უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი – ნოვაცია ქართულ კონსტიტუციურ სამართალში

ავტორები

  • თამთა რაზმაძე სტუდენტი ავტორი

ანოტაცია

საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 15 ოქტომბერს მიიღო კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", რის შედეგადაც ქვეყნის ძირითადი კანონი ფაქტობრივად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. ცვლილებების შედეგად, რომელთა დიდი ნაწილი ძალაში 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნე- ბის შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, ქვეყანა მმართველობის შერეულ მოდელზე გადადის. უფრო ზუსტად, შერეული მმართველობის იმგვარ მოდელზე, რომელიც უპირატესად საპარლამენტო რესპუბლიკისკენ არის გადახრილი. ცვლილებების შედეგად, მთავრობის ფორმირება და კონტროლი მხოლოდ პარლამენტის მიერ მოხდება, თუმცა პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი წესით აირჩევა, რაც უცხოა კლასიკური საპარლამენტო მოდელის რესპუბლიკებისათვის.

ამ ცვლილებებით, პარლამენტი ხდება მთავრობის მაკონტროლებელი ერთადერთი ორგანო და მთავრობაც უფლებამოსილებას ახლად არჩეული პარლამენტის წინაშე იხსნის. შესაბამისად, პარლამენტი აღჭურვილი უნდა იყოს ფართო უფლებამოსილებებით, რათა ეფექტურად განახორციელოს მთავრობის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ბერკეტების პარლამენტის ხელში თავმოყრამ არ უნდა შეაფერხოს მთავრობის გამართული ფუნქციონირება. სწორედ ამ უფლებამოსილებების დასაბალანსებლად ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუციის 81–ე მუხლი ახალი რედაქციით, რითაც შემოღებულ იქნა ქართული  კონსტიტუციონალიზმისათვის აქამდე უცხო, უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ინსტიტუტი. საკვლევ თემად უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ინსტიტუტის არჩევა განაპირობა საქართველოში დღეს არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ და აზრთა სხვადასხვაობამ, რომელიც 2013 წლიდან ასამოქმედებელ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს. მით უფრო, რომ აღნიშნული ინსტიტუტი სრულიად უცხოა ქართული კონსტიტუციური სამართლისათვის.

უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი მთავრობის მეთაურისადმი გამოხატული უნდობლობის ვოტუმის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს, რითაც ხდება მთავრობის ახალი მეთაურის არჩევა, ხმების უმრავლესობით, პარლამენტის მიერ. ამ ინსტიტუტის მთავარი არსი ისაა, რომ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების რეზოლუციის პროექტი, იმავდროულად, უნდა შეიცავდეს იმ პირის ვინაობას, რომელიც ამ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში დაიკავებს მთავრობის თავმჯდომარის პოსტს. მსგავსი მექანიზმი გათვალისწინებულია გერმანიის, პოლონეთის, სლოვენიის და რიგი სახელმწიფოების კონსტიტუციებით.

ქართულ საკონსტიტუციო პრაქტიკაში ამ ინსტიტუტის დამკვიდრება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არსებობს მთელი რიგი შენიშვნები ვენეციის კომისიის მხრიდან, რაც ძირითადად აღნიშნული მექანიზმის „დროში გაწელვის" რისკებს უკავშირდება. ასევე გაუმართლებლადაა მიჩნეული ორმაგი კენჭისყრის მოთხოვნა.

სწორედ ამ მიმართულებებით დაიმსახურა კრიტიკა უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ქართულმა ვარიაციამ ვენეციის კომისიის მხრიდან. კომისია აღნიშნავს, რომ ერთადერთი გაუმჯობესება მეორე მოსმენის შემდეგ ვადების შემცირებაა, რაც არ არის საკმარისი.

ამრიგად, უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი, რომელიც ნოვაციას წარმოადგენს ქართულ კონსტიტუციურ სამართალში, საკმაოდ ქმედითი ბერკეტია პარლამენტის ხელში, რომელიც რჩება მთავრობის საქმიანობის ერთადერთ მაკონტროლებელ ორგანოდ. ამიტომ ამ ინსტიტუტის შემდგომი სრულყოფის მიზნით, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ვენეციის კომისიის დასკვნები და ევროპული გამოცდილება.

საკვლევ თემად უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის მექანიზმის არჩევა განაპირობა საქართველოში დღეს არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ და იმ აზრთა სხვადასხვაობამ, რომელიც 2013 წლიდან ასამოქმედებელ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში არსებობს. მით უფრო, რომ აღნიშნული ინსტიტუტი სრულიად უცხოა ქართული კონსტიტუციური სამართლისათვის.

კონსტიტუციის შექმნა ექსპერიმენტია, რომლის შედეგი იქნება განსხვავებული იმისგან, რაც იყო გათვალისწინებული და რისი მოლოდინიც არსებობდა. წინამდებარე ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს იმის განხილვა, თუ რა იყო საკონსტიტუციო რეფორმის იდეოლოგიური მიზანი. სტატიაში განხილული იქნება 2010 წლის კონსტიტუციური კანონი უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ინსტიტუტის ჭრილში. შემოთავაზებული იქნება შედარებით-სამართლებრივი ანალიზი გერმანიის ძირითად კანონში განმტკიცებული უნდობლობის კონსტრუქციულ ვოტუმთან, ასევე, ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული შენიშვნების ანალიზი და, ზოგადად, ამ ინსტიტუტის პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები.

ავტორის ბიოგრაფია

  • თამთა რაზმაძე, სტუდენტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე–3 კურსის სტუდენტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი – ნოვაცია ქართულ კონსტიტუციურ სამართალში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 7, 230-239. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/139