კონონოვი ლატვიის წინააღმდეგ (განაცხადი N 36376/04) დიდი პალატის გადაწყვეტილება.

ავტორები

ანოტაცია

დადგინდა, რომ ვასილი კონონოვის მსჯავრდება მე-2 მსოფლიო ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულების გამო,
არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლს (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე)

ვასილი კონონოვი დაიბადა ლატვიაში 1923 წელს. ის იყო ლატვიის მოქალაქე 2000 წლის 12 აპრილამდე, როდესაც მან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. 1942 წელს ის გაწვეული იქნა საბჭოთა კავშირის არმიაში ჯარისკაცად. 1943 წელს ის გადაისროლეს ბელორუსიის ტერიტორიაზე (რომელიც იმ დროს გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული) ლატვიის საზღვართან ახლოს და ის შეუერთდა საბჭოთა კომანდოს დანაყოფს, რომლის წევრებიც "წითელ პარტიზანებს" წარმოადგენდნენ.

კომპეტენტური ლატვიური სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების თანახმად, 1944 წლის 27 მაისს, განმცხადებლის მეთაურობით, გერმანულ ფორმებში გამოწყობილმა წითელმა პარტიზანებმა მოაწყვეს ექსპედიცია სოფელ მაზი ბატიში. არსებობდა ეჭვი, რომ აღნიშნული სოფლის ზოგიერთი მცხოვრები გერმანელებთან თანამშრომლობდა და წითელი პარტიზანების სხვა ჯგუფი გასცეს. განმცხადებლის დანაყოფმა გაჩხრიკა ექვსი ფერმის შენობა სოფელში. გერმანული თოფებისა და ყუმბარების აღმოჩენის შემდეგ ექვს სახლში პარტიზანებმა სცადეს დაეხვრიტათ ოჯახის უფროსი მამაკაცი. მათ აგრეთვე დაჭრეს ორი ქალი. შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს ორ სახლს და ოთხი ადამიანი (მათ შორის სამი ქალი) შიგნ დაიწვა. სულ მოკლული იქნა ცხრა მცხოვრები: ხუთი მამაკაცი სროლის შედეგად დაიღუპა – ერთი მამაკაცი და სამი ქალი კი ალმოდებულ შენობაში დაიწვა. დაღუპულ ქალთაგან, ერთი ფეხმძიმობის ბოლო სტადიაში იმყოფებოდა. მოკლული სოფლის მცხოვრებნი არ იყვნენ შეიარაღებულები, მათ არ უცდიათ გაქცევა ან რაიმე სახის დახმარების მოპოვება.

განმცხადებლის მტკიცებით, თავდასხმის მსხვერპლი სოფლის მცხოვრებლები თანამშრომლობდნენ გერმალებთან და გერმანელებს გადასცეს თორმეტი პარტიზანისგან შემდგარი ჯგუფი სამი თვით ადრე. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მის დანაყოფს დაევალა პასუხისმგებელი პირების შეპყრობა მათ წარსადგენად სასამართლოს წინაშე. ის აგრეთვე ამტკიცებდა, რომ ის პირადად არ ხელმძღვანელობდა ოპერაციას და არც ყოფილა სოფელში.

1998 წლის ივლისში ტოტალიტარიანიზმის შედეგების დოკუმენტაციის ცენტრმა (თოტალიტāრისმა სეკუ დოკუმენტēšანას ცენტრს) ლატვიის მთავარ საჯარო ბრალმდებელს გადასცა გამოძიებისთვის 1944 წლის 27 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამის შემდეგ, ბატონი კონონოვი ბრალდებული იქნა ომის დანაშაულების ჩადენისთვის.

2004 წლის 30 აპრილს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ საბოლოოდ დაადასტურა განმცხადებლის ბრალეულობა ომის დანაშაულების ჩადენაში ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1961 წლის სისხლის სამართლის კოდექსის (`ლატვიის 1961 წლის სისხლის სამართლის კოდექსი")68-3 მუხლის თანახმად. სასამართლო ძირითადად დაეყრდნო ჟენევის კონვენციას "ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ" (`1949 წლის ჟენევის კონვენცია (IV)") და მსჯავრდება მოხდა სოფლის მცხოვრებლების დაჭრის, სასტიკად მოპყრობის და მკვლელობის გამო. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმას, რომ ფეხმძიმე ქალის დაწვა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ეწინააღმდეგებოდა სპეციალურ დაცვას, რომლითაც ქალები სარგებლობენ ომის დროს. მეტიც, დადგინდა, რომ განმცხადებელმა და მისმა დანაყოფმა დაარღვია 1907 წლის ჰააგის რეგულაციების 25-ე მუხლი, რომელიც კრძალავდა დაუცველ დასახლებებზე თავდასხმას, როგორიც იყო სოფლის მცხოვრებეთა ფერმები. ამავე რეგულაციის 23-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, განმცხადებელს ცალკე დაედო მსჯავრი ხრიკის საფუძველზე განხორციელებული დაჭრისა და მკვლელობისთვის, რადგანაც ის და მისი დანაყოფი ატარებდნენ გერმანულ ფორმებს მაზი ბატის ოპერაციის დროს. იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი იყო ასაკოვანი, ჯანმრთელობაშერყეული და არ შეეძლო ვისმესთვის ვნების მიყენება, ლატვიის სასამართლოებმა მას შეუფარდეს თავისუფლების ერთი წლით და რვა თვით აღკვეთა სასჯელის აღსრულების გადავადების გარეშე.

განმცხადებელმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირეით, მაგრამ წარუმატებლად.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

კონონოვი ლატვიის წინააღმდეგ (განაცხადი N 36376/04) დიდი პალატის გადაწყვეტილება. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 3, 235-242. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/52