კონსტიტუციური მოწყობა უკუსვლის შემდეგ: ერთჯერადი უმრავლესობა და დემოკრატიული ბირთვი
ანოტაცია
დემოკრატიული უკუსვლის გამოცდილება ცხადყოფს, რომ აუცილებელია, კონსტიტუციური სისტემებისა და შესაბამისი ინსტიტუტების მოწყობის ძირეული გადაფასება. თუმცა, აკადემიურ სივრცეში, გადაჭარბებული ყურადღება ექცევა კონტრმაჟორიტარულ ინსტიტუტებს, განსაკუთრებით კი – სასამართლოებს, როგორც დემოკრატიული რღვევის საწინააღმდეგოდ არსებულ უპირველეს საყრდენს. წინამდებარე სტატიის თანახმად, მდგრადი სისტემების შემუშავებისას, საჭიროა, ჯეროვანი ყურადღება მიექცეს ერთჯერადი უმრავლესობის შესაძლებლობის შეზღუდვას, რათა ამ უკანასკნელმა, ვერ შეცვალოს მინიმალური კონსტიტუციური ბირთვი, რაც იმ ინსტიტუტების, პროცედურებისა და უფლებების ცვლილებას გულისხმობს, რომლებიც აუცილებელია კონკურენტუნარიანი ლიბერალური დემოკრატიის შესანარჩუნებლად.
მოცემული მიდგომის მიზანია, ერთი მხრივ, ერთჯერად უმრავლესობას ხელი შეეშალოს, შეცვალოს „თამაშის ფუნდამენტური წესები“, ხოლო მეორე მხრივ, არ შეიზღუდოს მათი შესაძლებლობა, განახორციელონ პოლიტიკური პროგრამა, რისი შეზღუდვაც, თავის მხრივ, აღვივებს იმ იმედგაცრუებას, რომელიც იწვევს ილიბერალურ, პოპულიზმით ნასაზრდოებ უკუსვლას. ამგვარ სახელმძღვანელო პრინციპს მივყავართ კონსტიტუციური დიზაინის უფრო ნიუანსირებულ მიდგომებთან, რომლის სამი მაგალითიც ქვემოთ განიხილება.
უპირველეს ყოვლისა, დროით პირობადებული წესების გამოყენება, როგორიცაა ეტაპობრივი ცვლილების პროცედურები, რათა ჩამოყალიბდეს, დაცულ იქნას და საჭიროებისას შენელდეს მთავრობის ქმედებათა დინამიკა; მეორე, ოპოზიციის, როგორც უმრავლესობის შემაკავებლის ჩართვა (თუმცა არა ვეტოს უფლებით) კონსენსუსის მისაღწევად, მაგრამ სუპერუმრავლესობის გამოყენების გარეშე; მესამე, კონსტიტუციური დაცვის ისეთ მექანიზმთა უფრო დახვეწილი და ნიუანსური გამოყენება, როგორიცაა კონსტიტუციის შესწორების ბარიერები, რათა დაცულ იქნას დემოკრატიული ბირთვი, ისე რომ არ შეიზღუდოს ეფექტიანი მმართველობა ან აუცილებელი ცვლილებების განხორციელება.