კონსტიტუციური ცვლილებები შესწორებების გარეშე: ამერიკული კონსტიტუციონალიზმის გამოწვევა

ავტორები

  • ვახტანგ ნაცვლიშვილი ამერიკული და საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, კენტის სამართლის სკოლა. ავტორი

ანოტაცია

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია მისი სიძველის გამო უდიდეს პატივს იმსახურებს და ამერიკის სიმბოლოდ მიიჩნევა. კონსტიტუცია – დამფუძნებელი მამების მიერ განხორციელებული სასწაული– ქვეყნის თვითმყოფადობას განასახიერებს და თავის თავში მოიცავს ერის პატრიოტულ განწყობილებას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დოკუმენტი, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს მთავრობას ჩარჩოები დაუდგინა, უცვლელობით ამტკიცებს საკუთარ წარმატებას და ქვეყნის საერო ბიბლიად გვევლინება.

მიუხედავად ამისა, კონსტიტუციური სამართლის თეორია ეჭვქვეშ აყენებს კონსტიტუციის მარადიულობის საყოველთაო წარმატებას. კონსტიტუციის წარმატების განმსაზღვრელი სხვადასხვა ფაქტორი არსებობს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შატატების კონსტიტუციის შეფასებები ძირითადად კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გზებზე ფოკუსირდება. თუ ცვლილება კონსტიტუციით დადგენილი რთული პროცედურის გავლით ხდება, მისი წარმატება უდავოა, რადგანაც თავდაპირველი ტექსტი დღემდე მნიშვნელოვანწილად უცვლელია. მაგრამ, თუ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები სხვა არხების საშუალებით ხორციელდება, ვიდრე ეს კონსტიტუციითაა დადგენილი, მისი წარმატება უკვე საკამათო ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით გამართული აკადემიური დისკუსიები შეგვიძლია ერთ მარტივ შეკითხვამდე დავიყვანოთ: რამდენჯერ შეიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია? ამ კითხვაზე კონცენციური? პასუხი საკმაოდ არასერიოზულად გამოიყურება.

თვალსაჩინოებისთვის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც კონგრესმა პირველი ფართო ძალაუფლების მქონე ფედერალური ადმინისტრაციული ორგანო შექმნა, ადმინისტრაციული უწყებების ძალაუფლების ზრდამ ქვეყნის ადმინისტრაციულ სახელმწიფოდ გარდაქმნა გამოიწვია. ეს ორგანოები აწესებენ მატერიალურ სამართალს – რეგულაციებს, რომ- ლებიც ფედერალური კანონების ათჯერ მეტ ადგილს იკავებენ. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, როდესაც კონსტიტუციაში არსად არ არის ნახსენები ადმინისტრაციული ორგანოები და, უფრო მეტიც, როდესაც ის მთელ საკანონმდებლო ძალაუფლებას კონგრესს ანიჭებს? უამრავი მსგავსი მაგალითების მოყვანა შეიძლება იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, თუ როგორ დაშორდა კონსტიტუციური წესრიგი კონსტიტუციის ტექსტს.

წინამდებარე ესეს მიზანია, უფრო ღრმად ჩავწვდეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ამ პრობლემურ სფეროს, რომელიც მოქმედებს როგორც სავალდებულო ძალის მქონე კანონი ხელისუფლების შესაზღუდად, მაგრამ მეორე მხრივ, მისი ზოგადი დებულებები სამოსამართლო ინტერპრეტაციებისა და პოლიტიკური განმარტებისათვის ფართო შესაძლებლობებ ტოვებს. ესე ყურადღებას ამახვილებს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის არაფორმალურ საშუალებებზე. ესეს პირველ ნაწილში გადმოცემულია კონსტიტუციონალიზმის კონცეფცია და დისკუსია იმაზე, თუ როგორ ესადაგება იგი კონსტიტუციური დებულებების ზოგად ლექსიკას. პირველ ნაწილში გაკეთებული წინასწარი დასკვნები ვითარდება მეორე ნაწილში, რომელიც კონცენტრირებულია იმაზე, თუ როგორ განმარტავენ და როგორ შეიმუშავებენ კონსტიტუციური დებულებების მნიშვნელობას კონსტიტუციის სახელით ყველაზე ხშირად მოსაუბრე სასამართლო და პოლიტიკური ხელისუფლების შტოები. მესამე ნაწილში საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმალური და არაფორმალური კონცეფციის მითითების შემდეგ ვაჩვენებთ, რამდენად უცვლელად უნდა მივიჩნიოთ ამერიკის კონსტიტუცია, როდესაც ჩვენი წარმოდგენა მასზე მუდმივად იცვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად სერიოზულად შეიძლება მივუდგეთ კონსტიტუციას, თუკი ის ვერ ახერხებს მთავრობის ქმედებათა საკმარის შეზღუდვას?

ავტორის ბიოგრაფია

  • ვახტანგ ნაცვლიშვილი, ამერიკული და საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, კენტის სამართლის სკოლა.

    საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი,
    ამერიკული და საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, კენტის სამართლის სკოლა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

კონსტიტუციური ცვლილებები შესწორებების გარეშე: ამერიკული კონსტიტუციონალიზმის გამოწვევა. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 8, 34-52. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/84