საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის ერთი გადაწყვეტილების გამო

ავტორები

  • ოთარ გამყრელიძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. ავტორი

ანოტაცია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2009 წლის 6 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე მორიგი გადაწყვეტილება (#2/1/415) გამოიტანა. სასამართლო პროცესზე მოპასუხედ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები გამოდიოდნენ. დავის საგანს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის `,,ვ" პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან შესაბამისობა წარმოადგენდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 142-ე მუხლთან დაკავშირებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პირველად არ შესულა. ჯერ კიდევ 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით (2/3/182, 185,191) საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის მეორე ნაწილი ძალადაკარგულად ცნო კონსტიტუციის მე-18 მუხლთან შეუსაბამობის გამო. ამით 142-ე მუხლი მთლიანობაში თითქოს უკვე საბოლოოდ ჩაჯდა საკონსტიტუციო მოთხოვნების ჩარჩოებში. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ამ მუხლის კონსტიტუციურობის საკითხი კვლავ საეჭვო გახდა. საქმე ის გახლავთ, რომ 2006 წლის 29 დეკემბრის კანონით 142-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა ასეთი შინაარსის ,,`ვ" პუნქტი: `პირი შესაძლოა მიიმალოს". სწორედ აი ეს სიტყვები მიიჩნია მოსარჩელემ ანტიკონსტიტუციურად, კონსტიტუციის მე-18 მუხლთან შეუსაბამოდ. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2009 წლის 6 აპრილის ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილებით სარჩელი ამჯერად არ დააკმაყოფილა.

როგორც უკვე ვთქვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის ორივე აქ დასახელებულ გადაწყვეტილებაში დავის საგანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთი და იგივე მუხლია. Aამიტომ, სანამ 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებას არსებითად შევეხებოდეთ, მინდა ორიოდე სიტყვით გავიხსენო საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება. კოლეგიის ამ გადაწყვეტილებით ძალადაკარგულადაა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის შინაარსი ასეთი იყო: დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი შეიძლერბა დააკავონ – `,,თუ არსებობს სხვა მონაცემები, რომლებიც საფუძველს იძლევა, დანაშაულის ჩადენის ეჭვი მიტანილ იქნეს პირზე. ეს პირი შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმ შემთხევაში, როცა იგი გაქცევას ცდილობდა, ან მას არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან არ არის დადგენილი მისი ვინაობა".

ავტორის ბიოგრაფია

  • ოთარ გამყრელიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

    თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ამავე ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის ერთი გადაწყვეტილების გამო. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 2, 122-130. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/25