განსხვავებული და თანმხვედრი მოსაზრებების მნიშვნელობა რუმინეთის კონსტიტუციური მართლმსაჯულებისთვის
ანოტაცია
რუმინეთში საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელება უზრუნველყოფილია რუმინეთის კონსტიტუციით (142-147 მუხლები), რომელშიც ცვლილებები და დამატებები შევიდა 2003 წელს და N 47/1992 კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობისა და საქმიანობის შესახებ. რუმინეთის კონსტიტუციის 145-ე მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ხელშეუხებელია სამოსამართლო ვადის პერიოდში. N47/1992 კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია ხელისუფლების სხვა დანარჩენი ორგანოებისგან და ექვემდებარება მხოლოდ კონსტიტუციას და ამ კანონს. ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პასუხისგებაში მიცემა მის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩატარებული კენჭისყრისას დაკავებული პოზიციის გამო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვალდებულია, საიდუმლოდ შეინახოს თათბირის შინაარსი და კენჭისყრის შედეგები (N47/1992 კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის `ბ" ქვეპუნქტი). მოსამართლეს, რომელიც მხარს არ უჭერს გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი. გადაწყვეტილების მოტივაციასთან დაკავშირებით, მას აგრეთვე უფლება აქვს წერილობითი ფორმით გადმოსცეს თანმხვედრი მოსაზრება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, რუმინეთის `ოფიციალური ბიულეტენის" პირველ ნაწილში ქვეყნდება განსხვავებული და თანმხვედრი მოსაზრებებიც (N47/1992 კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი). უნდა აღინიშნოს, რომ სამართლებრივი მოთხოვნა კენჭისყრისას გამოხატული პოზიციის გაუმჟღავნებლობის შესახებ ეხება განსხვავებულ აზრებს, რომლებიც იბეჭდება `ოფიციალურ ბიულეტენში" გადაწყვეტილებასთან ერთად.
განსხვავებული და თანმხვედრი მოსაზრებების მნიშვნელობა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვთ ნებისმიერ შემთხვევაში, ერთხმად არიან ისინი მიღებული თუ ხმათა უმრავლესობით. მართალია, გამოქვეყნების შემდეგ მოსამართლეთა მოტივაციებს იურიდიული ძალა არ გააჩნიათ, მაგრამ განსხვავებულ თუ თანმხვედრ მოსაზრებებს სწავლობენ სამეცნიერო წრეებში, განიხილავენ სამოქალაქო საზოგადოებაშიც და შესაძლებელია მათ საფუძველზე კონსტიტუციური სამართლებრივი ნორმების გადასინჯვის საკითხიც დადგეს.