საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სფეროში
ანოტაცია
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ უფლებამოსილების ფარგლებში თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია – ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა ხორციელდება. ეს ფუნქცია უშუალოდ მომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური მოვალეობისაგან, რომლის თანახმად, `სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით" (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
საქართველოს კონსტიტუციის ამ დებულებაში გადმოცემულია ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან სახელმწიფოს მიმართების, აგრეთვე სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრინციპები, სახელდობრ:
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები მიჩნეულია წარუვალ, განუსხვისებელ ადამიანურ ღირებულებებად, რომლებიც ადამიანებს ეკუთვნით დაბადებით, ბუნებით და, ამდენად, სახელმწიფოს არ შეუძლია წაართვას ადამიანს ეს უფლებები, უარი თქვას მათ პატივისცემასა და დაცვაზე;
ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით აღჭურვილია ყველა ადამიანი, მიუხედავად მათი ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეობის კუთვნილებისა თუ საერთოდ მოქალაქეობის არქონისა. ამდენად, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს საყოველთაო, უნივერსალური ბუნება აქვთ;