საპროცესო შეთანხმება – შედარებითი მიმოხილვა
ანოტაცია
1980-იანი წლებიდან საპროცესო შეთანხმება გამოიყენება დასავლეთ ევროპის ბევრი სახელმწიფოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში. გერმანიაში სისხლის სამართლის საქმეთა დაახლოებით 20-40% განიხილება საპროცესო შეთანხმებით და დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. საპროცესო შეთანხმება ხდება მთელ მსოფლიოში, იგი პროცესუალური რევოლუციაა, რომელიც მიმდინარეობდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა განვითარება პოვა სხვადასხვა სამართლებრივი სისტემის მემკვიდრეობის მქონე ქვეყნებში, გააჩნდათ მათ ინკვიზიტორული, საერთო სამართლის თუ სოციალისტური მართლმსაჯულების მემკვიდრეობა. ასევე, ერთმანეთისგან განსხვავებულ ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც არის ინდოეთი, რუსეთი, იტალია, ლათინური ამერიკის ქვეყნები, ჩვენ ვხედავთ, რომ საპროცესო შეთანხმებას, რომელიც ფუნქციონირებს წარმატებულად, მიუხედავად აღნიშნული სახელმწიფოების სოციალური და ეკონომიკური მემკვიდრეობისა. ეს არის უნივერსალური მიღწევა. ზოგიერთი ეწინააღმდეგება ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმების ამერიკული მოდელი არის კლასიკური, ვინაიდან ევროპაში ჩვენ გაგვაჩნია საპროცესო შეთანხმების საკმაოდ ბევრი მოდელი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ. მთავარი მესიჯი კი მდგომარეობს შემდეგში: უბრალოდ, ჩვენ ვერ უარვყოფთ საპროცესო შეთანხმებას, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეთა ზრდა მოითხოვს გარკვეული ნაბიჯების განხორციელებას და თუ ეს არ მოხდება, მაშინ ადგილი ექნება სერიოზულ უსამართლობას.
ყველა ქვეყანა პატივს უნდა სცემდეს ადამიანის ისეთ ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა: უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლიანი სასამართლოს და შეჯიბრებითობის უფლება. აღნიშნული უფლებები წარმოადგენენ "ხელშეუხებელს" და მათი დარღვევის გარეშეც შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების სისტემის შემოღება. თუ გადავხედავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ძალიან ცოტა საქმე ეხება საპროცესო შეთანხმებას და აშშ-ის უზენაესმა სასამართლომაც აღიარა საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობა, როდესაც განაცხადა შემდეგი: საპროცესო შეთანხმების დებულებები არ არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, სამართლიანი სასამართლოსა და შეჯიბრებითობის უფლებას, ვინაიდან პირს ყოველთვის გააჩნია სასამართლო განხილვის უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია, ხოლო ბრალის აღიარება საქმის სრული სასამართლო განხილვის გარეშე არის ნებაყოფლობითი, რასაც ბრალდებული მიმართავს სათანადო კონსულტაციის მიღების შემდეგ და ამით იგი ნებაყოფლობით აცხადებს უარს ზემოაღნიშნულ ფუნდამენტალურ უფლებებზე.