მაღლა ასწიეთ ჯვარი?

განსხვავება სახელმწიფო საკუთრებაზე განთავსებული რელიგიური სიმბოლოების შესახებ ახალ ევროპულ და ამერიკულ სასამართლო გადაწყვეტილებებს შორის

ავტორები

  • ჯონ ვითი, ჯრ. ჯონას რობიჩერის სამართლის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტი. ავტორი
  • ნინა-ლუიზა აროლდი სამართლის ასოცირებული პროფესორი, ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი. ავტორი

ანოტაცია

შედარებითი ანთროპოლოგი ვერ ინატრებდა უკეთეს სცენარს: ორი გახმაურებული სასამართლო საქმე, ერთი ადამიანთა უფლებების ევროპის სასამართლოში და მეორე შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში, თითოეული მათგანი შეიცავს სახელმწიფო საკუთრებაზე ჯვრების ტრადიციულ განთავსებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ევროპის სასამართლომ ჯვრის განთავსება კონვენციასთან შეუსაბამოდ ცნო. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ კი ძალაში დატოვა პრაქტიკა. ორივე სასამართლო საქმე პროცედურულად გართულებული და ფაქტობრივად განსხვავებულია. მაგრამ ამ გადაწყვეტილებების შედარება არის ილუსტრირება იმისა, თუ როგორ იზრდება განსხვავება ევროპისა და ამერიკის დამოკიდებულებას შორის სახელმწიფო საკუთრებაზე ტრადიციული რელიგიური სიმბოლოებისა და, უფრო ზოგადად, რელიგიური თავისუფლებისადმი. ჩანს, რომ ევროპა როგორც ქრისტიანობის ბურჯი ორი ათასწლეულის განმავლობაში, სეკულარიზაციისა და ლაიციტე-ს (ფრანგული სეკულარიზაცია) გაძლიერებისაკენ მიდის, ამერიკა კი, რომელიც ჩემპიონია სახელმწიფოსაგან ეკლესიის მკაცრად გამოყოფის საკითხში, როგორც ჩანს, უფრო დიდსულოვნად უდგება მისი რელიგიური ტრადიციებისა და სიმბოლოების განთავსებას.

სასამართლო საქმეში ლუცი იტალიის წინააღმდეგ, ორი შვილის დედა, რომლის შვილებიც სწავლობდნენ იტალიის საჯარო სკოლაში, ეწინააღმდეგება იტალიურ ტრადიციას, რომელიც დაიწყო 1924 წელს და რომლის თანახმადაც, თითოეულ სკოლის საკლასო ოთახში უნდა ყოფილიყო ჯვარცმა. ლუცი დავობდა, რომ ამ აშკარა ქრისტიანული სიმბოლოების მუდმივად გამოფენა კლასში ეწინააღმდეგებოდა მის ათეისტურ რწმენას, რომლითაც მას უნდოდა, აღეზარდა და განათლება მიეცა თავისი შვილებისათვის. ამგვარად, იგი მოითხოვდა, რომ ჩამოეხსნათ ჯვარცმა. მან მოიგო ეს საქმე იტალიის პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე. მაგრამ წააგო იტალიის სხვა შიდა სასამართლოში, რომელმაც განაცხადა, რომ ჯვარი იტალიის ისტორიის, კულტურისა და ინდივიდუალურობის განუყოფელი ნაწილი იყო და რომ თვითონ ჯვარი წარმოადგენდა ყველა მშვიდობიანი რწმენისადმი შეგუების, პლურალიზმისა და თავისუფლებისადმი ერის განსხვავებული თავდადების სიმბოლოს. შემდეგ ლუციმ გაასაჩივრა ეს საქმე ადამიანთა უფლებების ევროპის სასამართლოში, სადაც დავობდა, რომ იტალია თავისი ქმედებებით არღვევს მისი და მისი შვილების განათლებისა და რელიგიური თავისუფლების უფლებას, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლითა და მე-9 მუხლის მიხედვით.

2009 წლის 3 ნოემბერს ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს ერთსულოვანმა, შვიდი მოსამართლისაგან შემდგარმა პალატამ საქმე ლუცის სასარგებლოდ გადაწყვიტა.სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო სკოლების საკლასო ოთახებში ჯვარცმის საჯაროდ გამოფენა არღვევს ორივეს, როგორც მშობლების უფლებას, მისცენ განათლება თავიანთ შვილებს მათივე საკუთარი მრწამსის შესაბამისად, ასევე ირღვევა შვილების აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება. ეს უკანასკნელი მოიცავს უფლებას, არ დაექვემდება როს ძალდატანებას რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და წესების დაცვისთვის.სასამართლომ ლუცისათვის დაადგინა 5000 ევრო ზიანის ანაზღაურების სახით. იტალიამ გაასაჩივრა და გამოთქვა შეშფოთება, რომ ეს იყო მისი ეროვნული კულტურისა და ტრადიციებისა შეურაცხყოფა.

2010 წლის 30 ივნისს ადამიანთა უფლებების ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ დამატებითი არგუმენტები მოისმინა ამ საქმესთან დაკავშირებით. სულ ცოტა, ოცმა ევროპულმა სახელმწიფომ საჯაროდ გამოხატა იტალიისადმი თავისი მხარდაჭერა და გაიზიარა მისი კრიტიკა ევროპის სასამართლოს პირველი პალატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ლუცის საქმე განსახილველად მიიღო დიდმა პალატამ და დაექვემდებარა ინტენსიური ლობირების ზეწოლას ორივე მხრიდან.

2011 წლის 18 მარტს, ზუსტად მაშინ, როცა ეს სტატია საბოლოოდ უნდა დაბეჭდილიყო, ადამიანთა უფლებების ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა ქვედა პალატის გადაწყვეტილება და 15-ით 2-ის წინააღმდეგ იტალიის სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე და, სულ ცოტა, შეაჩერა მაინც ის თანმიმდევრული მარში, რომელიც მიმართული იყო სეკულარიზაციისა და ლაიციტე-ს14 გაზრდისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატია წარმოადგენს პირველადი სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზს უფრო ადრეული ევროპის სასამართლოს საქმეების ფონზე, ჩვენ დიდი პალატის სასამართლო გადაწყვეტილების მნიშვნელობას ავსახავთ დასკვნაში და გაჩვენებთ მზარდ შესაბამისობას აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელ პრეცედენტულ სამართალთან.

საქმეში სალაზარი ბუონოს15 წინააღმდეგ, ეროვნული პარკის გადამდგარი მუშა კალიფორნიის შტატის16 ეროვნულ პარკში ჯვრის განთავსების წინააღმდეგ დავობდა. საგარეო ომების ვეტერანებმა (“VFW“), რომლებიც წარმოადგენდნენ კერძო ჯგუფს, შეწირეს და აღმართეს ჯვარი 1934 წელს, როგორც ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების მემორიალი. ჯვარი განცალკევებით იდგა და ჩანდა ჰორიზონტზე. ჯვრის ძირში პატარა ნიშანი მიუთითებდა რომ იგი საგარეო ომების ვეტერანების შემოწირულობა იყო. ბუონომ აღძრა სარჩელი, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ სახელმწიფო მიწაზე ჯვრის არსებობა წარმოადგენდა რელიგიის დაწესებას აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების დებულე

ბის დარღვევით. ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯვრის გამოფენა იყო არაკონსტიტუციური. კონგრესმა ამის პასუხად ფედერალური მიწის პატარა ნაკვეთი ჯვართან და მის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად გადასცა ვეტერანებს ახლომდებარე კერძო მიწის ზოლის ნაცვლად, რომელიც დაემატა ეროვნულ პარკს. რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა ეს კონსტიტუციური პრობლემის მოგვარება „ფარსად" და გაიმეორა თავისი სასამართლო აკრძალვა, რომ ჯვარი უნდა მოხსნილიყო. საბოლოოდ ეროვნული პარკის სამსახურმა მიმართა უზენაეს სასამართლოს. 

უზენაესმა სასამართლომ ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ ჯვარი უნდა დარჩენილიყო. უმრავლესობის სახელით მოსამართლე კენედის მიერ დაწერილ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ რაიონულ ფედერალურ სასამართლოს კონგრესისთვის მიწის გაყიდვის აკრძალვისთვის ცალკე კონსტიტუციური კვლევა უნდა ჩაეტარებინა, რათა დაედგინა, ხომ არ დაარღვია კონგრესმა პირველი შესწორებით გათვალისწინებული რელიგიის დაწესების დებულება, ამისთვის უბრალოდ ვარაუდის გაკეთება, რომ მიწის გაყიდვა იყო „ფარსი", სასამართლოს პირველი გადაწყვეტილებისთვის26 თავის ასარიდებლად არ იყო საკმარისი. კონგრესი შეეცადა გადაეჭრა დილემა, რომელიც შექმნა რაიონულმა სასამართლომ: ის ვერ დატოვებდა ჯვარს სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, მისი მოხსნა კი იქნებოდა იმ დაღუპული ჯარისკაცებისადმი უპატივცემულობის გამოხატვა, რომელთა პატივსაცემადაც დაიდგა ეს ჯვარი. მიიჩნია რა რომ არც ერთი ალტერნატივა არ იყო დამაკმაყოფილებელი," კონგრესმა ამის სანაცვლოდ მიჰყიდა მიწა და ჯვარი კერძო მხარეს. რაიონულ სასამართლოს ახლა მოუწევდა არსებითად განეხილა კონგრესის მოქმედების კონსტიტუციურობა. მოსამართლე კენედის აზრით, რაიონულმა სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის რეალობა, რომ თუმცაღა ჯვარი „მართლაც ქრისტიანობის სიმბოლოა", იგი აღმართეს პარკში არა როგორც „ქრისტიანული მრწამსის ხელშეწყობისთვის", ან როგორც „სახელმწიფოს სანქციის დაწესება გარკვეულ კრედოზე. მათ ვინც აღმართეს ეს ჯვარი განზრახული ჰქონდათ უბრალოდ გამოეხატათ პატივისცემა ჩვენი ქვეყნის დაღუპული ჯარისკაცებისადმი". რაიონულ სასა- მართლოს მოუწევდა შემდგომში ეღიარებინა, რომ „დრომაც ითამაშა თავისი როლი" და რომ „ჯვარი და მიზეზი, რომლის პატივსაცემადაც ის აღიმართა, ერთმანეთშია გადაწნული ხალხის ცნობიერებაში და წარმოადგენს „ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის"30 ნაწილს.

ამ საქმეებს შორის კონტრასტი ირონიულია და განსაცვიფრებელი. ირონიულია ის, რომ იტალიას, ქვეყანას რომელიც გაჯერებულია ქრისტიანული სიმბოლოებით, უბრძანეს, რომ უარი ეთქვა ჯვრებზე, მაშინ როცა კალიფორნიას, რომელიც ცნობილია ჰოლივუდური სეკულარიზმითა და ავანგარდული კულტურით, შეუძლია შეინარჩუნოს ჯვარი. ირონიულია ის, რომ მრავალი საუკუნის კულტურული ადაპტაციისა და განვითარების შემდეგ იტალიაში ჯვარს ჯერ კიდევ განიხილავენ როგორც შეურაცხმყოფელ რელიგიურ სიმბოლოს, მაშინ როცა ამერიკაში რამდენიმე დეკადის შემდეგ მემორიალურ ჯვარს განიხილავენ, როგორც ღრმად ჩაქსოვილს ამერიკელი „ხალხის ცნობიერებაში" და „ეროვნულ მემკვიდრეობაში", რომლის მოშორება შეუძლებლადაა მიჩნეული. და ირონიულია ის, რომ ევროპის სასამართლომ, რომელიც მოქმედებს რელიგიის დაწესების პირდაპირი აკრძალვების გარეშე, უარყო ჯვარი, მაშინ როცა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც შეიარაღებულია მკაფიო კონსტიტუციური მითითებით, რომ „კონგრესმა არ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც დააწესებს რელიგიას" დაუშვა, რომ ჯვარი მდგარიყო იმ მიწაზე, რომელსაც აკონტროლებდა კონგრესი.

რაც ირონიას და განცვიფრებას არ იწვევს ის არის, რომ ლუცის სასამართლო ასე მტკიცედ დადგა საჯარო სკოლის მიდამოებში ჯვრის საჯაროდ განთავსების წინააღმდეგ. ახალგაზრდა სტუდენტები, რომლებზეც შეიძლება შთაბეჭდილების მოხდენა და რომლებსაც ხშირად აიძულებენ სკოლაში დასწრებას, ზოგადად მტკივნეულად აღიქვამენ რელიგიურ წნეხსა და ძალდატანებას და დასავლეთის სასამართლოები უკვე დიდი ხანია გულმოდგინეთ იცავენ მათ რელიგიის თავისუფლების სახელით. სინამდვილეში, სალაზარის საქმემდე ექვსი დეკადის განმავლობაში, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ჩათვალა საჯარო სკოლებში რელიგიური სიმბოლოების გამოყენება, ისევე როგორც ლოცვები, ბიბლიის კითხვა და რელიგიური სწავლება33. მთელმა რიგმა ევროპულმა ერებმა, გარდა იტალიისა, იგივე გააკეთა. ეს გვაფიქრებინებს, რომ ლუცის მაგალითით, რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით, ამერიკული და ევროპული სამართალი უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს, ვიდრე შორდება და ეს დამატებით საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ლუცის საქმე, მიუხედავად მისი სეკულარიზაციისა და ლაიციტე-ის მკაცრი გამოხატულებისა, შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ საჯარო სკოლებით თავის განაცხადში და არ გახდება წინგადადგმული ნაბიჯი მოლიპულ ფერდობზე, რომელიც მიდის ევროპის უფრო დიდი სეკულარიზაციისკენ, რისი შიშიც ზოგიერთ კრიტიკოსს აქვს. დაბოლოს, მიუხედავად მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საკონსტიტუციო ლოგიკისა ეკლესიისა და სახელმწიფოს მკაცრად გამიჯვნის.

შესახებ, რომელიც აისახა რელიგიისა და საჯარო სკოლების ბევრ სასამართლო საქმეში, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ იშვიათად გამოიყენა ეს საქმეები როგორც პრეცედენტი, რათა უკანონოდ მიეჩნია ღია რელიგიური გამოხატვა, რელიგიის თავისუფლების რეალიზება და ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში. განსაკუთრებით ბოლო წლებში უზენაესმა სასამართლომ მოზღვავებული ნეოფედერალური ენერგიით გამოიჩინა მორიდება სახელმწიფოს და ადგილობრივი ოფიციალური პირების ქმედებებისადმი რელიგიასთან დაკავშირებით, როცა ამ ქმედებებს ასაჩივრებდნენ პირველი შესწორების დებულებასთან მიმართებით. ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ შესაძლოა ანალოგიურად შეზღუდოს ლუცის საქმის ეფექტი მხოლოდ საჯარო სკოლებით თავისი პარალელური დოქტრინის გამოყენებით, როგორიცაა ფედერალიზმი და შეფასების თავისუფლება იმ ეროვნული ტრადიციებისა და ჩვეულებითი პრაქტიკის მიმართ, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების გარანტიების დარღვევად აფასებენ.

„სამთავრობო საკუთრებაზე რელიგიური სიმბოლოების" შესახებ მინი-სიმპოზიუმის მთავარი მიზანია ამ საკითხების უფრო სიღრმისეული გამოკვლევა. სტატიის მომდევნო ნაწილებში ავტორები ლუცისა და სალაზარის საქმეებს მიუჩენენ სათანადო ადგილს ადამიანთა უფლებების ევროპის სასამართლოსა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს არსებულ პრეცედენტულ სამართალში. როგორც აღმოჩნდა, ლუცის საქმე წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ სიტყვას, რომელიც თქმულა ამ საკითხზე. ევროპის სასამართლოს ბევრი საქმე რელიგიის თავისუფლებისა და განათლების უფლების შესახებ დაკავშირებული იყო საჯარო სკოლებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ინდივიდუალურ გამოხატვასთან რელიგიური სამოსისა
და მორთულობის სახით39. სალაზარის საქმე კი პირიქით ბოლოა უზენაესი სასამართლოს ერთმანეთში გადაწნული საქმეების40 სამდეკადიან სერიაში. როგორც ჩანს, ეს არის სასამართლოს მიერ უკან დახევის სიგნალი თავისი პირველადი მიდგომისკენ, რომლითაც ძველი რელიგიური სიმბოლოების განთავსება საზოგადოებრივ ადგილებში დასაშვები იყო, თუმცა ეს არ ეხებოდა საჯარო სკოლებს.

ორი ექსპერტი გვაწოდებს ლუცისა და სალაზარის საქმეების სიღრმისეულ ანალიზს და არკვევენ, რისი ბედი წყდება თითოეული სასამართლოს პრაქტიკაში. ადამ ლინკნერი, კონსტიტუციური სამართლის ბრწყინვალე ექსპერტი, რომელიც ახლა გამოჩენილი ფედე-
რალური მოსამართლის თანაშემწეა, დასაწყისიდანვე ჩართული იყო სალაზარის საქმეში. ის ხაზს უსვამს იმას თუ რამდენად განსხვავებულად იმსჯელა ქვემდგომმა ფედერალურმა სასამართლომ სწორედ იმ საკითხზე რაზეც სალაზარის საქმეში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ხმები გაიყო – სამთავრობო საკუთრების გაყიდვა, რომელიც შეიცავს თვალ

შისაცემ რელიგიურ სიმბოლოებს, არის თუ არა ნებადართული პირველი შესწორების დებულების მიხედვით. სალაზარის საქმის რეალური პრობლემა, როგორც იგი განსჯის, არის ის, რომ უზენაესმა სასამართლომ არასაკმარისი ხელმძღვანელობა გაუწია რაიონულ სასამართლოს, რომელსაც საქმე უკან დაუბრუნდა განსახილველად, რათა განესაზღვრათ კონგრესის მიწის გაყიდვის კონსტიტუციურობა. ლინკნერმა ამ გზით ჭკვიანურად გამოიყენა ერთმანეთზე გადაბმული ექვსდეკადიანი უზენაესი სასამართლოს მიდგომები რელიგიის დაწესების დებულებისადმი და მიიღო უფრო მეტად გამოყენებადი და პროგნოზირებადი ტესტი „პერსპექტივა შიგნიდან/პერსპექტივა გარედან". ის ამაყად ახდენს დემონსტრირებას, რომ თავად სალაზარის საქმის მრავალრიცხოვან მოსაზრებებშიც ჩანს ამ ტესტის გამოყენება. პირველ რიგში, ეს ტესტი მოითხოვს, რომ სასამართლომ განიხილოს, იყო თუ არა მთავრობის „მთავარი მიზანი" ან განზრახვა რელიგიისთვის სარგებლის, ხელშეწყობის ან პრივილეგირებული მდგომარეობის მინიჭება. ეს არის შიდა პერსპექტივის კვლევა", რაც დაკავშირებული იყო ხელისუფლების ყველა იმ მტკიცებულების შემოწმებასთან, რაც ხელისუფლებამ გაითვალისწინა თავის რელიგიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასა და ქმედებაში. მეორე ტესტი მოითხოვს სასამართლოსგან იმის შეფასებას, გარედან, გონიერი დამკვირვებელი თუ მიიჩნევდა, რომ ხელისუფლების მოქმედების პირველადი ეფექტი რელიგიის წახალისება იყო. გარე პერსპექტივიდან კვლევის ჩატარებისას, ვუყურებთ ხელისუფლების ქმედების შედეგს კონტექსტში და განვსაზღვრავთ, ის არსებითად ხომ არ ახდენს არარელიგიურ გამოვლინებებთან შედარებით რელიგიის მხარდაჭერას, ხელშეწყობას და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას48. როგორც ლინკნერი ამტკიცებს, ესენი წარმოადგენენ განცალკევებულ კითხვებს. მთავრობის ქმედება რელიგიასთან დაკავშირებით უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად ცნობილი, თუ მისი მთავარი მიზანი ან ძირითადი ეფექტი რელიგიისთვის სარგებლის მომტანია. ლინკნერის აზრით, ისე აშკარად ჩანდა კონგრესის მიწის გაყიდვის სარგებლიანობა რელიგისათვის, რომ ის ვერ უძლებს შიდა და გარე პერსპექტივიდან გამოკვლევას. დაბოლოს, ლინკნერი ფიქრობს, სალაზარი არ არის მართალი და რომ ჯვარი უნდა მოიხსნას. მისთვის მისაღებია ბოლო პერიოდში გადაწყვეტილი სასამართლო საქმე – თრანქი ქალაქ სან დიეგოს წინააღმდეგ, სადაც მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სალაზარის პრეცედენტი არ უნდა გამოეყენებინა განსხვავებული გარემოებების გამო და ბრძანა დიდი ჯვრის მოხსნა, რომელიც კერძო შემოწირულობა იყო შეერთებული შტატებისადმი თითქმის საუკუნის წინ, ახლა კი წარმოადგენდა ფედერალური მთავრობის საკუთრებას – გარე პერსპექტივიდან, მეცხრე საოლქო სასამართლომ მიიჩნია რომ, ჯვრის ძირითადი ეფექტი რელიგიის წახალისება იყო.

ანდრეა პინი, გამორჩეული კონსტიტუციური სამართლის პროფესორი პადუას უნივერსიტეტში, თვალს ადევნებდა, თუ როგორ წარმოიშვა ლუცის საქმე იტალიის იმ რაიონში, სადაც პინი სწავლობდა ბავშვობაში და სადაც იგი ასწავლის როგორც სამართლის პროფესორი. პინი გვთავაზობს იტალიის კონსტიტუციური ისტორიისა და კულტურული ბრძოლის ვრცელ და ღრმა ანალიზს რელიგიის თავისუფლების, კათოლიკური ეკლესიისა და იტალიის სახელმწიფოს შორის ცვალებადი ურთიერთობისა და ლაიციტა-ს იტალიური სტილის უნიკალური გაგების შესახებ(რაც განსხვავდება ფრანგული სტილის ლაიციტე-საგან). პინი შემდეგ ერთმანეთს უპირისპირებს რელიგიური სიმბოლიზმის იტალიურ კონსტიტუციურ სამართალსა და ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოს განვითარებად იურისპრუდენციას რელიგიური თავისუფლების შესახებ53. პინი ლუცის საქმეს მიიჩნევს, როგორც გადამწყვეტი მნიშვნელობის სასამართლო საქმეს, რომელიც გამოხატავს მზარდ დაძაბულობას იტალიასა და ევროპას შორის, რელიგიურ ტრადიციებსა და არარელიგიურ თანამედროვეობას შორის, ასევე გამოხატავს დაძაბულობას რელიგიისა და სახელმწიფოს ფართო კონსტიტუციურ თანხმობასა და სეკულარისტების განვითარებად უფლებას შორის, ვეტო დაადონ ამ ფრთხილად ჩამოყალიბებულ ეროვნულ შეთანხმებებს ევროპის რელიგიის თავისუფლების სახელით. დაბოლოს, პინი ფიქრობს რომ ლუცის საქმესთან დაკავშირებით პალატის თავდაპირველი გადაწყვეტილება მცდარია და ჯვრები უნდა დარჩეს. იგი ამგვარად მიესალმება დიდი პალატის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ეს ორი მუხლი ერთად გვაძლევს იმ სირთულეების ილუსტრირებას, რომლებიც თან სდევს სამთავრობო მიწაზე რელიგიური სიმბოლოების არსებობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს და აჩვენებს, როგორ შეიძლება სერიოზულ ექსპერტებსა და მოსამართლეებს საწინააღმდეგო შეხედულებები გააჩნდეთ ამ საკითხებზე და დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავდეთ თითოეული მათგანისათვის, ადვილია იყო ცინიკური ამ სასამართლო საქმეების მიმართ – შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არის აურზაური არაფრის გამო ან საზოგადოებრივ პრობლემებზე სასამართლოში დავის წარმოების მსურველების და კულტურული თავისებურებების მოწინააღმდეგეებისთვის ძვირადღირებული მუდმივი განხილვის საგანი. მაგრამ, ეს შეხედულება სათანადოდ ვერ აფასებს უჩვეულო ფუფუნებას დასავლეთში, რომ აქ შესაძლებელია რელიგიურ სიმბოლოებზე კულტურული დავა სასამართლოებსა და აკადემიებში და არა ქუჩებსა და საბრძოლო მოედნებზე. გასულ საუკუნეებში დასავლეთში და მსოფლიოს ბევრ რეგიონში დღესაც რელიგიურ სიმბოლოებთან დაკავშირებული დავა ხშირად მიდის ძალმომრეობამდე და ზოგჯერ საომარ მოქმედებამდე56, რადგან რელიგიური და კულტურული სიმბოლოები ხშირად მოიცავს და აღვიძებს ღრმა პიროვნულ და საზოგადოებრივ ემოციებს. დაფიქრდით, რა შეიძლება მოხდეს, თუ ვინმე თავს დაესხმის ან დაამახინჯებს ხატს, დროშას, საყვარელი ადამიანის საფლავს ან დაღუპული გმირის მემორიალს. ამ ჯვრების საქმეებში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამის ბედი წყდება, ვიდრე ერთად შეკრული რამდენიმე ხის ნაჭერია. ეს საქმეები წარმოადგენს მნიშვნელოვან ფორუმს, სადაც ჩვენი კულტურული განსხვავებულობის მიუხედავად, ერთად უნდა ვიმუშავოთ და მშვიდობიანად გადავჭრათ საკითხები, თუ რომელი ტრადიცია და ჩვეულებითი საქმიანობა უნდა გაგრძელდეს და რომელი უნდა შეიცვალოს.

ავტორის ბიოგრაფიები

  • ჯონ ვითი, ჯრ., ჯონას რობიჩერის სამართლის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტი.

    ჯონას რობიჩერის სამართლის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტი.
    ალონზო ლ. მაქდონალდის გამოჩენილი პროფესორი, რელიგიისა და
    სამართლის სწავლების ცენტრის დირექტორი, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

  • ნინა-ლუიზა აროლდი, სამართლის ასოცირებული პროფესორი, ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი.

    სამართლის ასოცირებული პროფესორი, ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი.
    ასოცირებული პროფესორი, რაულ ვალენბერგის ადამიანთა უფლებებისა და
    ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

მაღლა ასწიეთ ჯვარი? განსხვავება სახელმწიფო საკუთრებაზე განთავსებული რელიგიური სიმბოლოების შესახებ ახალ ევროპულ და ამერიკულ სასამართლო გადაწყვეტილებებს შორის. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 5, 35-87. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/67