სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართების სამართლებრივი კონტექსტი – ქართული მოდელი
მოკლე შედარებით-სამართლებრივი მიმოხილვა ევროპული კავშირის მაგალითზე
ანოტაცია
ზოგადად, კონსტიტუცია, როგორც ასეთი, აღიქმება როგორც სოციუმის თვითრეალიზაციის სამართლებრივი ფორმა, მისი წარსულის კანონზომიერი შედეგი და ერთგვარი კულტურული ფენომენი. ამ სენტენციის გათვალისწინებით, ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის მარეგულირებელი ცალკეული საკანონმდებლო დანაწესი არის შესაბამისი ნაციონალური სამართლებრივი (და არა მხოლოდ) კულტურის ნაწილი და განპირობებულია მისით. რელიგიის თავისუფლების სფეროში მოქმედი ქართული კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია.
საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის პირველი კონსტიტუციის მე-16 თავის (142-ე, 143-ე და 144-ე მუხლები) თანახმად, „სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებული და დამოუკიდებელი არიან. არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა. ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია".
საქართველოს მოქმედი 1995 წლის 24 აგვისტოს მეორე კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით, „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში".
საქართველოს პირველი და მეორე (მოქმედი) კონსტიტუციის ანალოგიური დებულებები აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას აღწერს: პოსტსაბჭოური სამართლებრივ-პოლიტიკური რეალობა საქართველოში, რელიგიის თავისუფლების სფეროში, მე-20 საუკუნის დასაწყისისგან განსხვავებით, ერთი შეხედვით შედარებით დესეკულარიზირებული ჩანს. როგორია სამართლებრივი რეალობა სინამდვილეში? ამ საკითხის და მოცულობის სტანდარტული პარამეტრების გათვალისწინებით, სტატიის მიზანია რელიგიის თავისუფლების ინსტიტუციონალიზაციის (ფორუმ ეხტერნუმ) განმსაზღვრელი ქართული ნორმატივებისა და ევროპული სტანდარტების ანალიზი, მოქმედ კანონმდებლობაში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოჩენა, ხარვეზების აღმოსაფხვრელად წინადადებების შეთავაზება და ამ თემატიკის გარშემო დისკუსიის გაღრმავება. შედარებით-სამართლებრივი და სისტემურ-ლოგიკური მეთოდების საფუძველზე, სტატია ფრაგმენტულად მიმოიხილავს ევროპული კავშირის ფარგლებში მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, რელიგიური გაერთიანებების და სახელმწიფოს ურთიერთობის სამართლებრივ მოდელებს, სეკულარიზმის და პოსტსეკულარიზმის, პოლიტიკური ეთიკის და ე.წ. ოფიციალური თეოლოგიის ურთიერთმიმართების პრობლემატიკას და აანალიზებს სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობის მომწესრიგებელი ქართული ნორმატივების საკანონმდებლო სქემას.