მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ – პასუხი დ. სულაქველიძის კომენტარზე

ავტორები

  • ქეთევან ერემაძე სამართლის დოქტორი. ავტორი

ანოტაცია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული ძალის შინაარსსა და ფარგლებს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია (89-ე მუხლის მე-2 პუნქტი) და კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ("საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, 43-ე მუხლის მე-8 პუნქტი). თუმცა პრაქტიკულად გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი აღსრულების შედეგები გადაწყვეტილების შინაარსის ადეკვატურია. ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური ქმედითობისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მისი სწორად წაკითხვა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი მის ადეკვატურ აღსრულებაზე. ამ საკითხის გადაწყვეტა, ბუნებრივია, არ არის დამოკიდებული მხოლოდ აღსრულების ადრესატების უნარსა და შესაძლებლობაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თავად გადაწყვეტილება რამდენად იძლევა მისი სწორად აღქმის შესაძლებლობას. ნებისმიერი გადაწყვეტილება ღირებულია ორი თვალსაზრისით – რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს პოზიციის მართებულობას (ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტას), თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს სასამართლოს პოზიციის საფუძვლიანობის ადეკვატურ დასაბუთებას. გადაწყვეტილებაში მოყვანილი პოზიცია და შესაბამისი არგუმენტაცია უნდა იყოს ცხადი, არაორაზროვანი, განჭვრეტადი, მასში უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილები ნორმის არაკონსტიტუციურობის თუ კონსტიტუციურობის მიზეზებისა და საფუძვლების თაობაზე.

რამდენად არის თითოეული გადაწყვეტილება ასეთი და, შესაბამისად, რეალურად ქმედითი, ამის შეფასებას და ცოდნას სასამართლოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, თავად საკოსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს უნარი, სურვილი და შესაძლებლობა, დაინახოს, ცალკეულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებითვე გამოწვეული მისი აღსრულების პრობლემები, რათა სამომავლოდ შეძლოს მათი პროგნოზირება და დაძლევა. თუკი სასამართლოში არ იქნება მზაობა, მოისმინოს საკუთარ გადაწყვეტილებაზე არსებული მოსაზრებები, მათ შირის, პირველ რიგში, კრიტიკული დამოკიდებულება, ის ვერ შეძლებს განვითარებას და ვერც სამართლის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ზოგადად, ნებისმიერ სფეროში განვითარებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ზუსტად განსხვავებული მოსაზრებების არსებობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კრიტიკა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ქმედითობის პერსპექტივების აღქმისთვისაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს დისკუსიას მათ თაობაზე. ბუნებრივია, გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემების გააზრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა პრაქტიკოსი იურისტების, მეცნიერების, ისევე როგორც საზოგადოების წარმომადგენლების მსჯელობა, შეფასებები გადაწყვეტილების თაობაზე.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • ქეთევან ერემაძე, სამართლის დოქტორი.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამართლის დოქტორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ – პასუხი დ. სულაქველიძის კომენტარზე. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 2, 158-172. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/29