გადაწყვეტილების მიმღები: პირადი ცხოვრებისა და სიტყვის თავისუფლების მომავალი „გუგლისა" და „ფეისბუქის" ეპოქაში
ანოტაცია
ერთი ჰიპოთეზის ჩამოყალიბებით მსურდა დამეწყო ჩემი სტატია. შეიძლება ის სულ ცოტა ხანში ჰიპოთეტურად აღარც მოგვეჩვენოს. 2007 წელს „გუგლის" კონფერენციას ვესწრებოდი. ენდრიუ მაკლაფლინმა, „გუგლის" პოლიტიკის მიმართულების მაშინდელმა უფროსმა მითხრა, რომ ალბათ ახლო მომავალში „გუგლს" მსოფლიოში ყველა საზოგადოებრივ თუ კერძო საკუთრების ადგილას დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერებიდან მიღებული მონაცემების ინტერნეტზე განთავსებას მოსთხოვენ ცოცხალ რეჟიმშიო. უნდა გითხრათ, რომ, თუ ეს მონაცემები ერთმანეთს გადაება და დაარქივდა, მაშინ ადამიანის გამოსახულებაზე ერთი დაწკაპუნებით, შესაძლებელი გახდება მისთვის თვალყურის დევნება, 24 საათიან რეჟიმში, თვეების განმავლობაში და წლობითაც.
მსგავსი საყოველთაო სათვალთვალო სისტემის ამოქმედება დაუჯერებელი ამბავი სულაც არ არის. ადვილი წარმოსადგენია, რომ საზოგადოებას ან ხელისუფლებას ეს მოთხოვნა გაუჩნდეს რამდენიმე წელიწადში, თუ გავითვალისწინებთ სოციალურ ქსელებში ადამიანთა აქტიურ ჩართულობას და სხვისი ცხოვრებისადმი არაჯანსაღ ინტერესს, რასაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინტერესებიც დაემატება. ისინი ხომ გვარწმუნებენ, რომ ფარული კამერით განხორციელებული ვიდეოთვალთვალი აუცილებელია ტერორიზმისგან ჩვენს დასაცავად.
დავუშვათ, „გუგლმა" წინააღმდეგობა ვერ გაუწია საზოგადოების მოთხოვნას და დაიწყო ღია ვიდეოდაკვირვების განხორციელება, რა მოხდება ამ შემთხვევაში? დაირღვევა თუ არა კონსტიტუცია? თქვენ ალბათ მეტყვით, რომ „გუგლის" ვიდეოდაკვირვება კონსტიტუციურ საკითხს სულ არ ეხება. უზენაესი სასამართლოს აზრით, მეოთხე შესწორება, რომელიც უკანონო ჩხრეკისა და ამოღებისგან გვიცავს, და პირველი შესწორება, რომელიც იცავს ჩვენი სიტყვის თავისუფლებასაც, სახელმწიფოსთვის აწესებს ნორმებს და არა კერძო კომპანიებისთვის, მაგალითად, „გუგლისთვის".
მაგრამ იქნებ სახელმწიფოს მხრიდან მოქმედების დოქტრინის პრობლემა არცთუ ისე მარტივია? მთავრობამ რომ ”Open Planet“ გამოიყენოს მოქალაქეებზე თვალყურის სადევნებლად სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით და პლატფორმაში საზოგადოებრივი და კერძო საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერის სისტემები გააერთიანოს, ამ შემთხვევაში, დოქტრინის მიხედვით, შესაძლებელი იქნებოდა, სახელმწიფო ქმედებისთვის რაიმე ფორმით ანკესიც გამოგვედო და მეოთხე ან პირველი შესწორების საკითხი წამოგვეჭრა.