალიტარული რეჟიმისგან განსხვავებით, რომლის ინსტიტუტები არ რეაგირებენ ან სულაც უარესი – თავიანთ ქვეშევრდომებს სჯიან მოთხოვნების საპასუხოდ, კონსტიტუციური დემოკრატიის სახელმწიფო ინსტიტუტებს აკისრიათ მოვალეობა, იმგვარად გასცენ პასუხი მოქალაქეების პრეტენზიებს, რომ თითოეული მოსარჩელის სოციალური მდგომარეობა აღიარებული და განმტკიცებული იქნეს როგორც თავისუფალი და თანასწორი.

სამართლებრივი დავის შემთხვევაში გულისხმიერი რეაგირება ყოველთვის ვერ მოითხოვს ნებისმიერი მოსარჩელის მატერიალურ დაკმაყოფილებას. მაგრამ ის ითხოვს, რომ გამამართლებელმა შედეგმა გარკვეული პირობები დააკმაყოფილოს. მაგალითად, ის ითხოვს, რომ გამამართლებელი გარემოება პატივისცემით და ღირსეულად მოექცეს ნებისმიერ მოსარჩელეს, მათ შორის მათაც, რომელთა სარჩელი უეჭველია, რომ არ დაკმაყოფილდება. მე გთავაზობთ მოსაზრებას, რომ პროპორციულობის პრინციპი ამ მოთხოვნებს უკეთ პასუხობს, ვიდრე ალტერნატიული მეთოდები.

ერთი შეხედვით, შეიძლება არალოგიკურად გვეჩვენებოდეს, რომ მოსამართლის გულისხმიერება (გულისხმიერი რეაგირება) იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული თუ როგორი წარმატებით ამსუბუქებს სასამართლო იმ ძალადობას, რომელსაც ის მხარეების იურისგენერაციულ პროცესს აყენებს. მაგალითად, მოსარჩელე, ჩვეულებრივ, წამგებიან პოზიციაში აყენებს თავს მისი სარჩელის ძლიერი მხარეების გაზვიადებით. მისი მცდარი წარმოდგენა სარჩელის სიძლიერეზე ამწვავებს ძალადობის შეგრძნებას, რომელსაც სასამართლო იწვევს იმით, რომ სარჩელს არ აკმაყოფილებს, რაც შედეგად გაუმართლებლად მაღალ ბარიერს აჩენს სასამართლო გულისხმიერებისთვის. უფრო მეტიც, მაშინაც კი, როცა არ არსებობს გადაჭარბებული მოლოდინი, უბრალოდ ის იმპერატივი, რომ საქმე გადაუწყვეტელი არ დარჩეს, ღრმა ნაპრალს აჩენს მხარეთა აღქმას შორის, იქნება ეს ინდივიდუალურ პირებსა თუ მათ და  სახელმწიფოს შორის დავისას, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე და მიღების შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, რთულ საქმეებში, თითქოსდა შედარებით ძლიერი სარჩელები ისეა წარმოდგენილი, როგორც მხარეთა იურისგენერაციული ინტერპრეტაციის შედეგები, რომლებიც ოფიციალურ დადასტურებას ითხოვენ სასამართლოსგან, როგორც იმ ინსტიტუტისგან, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციური განმარტების სადავო საკითხებზე.

თუმცა, მიუხედავად ამისა, განსაცვიფრებელი წყვეტა არსებობს, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე (ex ante) მხარეების მიერ მათი სარჩელის ძლიერი მხარეების აღქმას და, მეორე მხრივ, უკვე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ (ex post)კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ ბინარული განცხადებების აღქმას შორის.

კონსტიტუციურობის/კანონიერების შესახებ ბინარული განცხადებები (კონსტიტუციური/არაკონსტიტუციური ან კანონიერი/უკანონო) სპობს გამარჯვების შესაძლო შანსს, რომელიც სარჩელს ჰქონდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. კონსტიტუციურობის შესახებ განცხადებების ბინარული შედეგები ზრდის მხარეთა თავისუფალი ინტერპრეტაციის პროცესზე ძალადობას, რომლითაც სამართლებრივი დავა სრულდება. როგორც კონსტიტუციური სისტემის შემადგენელი ელემენტი, სასამართლო უმოქმედობა არ შეიძლება რომ კანონის ძალადობის წყარო იყოს.

თუ შეიძლება რომ იყოს, მნიშვნელოვანია, ძალადობის ხსენებისას გავითვალისწინოთ ძალადობის ხარისხიც. გარკვეული დონის ძალადობას ვერ ავცდებით სამართალში, სასამართლო მეთოდოლოგია ახდენს გადაწყვეტილების დასაბუთების სტრუქტურირებას და, ამგვარად, აკონტროლებს ძალადობის ხარისხს. კანონის ძალადობის ორი წყარო – შედეგი და შედეგის დასაბუთება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. როგორც ჩარლზ თილი ასკვნის თავის სოციოლოგიურ კვლევაში მიზეზების ახსნის შესახებ, „რაც არ უნდა მოხდეს მიზეზების ახსნის, დასაბუთების პროცესში, მიზეზების გამცემიც და მიმღებიც მათი თანასწორობისა თუ უთანასწორობის განსაზღვრებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს". პროპორციულობა გამოირჩევა იმით, თუ როგორ განაწყობს მოსამართლეს მხარეების მიმართ და მხარეებს ერთმანეთის მიმართ.

ეს მართებული კონტექსტია, რათა ავხსნათ პროპოციულობა როგორც მეთოდი, რომელიც „თანაბარ პატივისცემასა და ყურადღებას იჩენს საქმის ნებისმიერი მონაწილისადმი". პროპორციულობის პრინციპი ამცირებს ნაპრალს მხარეთა პოზიციებს შორის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე და შემდგომ, რადგან სათანადო ყურადღებითა და პატივისცემით ეპყრობა საზოგადოებრივ ინტერესს, რომელსაც სახელმწიფო იცავს, და ასევე ინდივიდუალურ უფლებას.

პროპორციულობის წარმატების ჩემეული ახსნა ფუნქციურია და არა მიზეზობრივი. მისი გამოყენების გავრცელება მთელ მსოფლიოში რთული ფენომენია, რომელსაც უამრავი მიზეზი აქვს ისტორიულიდან სოციოლოგიურამდე. ჩემი მოხსენების მიზანია პროპორციულობის პრინციპის სიძლიერისა და წარმატების მიზეზების ახსნა და არა განცხადების გაკეთება მისი წარმოშობის შესახებ. მე ვადგენ, თუ რა ფუნქციას ასრულებს პროპორციულობის პრინციპი თანამედროვე საკონსტიტუციო სამართალსა და სასამართლო პრაქტიკაში, კერძოდ, რომ ის ამსუბუქებს მოსამართლეთა გადაწყვეტილებების ძალადობრივ შედეგებს მოსარჩელეთა ინტერპრეტაციულ პროცესებზე და, ამავე დროს, განვმარტავ, თუ რით აიხსნება პროპორციულობის პრინციპის აღნიშნული ფუნქციის აუცილებლობა (მათ შორის სოციალური პლურალიზმის ფაქტორი, მოსამართლეთა შეშფოთება კანონის არასაკმარისად განსაზღვრულ ბუნებაზე, რთული ურთიერთობები სახელმწიფოსა და ადამიანს შორის). ეს მოსაზრება ავსებს და არ ანაცვლებს ისტორიულ, სოციოლოგიურ ან სხვა შესაბამის ნორმატიულ თეორიებს. ინდივიდუალურ უფლებას.

პროპორციულობის პრინციპისადმი მსგავსი ფართო მიდგომის საშუალებით იმდენივე შეიძლება გავიგოთ თანამედროვე კონსტიტუციურობის ფილოსოფიის პრინციპებზე, რამდენიც თავად ამ მეთოდზე. ამ მეთოდის, როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი მექანიზმის, ანალიზის ნაცვლად, მე უფრო ფართო თვალსაზრისით ვუდგები საკითხს, რომლის მიხედვითაც ის ინტეგრირებულია კონსტიტუციური დოქტრინის უფრო ვრცელ კონფიგურაციასა და დისკურსში. ამ კონფიგურაციებს „კონსტიტუციურ სტილს" ვუწოდებ. სტილი თავის  მეთოდოლოგიაში კონსტიტუციური უფლებებისადმი სრულყოფილ მიდგომას, სასამართლოების როლს და მათი გულისხმიერი რეაგირების მოვალეობის ინკაფსულირებას ახდენს და, ზოგადად, სამართლის არსისადმი, რომელიც „თავისუფლების კულტურაზე" ზემოქმედების ფორმირებას ახორციელებს კონსტიტუციურ დემოკრატიაში. პრაქტიკაში სხვადასხვანაირი სტილი ხშირად ერთმანეთზეა გადახლართული, მაგრამ ჩემს შეფასებაში მე მათ იდეალურ ტიპებად (იდეალ-ტყპეს) განვიხილავ. პროპორციულობა განსაკუთრებულ სტილს განასახიერებს. ვინაიდან სტილების ერთმანეთისგან განსხვავება მათი განსაკუთრებული მიდგომებით შეიძლება კონსტიტუციური მოთამაშეების განლაგებისადმი, ანუ კონსტიტუციური სივრცის აგებისადმი, არქიტექტურულ მეტაფორას ვიყენებ და მას კორინთულ სტილს ვუწოდებ. ამ კონსტიტუციურ სტილს, თავად ბერძნული არქიტექტურული სტრუქტურის მსგავსად, ინტეგრაციული მიზანი აქვს, რომელიც ორი დანარჩენი კონსტიტუციური სტილის ელემენტებს აერთიანებს. პირველია დორიული კონსტიტუციური სტილი, რომელიც ზემოდან ქვემოთ მომავალი სამართლებრივი დასაბუთების ფორმით და დეონტოლოგიური უფლებების კატეგორიული კონსტიტუციური ინტერპრეტაციით ხასიათდება. მეორე – იონური კონსტიტუციური სტილია, რომელიც კონტექსტუალიზებულ, ქვემოდან ზემოთ მიმავალ დასაბუთებასა და მოსამართლის დამაბალანსებელ მეთოდოლოგიას ეყრდნობა.

ნაშრომის პირველი ორი ნაწილი დორიულ და იონურ სტილს აღწერს. აღწერა აუცილებელია, რადგან მესამე ნაწილში განხილული კორინთული სტილი ამ ორის მიდგომას აერთიანებს პროპორციულობის მეთოდის მეშვეობით. პროპორციულობა უფლებათა არადეონტოლოგიურ კონცეფციას ფორმალური ანალიზის კატეგორიულ სტრუქტურაში ათავსებს. ის სინთეზია ფორმისადმი და ინსტიტუციური სტრუქტურისადმი (თეზა) დორიული და კონტექსტისადმი იონური„ფაქტების მგრძნობელობისა", რომელშიც კონკრეტული წინააღმდეგობები წარმოიშობა (ანტითეზა) და რომელიც სასამართლო გულისხმიერების გაძლიერებულ აღქმას იწვევს. თუმცა არ უნდა გავაერთიანოთ აღქმისა და მატერიალური ღირებულების საკითხები. ამ ნაწილში ვამტკიცებ, მაშინ როდესაც პროპორციულობა უფრო გულისხმიერი რეაგირებაა ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით, მისი სამოსამართლეო ტექნიკა ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებს ინტეგრაციულ მიზნებს. პროპორციულობის პრინციპი ვერ უწევს წინააღმდეგობას უნივერსალიზმის ცენტრიდანულ ძალებსა და პარტიკულარიზმს, რომლის ინტეგრირებისკენაც ის მიისწრაფის. ეს წნეხი პარადოქსს წარმოშობს იმ თვალსაზრისით, რომ პროპორციულობის ანალიზის უკუდატვირთვა (ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად თითქმის ყველა სამთავრობო ღონისძიება გადის განხილვის პირველ საფეხურს), მისი ნაკლიცაა და მიმზიდველობის წყაროც. ეს მისი უარყოფითი მხარეა, რადგან მსგავსი უკუდატვირთვა საფრთხეს ამაღლებს პროპორციულობის ანალიზის მომდევნო (დაბალანსების) საფეხურზე იმით, რომ ზრდის პრინციპული გადაწყვეტილების მიღების ტექნიკის საჭიროებას. ასეთი ფორმალიზებული ტექნიკა აქ უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე იონური სტილის შემთხვევაში, არ არის. მაგრამ გაზრდილი დაინტერესებულობაც პროპორციულობის მიმზიდველობის წყაროა, რადგან ორივე დაპირისპირებული ინტერესი შეიძლება იურიდიული ძალის მქონედ გამოცხადდეს. თუკი საქმე სახელმწიფო ინტერესს ეხება, პროპორციულობის ანალიზის რაც უფრო მეტ საფეხურს გაივლის სადავო ურთიერთობები, მით უფრო განმტკიცდება საჯარო ინტერესის აღიარება. უფლების მფლობელის მხრიდან, სახელმწიფო ინტერესის დაჟინებული განხილვა, რომელიც ამ უფლების დასაძლევად ისწრაფის, განამტკიცებს იმ წონას, რასაც კონსტიტუცია ანიჭებს უფლებით დაცულ ინტერესს. თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ორივე დაპირისპირებული ინტერესის ძალის სასამართლო დასაბუთება მნიშვნელოვნად ავიწროებს ex ante/ex post არსებულ ხარვეზს, რითაც ზრდის სასამართლოს გულისხმიერი რეაგირების შეგრძნებას.

ნაშრომის მეოთხე ნაწილში მე ვიწყებ იმის განხილვას, რომ სასამართლო ძალმომრეობა კერძო ინტერპრეტაციის პროცესზე სამართლებრივად არარელევანტურია. დისკუსია კონსტიტუციური მეთოდოლოგიით იხსნება და სოციალური პლურალიზმის ფართო ზემოქმედებამდე მიდის კონსტიტუციურ სამართალწარმეობაზე თანამედროვე დემოკრატიებში. პლურალიზმი „განცალკევებულობის უფსკრულებს" აჩენს, როგორც ჰანნა არენდტი უწოდებს მათ. ისინი გამოწვევას წარმოადგენენ მოქალაქეთა და მათი ინსტიტუტების ინტერაქციის საფუძვლებისთვის. პლურალიზმი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ხედვების იმ მარაგს აფართოებს, საიდანაც სარჩელი ჩნდება, მაგრამ, ამავდროულად, კონკრეტული ინსტიტუციური რეაგირების გამართლების საჭიროებასაც ზრდის ისეთი საშუალებებით, რაც მისაღები უნდა იყოს პლურალისტური მოსახლეობისთვის. მე ვამტკიცებ, რომ პლურალიზმი მართლზომიერი განსაზღვრულობის კრიტიკასთან და სახელმწიფოს ცვალებად ფუნქციასთან ერთად, ზრდის მანძილს მოსარჩელეთა შორის, აფართოებს ეხ ანტე/ეხ პოსტ ნაპრალს და ინსტიტუციური რეაგირების მექანიზმების საჭიროებას აძლიერებს იმისთვის, რომ შეამსუბუქოს სახელმწიფოს კანონის ძალადობა კერძო იურისგენერაციული ინტერპრეტაციის პროცესზე.

მაიკლ ვოლცერმა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების გამოწვევა აღწერა არა როგორც „ინდიფერენტულობის გამოწვევა, არამედ, როგორც ამბიციური კავშირის". ნაშრიმის ბოლო ნაწილში გაანალიზებულია წარმოსახვის როლი იქ, თუ როგორ აგებს ამბიციურ კავშირებს თანამედროვე სამართალი მოსამართლეებსა და მათ მსმენელებს შორის. კანტისა და ჰანა არენდტის ნაშრომების დახმარებით, მე წარმოსახვის როლს იქ განვიხილავ, თუ როგორ აგებენ სხვადასხვაგვარი კონსტიტუციური სტილები გადაწყვეტილების მიმღებთა პოზიციურ ობიექტურობას. პროპორციულობა უნივერსალიზმისა და პარტიკულარიზმის ძალების სინთეზს ახდენს და წარმოსახვის ფუნქციას ეყრდნობა ისე, როგორც ტრადიციულად, სხვა კონსტიტუციური სტილები ცდილობდნენ, რომ თავიდან აეცილებინათ. ამას გარდა, მე ვიმსჯელებ იმის შესახებ, რომ პროპორციულობასა და თავისუფლებას შორის არსებული ურთიერთობები რთულია და ზოგიერთი საფრთხისა და შესაძლებლობის იდენტიფიცირებას შევეცდები პროპორციულობის ეპოქაში.

ავტორის ბიოგრაფია

  • ვლად პერჯიუ, ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, აშშ.

    ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, აშშ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

პროპორციულობის პრინციპი და თავისუფლება ესეი კონსტიტუციური სამართლის მეთოდზე: სტატია გამოქვეყნდა ავტორისა და Cambridge University Press-ის თანხმობით. ნამუშევარი პირველად დაიბეჭდა ჟურნალში Global Constitutionalism, Volume 1 (2), 2012 (Cambridge UP). (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 7, 161-196. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/136