სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ხედვები

ავტორები

  • კახა წიქარიშვილი დოქტორანტი ავტორი

ანოტაცია

დამოუკიდებელი სასამართლო არა მხოლოდ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნა კვლავ პრობლემად რჩება, რასაც მრავალი სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ალბათ, მთავარი ფაქტორი კვლავ სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობა და სათანადო საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობაა. თითქოს უკვე შევეგუეთ იმას, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო ჩვეულებრივი მოვლენაა და თემიდამ ყველა ხელისუფალს ხარკი უნდა უხადოს: ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები.

2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავარი საარჩევნო დაპირება სამართლიანობის აღდგენა და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა იყო . მიღებული ცვლილებების შედეგად, გადახალისდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეებს მიეცათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატურის დასახელებისა და არჩევის თავისუფლება, ასევე თვითმმართველობის დამკვიდრების რეალური შესაძლებლობები, მედიისთვის გაიხსნა დახურული სასამართლო სხდომები და სხვ. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. შესაძლოა ამის მიზეზი იყოს, ერთი მხრივ, წარსულის მძიმე მემკვიდრეობა, ხოლო, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ სასამართლოს შიგნით ძალაუფლება იმავე ადამიანებს ჩაუვარდათ ხელში, რომლებიც მართავდნენ სასამართლოს 2012 წლამდე. მოსამართლეთა ამ ჯუფმა ერთმანეთთან დააკავშირა ორი შემხვედრი ინტერესი – მოსამართლეთა ინტერესი, რომ დაცული ყოფილიყვნენ სამართლებრივი დევნისგან და მეორე მხრივ, ხელისუფლების ინტერესი, რომ ეკონტროლებინა სასამართლო.

მოსამართლეთა თვითმმართველობა სასამართლოს გაჯანსაღების ნაცვლად მოსამართლეთა თვითგადარჩენისა და მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ხელში ძალაუფლებისხელში ჩაგდების ახალ წყაროდ იქცა,  ხოლო ახალმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ ეკონტროლებინა სასამართლო და კვლავ აღდგა ის მანკიერი კავშირი, რომელიც არსებობდა პოლიტიკურ ხელისუფლებასა და სასამართლოს შორის. 2016-19 წლებში მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა უკან აშკარად დგას მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლების განმტკიცების ინტერესი.

დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობა, ალბათ, ორი მთავარი ეტაპისგან შედგება – პირველი არის მოსამართლეების შერჩევა – დანიშვნის ეტაპი, ხოლო მეორე -ყველაფერი დანარჩენი. სასამართლოს დამოუკიდებლობის აპრობირებული სტანდარტები და მექანიზმები თავიანთ დანიშნულებას მხოლოდ მაშინ ასრულებენ, როცა პირველი ეტაპი, ანუ მოსამართლეთა დანიშვნის ეტაპი, წარმატებით დასრულდება და სასამართლო კორპუსი დაკომპლექტდება კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანებით. საზოგადოება სწორედ ასეთ მოსამართლეებს ანდობს მართლმსაჯულების განხორციელებასა და სასამართლოების მართვას. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლება ცალკე შტოს წარმოადგენს, მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ, მათ იცავთ იმუნიტეტი, სხვა საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, პასუხს არ აგებენ ჩვეულებრივი პროფესიული შეცდომის გამო, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, სასამართლო კორპუსი ახდენს თვითგანახლებას, თვითრეგულირებასა და თვითგაჯანსაღებას, მოიპოვებს და ინარჩუნებს საზოგადოებრივ ნდობას, ქმნის და ახორციელებს სამართლებრივ პოლიტიკას, მართავს და განკარგავს საბიუჯეტო სახსრებს.

მეორე მხრივ, თუ აღმოჩნდა ისე, რომ სასამართლოს მართვის ბერკეტები არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჩაუვარდათ ხელში ყველა აპრობირებული მექანიზმი დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინტერესის საზიანოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამართლებრივად დაცული ციხე-სიმაგრე, რომელიც შეიძლება იქცეს კორუფციის, ნეპოტიზმის, მართლმსაჯულებით ვაჭრობის,ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და უპასუხისმგებლობის ბუდედ.

2017 წელს მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტისგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა 10 კაციანმა სიამ, როგორც ფორმის, ასევე შინაარსის გამო ფართო საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია და პოლიტიკურ კრიზისშიც გადაიზარდა. 2019 წელს აღნიშნული კრიტიკის საპასუხოდ მმართველმა გუნდმა შეიმუშავა და დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახლებური რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც 2019 წლის ივნის-დეკემბერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი წარიმართა. აღნიშნულმა პროცესმა ასევე საზოგადოებრივი და საერთაშორისო მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, თუმცა, მეორე მხრივ, დასაფასებელია ის, რომ ისტორიაში პირველად მოსამართლეობის კანდიდატები წარდგნენ საზოგადოების წინაშე და მათ მოუწიათ იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემა (ან არ გაცემა), რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა სასამართლო ხელისუფლების მიმართ. შესაბამისად, უზენაესი სასამრთლოს კანდიდატებთან გასაუბრებებმა წარმოაჩინა სასამართლოს ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი ფორმა. თუმცა სხვა საკითხია, თუ რამდენად წარმატებულად ჩააბარა სასამართლო ხელისუფლებამ ანგარიშვალდებულების ეს ტესტი.

წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების კონცეფციებს, საქართველოში ამ კუთხით არსებულ ძირითად პრობლემებს და სასამართლოს ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის კუთხით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ ოცი კანდიდატის ხედვებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგნენ.

ავტორის ბიოგრაფია

  • კახა წიქარიშვილი, დოქტორანტი

    დოქტორანტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ხედვები. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 14, 102-117. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/146