ლორდების დაძირვა, სასამართლოს გავსება, მეფის გადაყენება სამი საკონსტიტუციო სამართლებრივი კრიზისი
ანოტაცია
ლუკას პრაკე სამი დიდი საკონსტიტუციო სამართლებრივი კონფლიქტი – გაერთიანებული სამეფო: ლორდთა პალატა თემთა პალატის წინააღმდეგ, 1911 წლის პარლამენტის შესახებ კანონი; შეერთებული შტატები: უზენაესი სასამართლო პრეზიდენტისა და კონგრესის წინააღმდეგ, ახალ კურსთან დაკავშირებული უთანხმოება 1935–1937 წლებში; ბელგია: მეფე პარლამენტის წინააღმდეგ, 1990 წლის კანონი აბორტის ლეგალიზაციის შესახებ – ყველა ზემოხსენებულ შემთხვევაში გამარჯვება დემოკრატიას დარჩა.
წინამდებარე სტატიაში განხილულია კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკმაოდ უჩვეულო წინააღმდეგობები, რომლებიც წინა საუკუნეში გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში მოხდა. მაგრამ სანამ უშუალოდ ამ თემაზე გადავიდოდე, მინდა მოკლედ გაგაცნოთ, როგორ დაიწყო დაწერილი კონსტიტუციის ხანა მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს.
მსოფლიოში ყველაზე ძველი კონსტიტუცია, რომელიც შეერთებულ შტატებს ეკუთვნის, დაიწერა 1787 წელს და ძალაში შევიდა 1789 წლიდან, ჯერ კიდევ მანამ, სანამ თითქმის ორასი წლის შემდეგ საფრანგეთის Etats-Généraux პირველად ჩამოყალიბდებოდა. ამერიკისკონსტიტუცია იწყება სიტყვებით "ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების ხალხი".
ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების ხალხი, უფრო სრულყოფილი კავშირის შესაქმნელად, სამართლიანობის დასამკვიდრებლად, შიდასახელმწიფოებრივი სტაბილიზაციის დასამყარებლად, საერთო თავდაცვის უზრუნველსაყოფად, საერთო კეთილდღეობის ხელშესაწყობად და ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის კურთხეული თავისუფლების განსამტკიცებლად, ვაცხადებთ და ვადგენთ წინამდებარე კონსტიტუციას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის.
"ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების ხალხი~ საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამი იყო და "უნებურად~ სამეფო ხელისუფლების უარყოფას ნიშნავდა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მონარქიას ათასგვარად ადიდებდნენ და მონარქს "მოწყალეო უფალოს" გარეშე არავინ მიმართავდა. მონარქების პრეტენზია აბსოლუტურ ძალაუფლებაზე განსაკუთრებით კარგადჩანდა ოფიციალურ დოკუმენტებში. მაგალითად, ესპენეთის მეფეები სახელმწიფო დოკუმენტებს მარტივი მაგრამ შთამბეჭდავი ფორმით აწერდნენ ხელს "Yo el Rey რაც ნიშნავს "მე,მეფე". მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ბევრ ქვეყანაში მონარქსა და მის ქვეშევრდომებს შორის უთანხმოება გამძაფრდა. ამერიკაში, დემოკრატიული რევოლუციის პერიოდი გამოიხატა ბრიტანული კოლონიების დაპირისპირებაში "სამშობლოსთან", რომლის სახესაც მეფე ჯორჯ III წამოადგენდა. თავდაპირველად, წინააღმდეგობა იმ მიზეზით დაიწყო, რომ ხალხს სურდა კოლონიზატორებზე ჯავრი ეყარა, მაგრამ სულ მალე ეს ყველაფერი დამოუკიდებლობად იქცა. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა პამფლეტმა "საღი აზრი", რომელიც 1776 წლის იანვარში გამოქვეყნდა ფილადელფიაში. მისი ავტორი იყო დამოუკიდებლობის ბრძოლის მონაწილე, პუბლიცისტი, ავანტიურისტი და აგიტატორი ტომ პეინი. ამერიკაში ჩასვლამდე პეინი ინგლისში ცხოვრობდა და კორსეტების კერვით იყო დაკავებული. ერთ დღესაც ტომ პეინმა გადაწყვიტა, რომ კორსეტების კერვას რევოლუციაში მონაწილეობა სჯობდა და ამერიკაში გაემგზავრა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. მოგვიანებით კი პეინმა საფრანგეთის რევოლუციაშიც შეიტანა წვლილი. აღნიშნულ პამფლეტში "საღი აზრი~, პეინი ბრიტანულ კოლონიებს მოუწოდებდა დამოუკიდებლობისა და დიდ ბრიტანეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტისაკენ, რაც ექვსი თვის შემდეგ უნდა მომხდარიყო. პამფლეტში ავტორი მკაცრად აკრიტიკებს და კიცხავს საერთოდ მონარქიას, განსაკუთრებით კი ჯორჯ III-ს. ქვემოთ მოცემულ ნაწყვეტში მწერალი გვიხსნის, რომ ქვეყანას, რომელსაც ქარტია აქვს, მეფე ისე არ სჭირდება, როგორც "თავში ნახვრეტი".
ზოგიერთები იკითხავენ – და სად ჰყავს მერე მეფე ამერიკასო? მე გეტყვი ჩემო კარგო. სად ჰყავს და სათავეში. მეფეს უჭირავს ხელში მთელი ძალაუფლება და კაცობრიობას არაფერი ისე არ ანადგურებს, როგორც ბრიტანეთის მონარქი. და რადგანაც მიწიერი ღირსებები არც ჩვენ გვაკლია, მოდით და გამოვეყოთ მას, შევქმნათ ჩვენი საკუთარი ქარტია. ჩვენც დავაფუძნოთ ჩვენი დოკუმენტი ღვთიურ კანონებზე. დაე, ჩვენი ქარტია იყოს ღვთის სიტყვა. ჩვენც დავიდგათ გვირგვინი, რომელიც მთელ სამყაროს ამცნობს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მონარქიას, ოღონდ ამერიკაში თვით კანონია მეფე. აბსოლუტური ხელისუფლებისთვის მეფეა კანონი, თავისუფალ ქვეყანაში კი კანონი უნდა იყოს მეფე. სხვაგვარად არც შეიძლება. მაგრამ იმისთვის, რომ ვინმემ ეს წესი ოდესმე ბოროტად არ გამოიყენოს, მოდით და საბოლოოდ გავანადგუროთ გვირგვინი, მისი ნამსხვრევები კი მიმოვაბნიოთ ხალხში, რომელმაც ეს ნამდვილად დაიმსახურა.
მოსაზრება, რომ კონსტიტუციის პროექტის შექმნით შესაძლებელი იყო კანონის და არა ადამიანების მმართველობის მიღწევა, რა თქმა უნდა, მეტი არაფერი იყო, თუ არა ნეტარი გულუბრყვილობა. თუმცაღა ვერც იმას უარვყოფთ, რომ კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასეულობით წლის მანძილზე გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის სახელმწიფო დო- კუმენტების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელთა იურიდიული ძალა ხშირად საეჭვო იყო. დაწერილმა კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი სიცხადე და სანდოობა შეიტანა საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებში. ამ ყოველივეს ომის წინ ერთ-ერთმა ავტორმა შემდეგი ფორმულირება მისცა:
ქარტიების, კანონების, ბულების, ხელშეკრულებების დებულებების, პოლიტიკური განცხადებების, პრაგმატული სანქციების, მანიფესტების და უბრალო შეთანხმებების ქაოსი საუკუნეების განმავლობაში იყრიდა თავს პოლიტიკურ სივრცეში. ამ ძველისძველი აურზაურის ამორფული არაერთგვაროვნების ფონზე დიდი შვება იყო მდგომარეობის გამარტივება და იმ ჩვიდმეტსაუკუნოვანი დესპოტისგან თავის დახსნა, რომელიც თავის თავზე მიუთითებდადა ამბობდა L’état, c’est Moi.მაგრამ ყველაფერი ეს გავიწყდება, როდესაც შეგიძლია კმაყოფილმა მიუთითო არცთუ ისე დიდტანიან დოკუმენტზე და წარმოთქვა “L’état, c’est ლàდაწერილი კონსტიტუციის პოპულარობას შეიძლება სხვადასხვაგვარი პრობლემაც მოჰყვა თან, მაგრამ ფაქტია, რომ მან მმართველობის ფორმებში ჯერ არნახული სიცხადე და სიზუსტე შეიტანა.
დაწერილი კონსტიტუციის ეპოქა კვლავაც გრძელდება. დღესდღეობით, თითქმის ყველა ქვეყანას გააჩნია კონსტიტუცია. პირველი, რასაც ახალი სახელმწიფო აკეთებს, ეს კონსტიტუციის შექმნაა, მაშინაც კი, თუ მას საერთაშორისო საზოგადოებამ მხოლოდ სერიოზულად შეხედა და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანაში კონსტიტუცია ერთნაირი სერიოზულობით განიხილება, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისდამი თავისუფალი მიდგომა არსებობს ან მას უხეშად არღვევენ, კონსტიტუცია თავის მნიშვნელობას მაინც ინარჩუნებს და ასრულებს ერთგვარი სარკის ფუნქციას, რომელსაც ხალხი ძალაუფლებაში მყოფი პირების წინააღმდეგ იყენებს. კონსტიტუცია აკმაყოფილებს "მმართველთა მართვის წესების~ საჭიროებას და, როდესაც ხელისუფლება სრულად უგულებელყოფს ამ წესებს, ეს თვალში საცემი ხდება, ყურადღებას იპყრობს და ხელისუფალთა ძალაუფლებას ძირს უთხრის. მხოლოდ მაშინ, რდესაც ქვეყანაში სრული ქაოსია იურიდიული თვალსაზრისით – სწორედ ახლა, 1993 წლის ბოლოს, მოსკოვში არსებული საკონსტიტუციო არეულობა მახსენდება – ცხადად ვგრძნობთ და ვხედავთ, თუ რამხელა დახმარება შეგვიძლია მივიღოთ კონსტიტუციისგან ნორმალური გარემოს არსებობის პირობებში.
ახლა კი, ამ ვრცელი შენიშვნების შემდეგ, დროა ძირითად თემას დავუბრუნდეთ და ვისაუბროთ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ კონფლიქტებზე, რომელსაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადგილი ჰქონდა გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში. მოდით, ჯერ გაერთიანებული სამეფო განვიხილოთ.