ილიბერალიზმი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში

ავტორები

  • გაბორ ჰალმაი ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (ფლორენცია, იტალია) შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი და პროფესორი. ავტორი

ანოტაცია

ილიბერალიზმი შეგვიძლია გავიგოთ როგორც ლიბერალიზმის მიმართ კრიტიკული რეაქცია. ილიბერალური კრიტიკის საგანს წარმოადგენენ როგორც ლიბერალური თეორიები, ასევე ლიბერალური საზოგადოებები. როგორც სტივენ ჰოლმსი ამტკიცებს, არალიბერალებს და ანტილიბერალებს არ აქვთ სურვილი შეისწავლონ ლიბერალური თეორიები და ლიბერალური საზოგადოებები ერთმანეთისგან განცალკევებით, რადგან თვლიან, რომ ლიბერალური საზოგადოებები წარმოადგენენ ლიბერალური იდეების იდეალურ განსახიერებას. შესაბამისად, ლიბერალური საზოგადოებების მარცხი ავტომატურად გამოწვეულია ლიბერალური პრინციპების არაადეკვატურობით. წინამდებარე კვლევა განიხილავს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში როგორც ილიბერალური თეორიების, ასევე ილიბერალური საზოგადოებების ამჟამინდელი თამაშის პრინციპებს.

ასევე, ლიბერალიზმის არალიბერალი კრიტიკოსები ახდენენ ლიბერალიზმის, როგორც ერთი თანმიმდევრული/ერთიანი ფენომენის წარმოჩენასა და მის დემონიზებას. თუმცა, მაგალითისთვის, კონსერვატორ ლიბერალებს აქვთ მცირე საერთო სოციალ-დემოკრატებთან, ისევე როგორც ნეოლიბერალებს კლასიკური მიმართულების მიმდევრებთან. როგორც რალფ დარენდორფმა სწორად განმარტა, ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი და კარლ პოპერი შეგვიძლია განვიხილოთ ლიბერალ მოაზროვნეებად, მაგრამ მათი მოსაზრებები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.

ილიბერალური კრიტიკის ძირითად საგანს წარმოადგენს პოლიტიკური ლიბერალიზმის ღირებულებები: ადამიანთა უფლებები, სამართლიანობა, თანასწორობა და კანონის უზენაესობა, მულტიკულურალიზმისა და შემწყნარებლობის წინაშე აღებული ვალდებულებები, ისაია ბერლინის „ნეგატიური თავისუფლების“ იდეები, კარლ პოპერის „ღია საზოგადოება“, ჯონ როლზის „ნაწილობრივი კონსენსუსი“ (overlapping consensus) ან რონალდ დვორკინის თანასწორობა, როგორც „სუვერენული ღირსება“. ინსტიტუციურ ჭრილში ილიბერალიზმი უპირისპირდება ლიბერალურ დემოკრატიას, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ უმრავლესობის საზოგადოებრივი ძალაუფლების შეზღუდვას, არამედ ის აკეთებს წინასწარ დაშვებას, რომ დამყარებულია კანონის უზენაესობა, არსებობს შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები და დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს დემოკრატია ლიბერალიზმის გარეშე და ამავდროულად, შეუძლებელია ლიბერალური უფლებების არსებობა დემოკრატიის გარეშე. ამ თვალსაზრისით, „ილიბერალური ან ანტილიბერალური დემოკრატია“ან „დემოკრატიული ლიბერალიზმი“, როგორც ასეთი, არ არსებობს. ისინი, ვინც დემოკრატიას განიხილავენ, როგორც ლიბერალურ წყობას, ასევე აცხადებენ რომ ილიბერალიზმი თავისი არსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმთან დაკავშირებულ ღირებულებებს, როგორც ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუციონალურ ასპექტს: ძალთა გადანაწილება, უმრავლესობის სურვილების შეზღუდვა, ადამიანთა უფლებები და უმცირესობების დაცვა. შესაბამისად, ოქსიმორონული „ილიბერალური“ ან „პოპულისტური“ კონსტიტუციონალიზმი მისი ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებლად ავტორიტარულია.

იმავე მიზეზით, ვფიქრობ, შეცდომაში შეგვიყვანს ანტიდემოკრატების, ნატივისტების და პოპულისტების, როგორ პოლიტიკური ლიბერალიზმის და ლიბერალური დემოკრატიის მთავარი მოწინააღმდეგეების, ერთმანეთისგან გამიჯვნა. ილიბერალები არიან ანტიდემოკრატები, რომლებიც ახდენენ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ნორმატიული საფუძვლის დელეგიტიმაციას, არიან ნატივისტები, რომლებიც იმიგრანტების ინტერესებისაგან იცავენ ადგილობრივი მაცხოვრელების ინტერესებს და, ამასთანავე, ისინი არიან პოპულისტები, რომლებიც „სუფთა ადამიანებს“ უპირისპირებენ „კორუმპირებულ ელიტას“.

2010-იან წლებში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ილიბერალური ტენდენციების გაძლიერებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ აქტიურად განხილვად საკითხს წარმოადგენს 1989-1990-იან წლებში ლიბერალური დემოკრატიული რევოლუციის გავლენა ორი ათწლეულის შემდგომ მომხდარ ილიბერალურ კონტრრევოლუციაზე.

ფრენსის ფუკუიამა, 1989 წლის ლიბერალური დემოკრატიისაკენ ცვლილების შესახებ დაწერილ მის ცნობილ კვლევაში წინასწარმეტყველებდა „პოლიტიკური ლიბერალიზმის ცალსახა გამარჯვებას“ და „დასავლური ლიბერალური დემოკრატიის, როგორც ადამიანური მმართველობის საბოლოო ფორმის, უნივერსალიზაციას“ (ფუკუიამა 1989). ივან კრასტევი და სტივენ ჰოლმსი მათ კვლევაში აცხადებენ, რომ იმ ფაქტმა, რომ 1989 წელს ლიბერალურ დემოკრატიას არ გააჩნდა ალტერნატივა და აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ქვეყნები იძულებულები იყვნენ მიებაძად დასავლური მოდელისთვის, ხელი შეუწყო რეგიონში ილიბერალიზმის წარმატებას. ისინი, ასევე აცხადებენ, რომ რეგიონში ღრმად აქვს ფესვები გადგმული ილიბერალიზმს ორი მიმართულებით, ამ ქვეყნების კანონგარეშე მყოფ ახალგაზრდებში და იმ დემოგრაფიული პანიკის გათვალისწინებით, რომელიც „მომავლის ექსპატრიაციამ“ დატოვა ამ ქვეყნებში.

მიმაჩნია, რომ პოსტ-კომუნისტური ტრანზიციის პერიოდში არსებობდა როგორც მემარჯვენე ნაციონალისტური, ასევე მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული ალტერნატივა და დასავლეთის მიბაძვა იქნებოდა მხოლოდ საზიანო, იმ შემთხვევაში, თუ იარსებებდა სხვა, თანაბრად პერსპექტიული სცენარები, მაგრამ ზემოხსენებული ორი ალტერნატივა არ წარმოადგენდა მსგავსი ტიპის სცენარს. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ლიბერალური დემოკრატიის იმიტაციას გერმანიაში, ასევე ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში არ გამოუწვევია ილიბერალური რეჟიმის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ილიბერალურმა ლიდერებმა მიზანმიმართულად გამოიწვიეს „დემოგრაფიული პანიკა“, რითაც ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანებს გაუზარდეს მოტივაცია, რომ დაეტოვებინათ მათდამი პოლიტიკურად, რელიგიურად და კულტურულად მტრულად განწყობილი გარემო და საკუთარ ქვეყნებში არ დარჩენილიყვნენ როგორც რეჟიმის მტრები. თავად კრასტევი და ჰოლმსი მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ილიბერალიზმი მიმართულია პოსტ-ნაციონალური ინდივიდუალიზმისა და კოსმოპოლიტიზმისკენ და, რომ ილიბერალების აზრით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში თეთრკანიანი ქრისტიანი უმრავლესობის გადარჩენისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს დასავლური საზოგადოებების უუნარობა, რომ დაიცვან საკუთარი თავი. ქრისტიანი უმრავლესობის დაცვის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს 2019 წლის აპრილში, ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ „უნგრეთის დახმარების სააგენტოს“ შექმნა. სააგენტოს ამოცანას წარმოადგენს დევნილი/შევიწროებული ქრისტიანების დაცვის მიზნით პროგრამების კოორდინირება.

ბევრი თანამედროვე თეორეტიკოსისგან განსხვავებით, კრასტევი და ჰოლმსი ასევე ამტკიცებენ, რომ მულტიკულტურალიზმი არ წარმოადგენს ილიბერალიზმის მთავარ სამიზნეს, შესაბამისად, შეუძლებელია მასთან ბრძოლა იდენტობის პოლიტიკის უგულვებელყოფით, როგორც ამას ამტკიცებენ ზემოხსენებული თეორეტიკოსები. თუმცა, მაგალითისათვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ უნგრული ერის ეთნიკურ ჰომოგენურობაზე გაკეთებული აქცენტი ამტკიცებს, რომ ილიბერალები იბრძვიან მულტიკულტურული საზოგადოების ცნების წინააღმდეგ: „ჩვენ არ გვსურს რომ ვიყოთ მრავალფეროვანი და არ გვსურს აღრევა... ჩვენ გვსურს დავრჩეთ ისეთებად, როგორიც ვიყავით მე-11 საუკუნეში აქ, შუა-დუნაის დაბლობზე“.

ილიბერალური თეორიებისგან განსხვავებით, სტატიის მეორე ნაწილი განიხილავს ილიბერალურ საზოგადოებებს შორის არსებულ სამ ძირითად მიმართებას: სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები. სხვა საკითხებთან ერთად, მსურს დავადგინო, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ლიბერალიზმის უკუსვლა ლიბერალური იდეების მარცხის შედეგს წარმოადგენს თუ მის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

ავტორის ბიოგრაფია

  • გაბორ ჰალმაი, ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (ფლორენცია, იტალია) შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი და პროფესორი.

    ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (ფლორენცია, იტალია) შედარებითი კონსტიტუციური
    სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი და პროფესორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

ილიბერალიზმი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 14, 13-66. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/142