ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები ევროპულ კონსტიტუციებში

ავტორები

  • ბესიკ ლოლაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი ავტორი

ანოტაცია

საქართველოში, კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში, აქტიურად განიხილება ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი მოწესრიგების საკითხი. ვფიქრობთ, წინამდებარე წერილში გადმოცემული ევროპული სახელმწიფოების კონსტიტუციების შესაბამისი ნორმების ზოგადი ანალიზი წაადგება ამ პროცესს. საინტერესოა როგორც იმ სახელმწიფოთა გამოცდილება, რომლებშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს, ასევე იმ ქვეყნების მიდგომაც, სადაც დიდი ხანი არ არის, რაც საფუძველი ჩაეყარა ადგილობრივ თვითმმართველობას. კონკრეტულ საკითხებზე გადასვლამდე, ზოგადად გვინდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური უზრუნველყოფა არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. ის რეალურად უნდა აიძულებდეს სახელმწიფო ხელისუფლებას, პატივი სცეს და დაიცვას ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება, არ ხელყოს მისი არსი.

ევროპულ სახელმწიფოებს შორის შეიძლება გამოვყოთ ჯგუფი, რომლებშიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხს კონსტიტუციაში ნაკლები ყურადღება ეთმობა ან საერთოდ იგნორირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში სახელმწიფოს საქმიანობის კონსტიტუციური კონტროლისა და შეზღუდვის შესაძლებლობები. შვედეთის აქტში, მმართველობის ფორმის შესახებ, საუბარია არჩეულ კრებებზე, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებზე და ადგილობრივი გადასახადების დაწესების შესაძლებლობაზე. ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, აქტი სხვა ნორმებს არ შეიცავს. ადგილობრივ თვითმმართველობას ასევე მწირ ყურადღებას უთმობს დანიის კონსტიტუციური კანონი, ფინეთის კონსტიტუცია, შვეიცარიის კონფედერაციის კონსტიტუცია, რომელიც მუნიციპალიტეტების ავტონომიის უზრუნველყოფას კანტონალურ სამართალს მიანდობს.  ზოგიერთ შემთხვევაში კონსტიტუციის არც ერთი ნორმა არ შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას – მაგალითისათვის, ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუცია, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის კონსტიტუცია. განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური მოწესრიგების სრული ან ნაწილობრივი ვაკუუმის პირობებში, არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის არსებითი ლიკვიდაციისა თუ გამოფიტვის საფრთხე, რასაც ვერ ვიტყვით იმ ქვეყნებზე, რომლებშიც დემოკრატია ჯერ კიდევ სუსტია და ადგილობრივი თვითმმართველობის ტრადიცია პირველ ნაბიჯებს დგამს. თუმცა, როგორც კონსტიტუციების ანალიზი გვიჩვენებს, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების ვრცელი მოწესრიგებაც არ ნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი სრულყოფილად არის დაცული.

განსხვავებულია მიდგომა ადგილობრივი თვითმმართველობის დეფინიციასთან დაკავშირებით. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ძირითადი უფლება ან მსგავსი რამ. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების სუბიექტია შესაბამისი ტერიტორიული კორპორაცია და არა მის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი ან პირთა ჯგუფი. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ძირითად უფლებად ან ძირითადი უფლების მსგავს უფლებად არ განიხილავს გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო და სამეცნიერო ლიტერატურა.  თვითმმართველობა მოიაზრება სახელმწი-
ფოში და არა როგორც ძირითადი უფლება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიაც ადგილობრივ თვითმმართველობას არ განიხილავს როგორც ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ძირითად უფლებას. ქარტიაში საუბარია ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების და არა ცალკეული პირის ან პირთა ჯგუფის უფლებაზე.

ავტორის ბიოგრაფია

  • ბესიკ ლოლაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები ევროპულ კონსტიტუციებში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 3, 163-180. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/50