პრინციპი "de minimis non curat praetor"ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვის სისტემაში
ანოტაცია
სტრასბურგის სასამართლოს როლი განმარტებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში ტექსტში `კონვენცია") მე-19 მუხლში. სასამართლო ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშემკვრელი მხარეების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი ოქმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 34-ე მუხლის თანახმად, ამისათვის სასამართლოს შეუძლია მიიღოს ინდივიდუალური განაცხადები და დაადგინოს,დაირღვა თუ არა კონვენციით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები. სასამართლო შეძლებისდაგვარად იზღუდავს თავს იმ საკითხთა განხილვით, რომლებიც კონკრეტულ საქმეშია წამოჭრილი და არ მიიჩნევს თავს ვალდებულად, განიხილოს შესაბამისი კანონმდებლობა აბსტრაქტულად. სახელმწიფოს მიერ წარდენილი განაცხადები იშვიათობას წარმოადგენენ და შეიძლება მათი იგნორირება ამ კონტექსტში – მათ არასდროს განიხილავენ როგორც უმნიშვნელო საქმეთა კატეგორიას. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს იმ განაცხადზე, რომელიც სავალდებულოა საერთაშორისო საჯარო სამართლით იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც მხარეს წარმოადგენდა ამ კონკრეტულ საქმეში (კონვენციის 46-ე მუხლის პირველიპუნქტი) და რომლის აღსრულებას მეთვალყურეობას უწევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი (კონვენციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
თავისი გადაწყვეტილებით სასამართლო იცავს პირს, რომლის კონვენციით გათვალისწინებული უფლებები დაირღვა. პირის უფლება, წარადგინოს ინდივიდუალური განაცხადი და სასამართლოსგან მიიღოს გადაწყვეტილება ამ განაცხადთან დაკავშირებით, კონვენციის სისტემის ბირთვს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კონვენციის სუბსიდიარობის პრინციპი ნიშნავს, კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვა, პირველ რიგში, ხელშემკვრელი მხარეების – ხელისუფლების, განსაკუთრებით კი ეროვნული სასამართლოების მოვალეობაა (კონვენციის პირველი მუხლი). მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისინი ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას. უამრავ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური უფლებების დაცვას. ეს ეხება მძიმე დარღვევებს, მაგალითად, სიცოცხლის უფლებას და წამებას, რომელიც აკრძალულია, ასევე ნაკლებად მძიმე დარღვევებსაც, განსაკუთრებით კი ეროვნული სასა- მართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას ან სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შეუძლებლობას გონივრულ ვადებში, რაც კონვენციის 6 (1) მუხლის დარღვევას იწვევს.