აგრესიის პროზაული დანაშაული
ანოტაცია
2009 წლის 13 თებერვალს აგრესიის დანაშაულზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა (SWGCA), რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დამფუძნებელი ხელშეკრულების მიხედვით შეიქმნა, ისტორიული მნიშვნელობის მქონე მიღწევის შესახებ გვამცნო2. ექსპერტთა ჯგუფმა ხუთწლიანი თათბირის შემდეგ განაცხადა, რომ მან, საბოლოოდ, აგრესიის დანაშაულის სამუშაო განსაზღვრებაზე მიაღწია შეთანხმებას. ხელშეკრულება, რომლითაც სასამართლო დაფუძნდა, რასაც რომის სტატუტი ეწოდება, აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივ დევნას ითვალისწინებს, თუმცა მისი შემქმნელები მის განსაზღვრებაზე ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნა შეჩერებული იყო მანამდე, სანამ სტატუტში განსაზღვრებასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა მოხდებოდა. წევრი სახელმწიფოების ასამბლეა სამუშაო ჯგუფის მიერ შეთავაზებულ განმარტებას 2010 წლის 10 მაისს კამპალაში (უგანდა) განსახილველი კონფერენციის სხდომაზე განიხილავს.
წინამდებარე სტატიაში მე ვავითარებ იმ აზრს, რომ შემოთავაზებული განმარტება დანაშაულის ურითმო პროზაულ ნაწარმოებს დაემსგავსება, რაც ვერ თავსდება ადამიანის ძირითადი უფლებების საერთაშორისო ნორმებთან, კანონიერების საერთაშორისო პრინციპთან და მასთან დაკავშირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის შიდასახელმწიფოებრივ გარანტიებთან, ბუნდოვანი და უკუქმედებით შეფარდებული კანონის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნის აშშ-ის კონსტიტუციურ აკრძალვებთან. აგრესიის კრიმინალიზაციის მომხრეთა სასარგებლო არგუმენტ რეინოლდ ნიბურის ერთი შესანიშნავი ფრაზით რომ ვთქვათ: `ის ლოგიკაა, რომელიც წარმატების შესაძლებლობას მისი საჭიროებიდან გამომდინარე ქმნის~6. მის მხარდამჭერებს, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ აგრესიის დანაშაულის განსაზღვრა აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთან, მათ მიაჩნიათ, რომ აგრესიის დანაშაულს თავისდაუნებურად შესწევს ძალა განმარტების დასადგენად, მაგრამ საჭიროება - იქნება ეს მორალური თუ სხვა რამ, მის იურიდიულ წარმატებულობას არ გულისხმობს. მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში იყო არაერთი წარუმატებელი მცდელობა, მომხდარიყო აგრესიის განმარტება, რადგანაც სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური თუ კულტურული განსხვავებები ხელს უშლიდა კონსენსუსამდე მისვლას. ძლიერ და სუსტ სახელმწიფოებს შორის დიდი ხანია არსებობს მკვეთრი დაპირისპირება ძალის გამოყენების მართებულობასთან დაკავშირებით, უნდა ხდებოდეს თუ არა მათი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა ამგვარი დანაშაულის ჩადენისთვის. ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საჭირო განსაკუთრებული სიზუსტე - სახელმწიფოს ქცევის უბრალო მართვისგან განსხვავებით – მიუღწეველი აღმოჩნდა.
წინამდებარე ორაზროვანი განმარტება ამ წინააღმდეგობების მიჩქმალვას ცდილობს. იმის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული, რომლის განსაზღვრებასაც კანონი არ იძლევა. ეს კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განუჭვრეტელს გახდის, რაც ძირგამომთხრელი იქნება კანონის ერთიანობისთვის. შემოთავაზებული განმარტება არ შეიძლება შეესაბამებოდეს რომის სტატუტის მოთხოვნას, რომ სასამართლომ კანონი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ადამიანის უფლებების შესაბამისად გამოიყენოს. განმარტების ორაზროვნება კიდევ უფრო აფართოებს მის ფარგლებს იქამდე, რომ, თუკი ნორმა ძალაში იქნებოდა ბოლო ათწლეულების მანძილზე, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედიდან მოყოლებული, ასობით ამერიკელი კანონმდებელი და სამხედრო ხელმძღვანელი თუ სხვადასხვა ქვეყნის ურიცხვი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი სისხლისსამრთლებრივი დევნის ობიექტები უნდა გამხდარიყო.
ჩემი მოსაზრების მიხედვით, წინააღმდეგობები პოლიტიკური რულეტის ბორბლის თაობაზე კიდევ უფრო გაიზრდება სისხლისსამართლებრივი დევნის გადაწყვეტილების პროცესში გაეროს უშიშროების საბჭოს ჩართვით, როგორც ამას ზოგიერთი დაჟინებით მოითხოვს. მეორე მხრივ, საბჭოს არჩართვა ქარტიასთან გადაუჭრელ კონფლიქტს შექმნის. ის, რომ აშშ რომის სტატუტს არაა მიერთებული, ამ ყველაფერს აკადემიურობას როდი სძენს. ის გარემოება, რომ აშშ კვლავაც უარს აცხადებს მასთან მიერთებაზე, იმას კი არ ნიშნავს, რომ ამერიკელი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელები აგრესიის დანაშაულისგან თავისუფლდებიან და არ გასამართლდებიან. ხანგრძლივი პოლიტიკური რეალიების და ძალის გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სახელმწიფოებს შორის კვლავაც არსებული ღრმა წინააღმდეგობების გათვალისწინებით, აგრესიის კრიმინალიზაციის მცდელობის შემოთავაზებული ვარიანტი არ გამოდგება.
წინამდებარე სტატიის II ნაწილში საუბარია აგრესიის კონცეფციის განსაზღვრების მრავალგზის გამეორებული მცდელობის წარუმატებლობაზე და განმარტების ახლებურ ვარიანტს გვთავაზობს. III ნაწილში აღწერილია აშშ-ში და საერთაშორისო სამართალში ბუნდოვანი და უკუქმედების ძალის მქონე დანაშაულების შექმნის შესახებ არსებული აკრძალვები. IV ნაწილში მოცემულია შემოთავაზებული განმარტების შეფასება სხვადასხვა ისტორიული შემთხვევების გამოყენებით, მათ შორის ძალის გამოყენების. შემდეგ კი წარმოდგენილია ამ ფორმულირების III ნაწილში მოცემული უკუქმედების ძალის მქონე აკრძალვებთან შედარება. V ნაწილში შეფასებულია ის წინადადებები, რომლებიც დანაშაულის დევნაში გაეროს უშიშროების საბჭოს პოტენციურ როლს ეხება, რასაც იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ უშიშროების საბჭოს სისხლისსამართლებრივ, დევნის პროცედურებში ჩართვა ქარტიაში შესწორებების შეტანის გარეშე უკუქმედების ძალის მქონე შეზღუდვებს დაარღვევს, მისი ჩაურთველობა კი საკუთრივ ქარტიის დარღვევა იქნება. VI ნაწილში გაანალიზებულია ის გარემოება, თუ რატომ გართულდა აგრესიის კონცეფიის განმარტება და მის ასახსნელად ლინგვისტური და სამართლებრივი დაბრკოლებების ნაცვლად კულტურულ და პოლიტიკურ ბარიერებს გვთავაზობს. დაბოლოს, VII ნაწილში ის აზრია გატარებული, რომ აშშ-ის ინტერესებისთვის ხელსაყრელი იქნება, თუკი იგი შეეწინააღმდეგება შეთავაზებული განმარტების მიღებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრი სახელმწიფოების შესაბამის საკომისიო სხდომაზე, რამდენადაც მისი მიღებით, შესაძლოა მოხდეს აშშ-ის ხელმძღვანელებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, ამასთან აშშ-ის არმიერთების შემთხვევაშიც კი.