საერთაშორისო დანაშაულები
ანოტაცია
მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, კერძოდ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაცია, კვლავ ზრდის რისკს, რომ ჩადენილ იქნება საერთაშორისო დანაშაულები, რომელსაც მოჰყვება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა. მიუხედავად ამისა, მოცემულ ნაშრომში არ ხდება აქცენტირება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე, რადგან უკრაინაში არსებული მდგომარეობა საჭიროებს მკაფიო მტკიცებულებით გამოკვლევას, რომლის პროცესიც ამჟამად მიმდინარეობს. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი უკრაინაში არსებული სიტუაციის სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის მიხედვით კრიმინალიზებული დანაშაულების განხილვა. ერთი მხრივ, დანაშაულის შემადგენლობის, მეორე მხრივ კი - საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და საერთაშორისო ტრიბუნალების პრაქტიკა. გარდა ამისა, ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოში, 2008 წელს აგვისტოს ომის დროს განხორციელებული სამხედრო აგრესიის საერთაშორისოსამართლებრივი განხილვა, კერძოდ თუ რამდენად ჰქონდა რუსეთს სამხედრო ძალის გამოყენების უფლება. ასევე, სტატიაში ნაჩვენებია აგვისტოს ომის დროს ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულები, რაც ძალიან მსგავსია რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისა. განხილულია ცალკეული დანაშაული, რომელიც ნათლად აჩვენებს , რომ დღევანდელი საერთაშორისო სისხლის სამართალი ვერ ფარავს დღევანდელ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს.