ძირითადი უფლების არსის შენარჩუნების პრინციპი
ანოტაცია
სამართლის სუბიექტი იმდენი უფლების მატარებელი შეიძლება იყოს, რამდენის შესაძლებლობასაც იძლევა მისი არსი. სხვაგვარად, უფლების არსი დამოკიდებულია სუბიექტის არსზე. შესაბამისად, არსებობს უფლებები და მისი მატარებელი სუბიექტები, რომელთა მოქმედების სამართლებრივი სივრცე არ არის შემოსაზღვრული ნაციონალური მართლწესრიგებით. ადამიანის ძირითადი უფლებები, ე.წ. `მსოფლიო მოქალაქის" უფლებებია. მათი არსებობა არ შეიძლება ჩაითვალოს მართლწესრიგის ქმნილებად. ძირითადი უფლებები ადამიანის არსებობასთანაა დაკავშირებული. მართლწესრიგს რომ ვუმადლოდეთ მის შექმნას, მაშინ მათ ვერ ექნებოდათ საყოველთაობის პრეტენზია. რომელიმე კონკრეტულ მართლწესრიგს მიბმული უფლება ვერ იქნება სრულყოფილი და ამომწურავი, რადგანაც ვერც ერთი მართლწესრიგი ვერ გამოვა ამ პრეტენზიით. ძირითადი უფლებები თან დაჰყვება ადამიანს, რომელი ქვეყნის მართლწესრიგშიც არ უნდა შედგას მან ფეხი. ყველაზე ტოტალიტარული და ჩამორჩენილი ქვეყნის პირობებშიც კი, ადამიანი მატარებელია ამ უფლებებისა. მართლწესრიგის მიერ მისი იგნორირება არ ნიშნავს ამ უფლებების უარყოფას. იგივე ადამიანი თუ აღმოჩნდება დემოკრატიულ სახელმწიფოში ხანმოკლე დროით, თავისუფლად ისარგებლებს ამ უფლებებით, არა იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მართლწესრიგმა მიანიჭა ეს უფლებები, არამედ იმიტომ, რომ მას ეს გააჩნდა დაბადებიდან. ამდენად, ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ ძირითადი უფლებების არსებობის სახე (ფორმა) და მათი რეალიზაციის (გარანტიის) მდგომარეობა. ძირითადი უფლებები, ადამიანის, როგორც სამართლის სუბიექტის, თვისებაა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს აზრი ასე გადმოსცა: `სახელმწიფოს არ შეუძლია მიანიჭოს ან წაართვას ადამიანს ძირითადი უფლებები, რადგანაც ის არ არის უფლებამოსილი, შეცვალოს ადამიანის არსი". ე.ი. უფლების არსი ადამიანის არსით განისაზღვრება. სხვა სიტყვებით, ადამიანის არსში ვლინდება უფლება, ადამიანი უფლებაა. სასამართლოს განმარტებით, `კონსტიტუციის მე-7 მუხლი2 ადგენს სახელმწიფოს ორ ვალდებულებას: 1) ცნოს და 2) დაიცვას ადამიანის უფლებები. თავად უფლებების არსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ მათი ცნობა, პირველ რიგში, გულისხმობს, მათი, როგორც ყოველი ადამიანის თანმდევი სიკეთის აღიარების ვალდებულებას. დაცვა კი გულისხმობს ამ უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველმყოფელი ყველა საჭირო ბერკეტის გარანტირებას, მათ შორის, ამ უფლებების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობის აღიარებით".
სასამართლოს ეს პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ უფლების წყარო ადამიანის გარეთაა. ნებისმიერი მართლწესრიგი ვალდებულია, ადამიანი, როგორც სამართლის სრულფასოვანი სუბიექტი, ძირითად უფლებებთან ერთად აღიაროს, მისი პიროვნულობისაგან მოუწყვეტელ სიკეთეებთან ერთად. თუ ეს ასე არაა, მაშინ ეჭვის ქვეშ დადგება ადამიანის ადამიანურობა, მისი სამართალსუბიექტობა. ადამიანი კი სამართლის სუბიექტად იბადება. ადამიანი ღირსე- ბის მატარებელია და, შესაბამისად, ღირსებასთანაა ძირითადი უფლებები დაკავშირებული. აქ ისეთი ჯაჭვი გვაქვს ადამიანური თვისებებისა, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია მისი უარყოფა. ძირითადი უფლება თავისთავადაა აღიარებული როგორც ადამიანის უფლება ადამიანშივე არსებული. რაც არსებულია, ის მართლწესრიგმა მხოლოდ უნდა დაიცვას. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ სახელმწიფოს მხრიდან მის ცნობაზე, აქ მხედველობაშია აღნიშნული სინამდვილით სახელმწიფოს ბოჭვა. პოზიტიურ სამართალში ასახვის მიზანია ღირებულებათა წესრიგის ჩამოყალიბება მათი ეფექტიანი დაცვისათვის. ამაზე მიგვანიშნებს სასამართლოს მსჯელობა, რომელიც ეხება კონსტიტუციის მე-7 მუხლზე გაკეთებულ კომენტარს: `... უფლების ცნობის და უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება თავად უფლების, როგორც ადამიანის უზენაესი სიკეთის არსებობას ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთი ვალდებულების კონსტიტუციაში აღიარებას ის დატვირთვა აქვს, რომ სახელმწიფომ შექმნას ყველა პირობა ამ უფლებების არსებობისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებს დაერღვევათ ფუნდამენტური უფლებები, რომელთა დაცვისა და უზრუნველყოფის აუცილებლობაზე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოები თანაზიარნი არიან, რაც საეჭვოს გახდის ქვეყნის სწრაფვას სამართლებრივი სახელმწიფოსაკენ"
ამდენად, არავის არ შეუძლია ადამიანის უფლებები კითხვს ნიშნის ქვეშ დააყენოს. ადამიანი იმიტომაა ადამიანი, რომ იგი მოაზროვნე, პიროვნულობის მქონე, სოციალური არსებაა. ადამიანისათვის ამ თვისებების ჩამოშორება შეუძლებელია. კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ `... სახელმწიფო, ხელისუფლების განხორციელებისას, შეზღუდულია ადამიანის უფლებებით – ადამიანის უფლებების სუბიექტი კი ადამიანია, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილისა თუ ფიზიკური ადგილსამყოფელის მიუხედავად"