პოლიტიკის დასასრული
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება – STATUS QUO-სა და რეფორმის პერსპექტივების გარშემო არსებული ხედვების შესახებ
ანოტაცია
კონსტიტუციონალიზმი უფრო მეტია, ვიდრე სამართალი. მის მნიშვნელობაში მოიაზრება რაღაც ისეთი, რაც სამართლის მიღმაა. „კონსტიტუციონალიზმი“ და „კონსტიტუციური სამართალი“ როგორც სინონიმური მიმართება, გარკვეულ უხერხულობას ყოველთვის იწვევდა და ამაში წვლილი სიტყვა „სამართალს“ ნამდვილად მიუძღვის.
საქმე ის არის, რომ კონსტიტუციონალიზმში ერთმანეთს უპირისპირდება სამართალი და პოლიტიკა. ეს კარგად ჩანს ზოგიერთი ისეთი ინსტიტუტის ანალიზისას, როგორიც არის იმპიჩმენტი, საგანგებო მდგმარეობა და თანამდებობაზე განწესება. განსაკუთრებით ამ უკანასკნელ შემთხვევაშია ნათელი სამართლის მცდელობა, შეზღუდოს პოლიტიკის თავისუფალი მიხედულების არე სამართლის კრიტერიუმებით. ამის ილუსტრირება იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პერიპეტიები, რომელიც საქართველოში 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა. წინამდებარე ტექსტი სწორედ ამ პროცესების განხილვის მცდელობაა.