ქართული კონსტიტუციონალიზმის ნოვაციები: პრეზიდენტისა და მთავრობის კონსტიტუციური კონსტრუქცია და მიმართების თავისებურებები 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ჭრილში

ავტორები

  • გიორგი კვერენჩხილაძე სამართლის დოქტორი, ავტორი

ანოტაცია

2010 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციური კანონი ,,`საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", რითაც დასრულდა 2009 წელს დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმა. ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელმაც საკმაოდ მოცულობითი და მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, ფაქტობრვად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია მმართველობის საპარლამენტო მოდელზეა ორიენტირებული ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შერეული მმართველობის იმგვარ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი ელემენტებით უხვადაა გაჯერებული.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის ის ნორმები, რომლებიც სახელისუფლებო განშტოებებს შორის ურთიერთობის ახლებურ, დღევანდელისაგან განსხვავებულ წესებს ადგენენ, ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. შესაბამისად, საკმაო დროა ხსენებული ცვლილებების ირგვლივ აკადემიური, პოლიტიკური თუ სხვა სფეროების წარმომადგენლების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ შენიშვნების ანალიზისა და სამომავლოდ გათვალისწინებისათვის.

წინამდებარე ნაშრომში ჩვენ არ შევეხებით საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი სტატუსისა და უფლებამოსილებების დღეს მოქმედი ნორმების ანალიზს, ჩვენი ინტერესის სფერო ის საკონსტიტუციო ნოვაციებია, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტებთან მიმართებით შემოვიდა ქართულ რეალობაში. ამასთან, ხსენებულ ინსტიტუტებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა განხორციელდება მათი ურთიერთმიმართების და არა საკანონმდებლო ორგანოსთან თუ კანონშემოქმედებით სფეროსთან თითოეული მათგანის ურთიერთობის ანალიზის კუთხით, ვინაიდან სწორედ პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობის თავისებურებები განსაზღვრავს რეალურად სახელმწიფოს მმართველობის ფორმას.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგების წარმოჩენა
მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

ა) საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩამოყალიბებული მმართველობის მოდელის თვალთახედვით და საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის 2010 წლის 15-16 ოქტომბრის დასკვნის შესაბამისი პუნქტების ანალიზის პარალელურად;ბ) საკონსტიტუციო რეფორმის მიზნების გათვალისწინებით, რომლის ამოსავალ დებულებას წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან პრეზიდენტის დისტანცირება, რის შედეგადაც მთავრობა გახდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო და განისაზღვრებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოდ ჩამოყალიბების ქმედითი კონსტიტუციური გარანტიები.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • გიორგი კვერენჩხილაძე, სამართლის დოქტორი,


    სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    საკონსტიტუციო სამართლის სრული პროფესორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

ქართული კონსტიტუციონალიზმის ნოვაციები: პრეზიდენტისა და მთავრობის კონსტიტუციური კონსტრუქცია და მიმართების თავისებურებები 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ჭრილში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 5, 185-200. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/74