ხელისუფლების დანაწილების, შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა და კონსტიტუციონალიზმის ამერიკული ხედვა
მოკლე ისტორიული მიმოხილვა
ანოტაცია
„ისე აღფრთოვანებულები იყვნენ ამერიკელები მე-18 საუკუნეში დაწერილი კონსტიტუციის, როგორც ქვეყანაში ყველა კანონზე მაღლა მდგარი უზენაესი სამართლებრივი აქტის იდეით, რომ შეუძლებელიც კი იყო მისი სხვაგვარი როლის წარმოდგენა“. ამერიკული კონსტიტუცია ნამდვილად გახდა საზოგადოებაში გაზიარებული საერთო ფასეულობებსა და მათი ხედვების განსახიერება. ეს დოკუმენტი უდავოდ წარმოადგენს სამოქალაქო სულისკვეთების, ერთობის, ძლევამოსილებისა და ავტორიტეტის დემონსტრირებას. ამერიკის კონსტიტუცია, როგორც თომას პაინი წერდა თავის ნაშრომში „ადამიანის უფლებები“, ჭეშმარიტად გადაიქცა ამერიკელი ხალხის „პოლიტიკურ ბიბლიად“
ისტორიულად, ამერიკული კოლონიები უმეტესწილად ე.წ. „პრაქტიკული კონსტიტუციის“მიხედვით მოწყობილ სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ არ არსებობდა ერთიან დოკუმეტში გადმოცემული ქვეყნის ძირითადი კანონი. სამაგიეროდ, არსებობდა დაუწერელი ტრადიციები, რომელთა ფუნდამენტური პრინციპები დაფესვიანებული იყო ბუნებითი სამართალისა და ადამინის ბუნებითი უფლებების იმდროინდელ აბსტრაქტულ გააზრებაში. სახელმწიფო მოწყობის ფუნდამენტური პრინციპების ამგვარი ინპტერპრეტირება პრაქტიკულად უცვლელად იმეორებდა ინგლისის მაშინდელი პოლიტიკური მოწყობის კონტურებს. კოლონიების „დედა ქვეყანასთან“ მშვიდობიანი თანაარსებობაც სწორედ ამგვარი პოლიტ მოწყობის ხარჯზე იყო შენარჩუნებული. თუმცა, როგორც კი წარმოიშვა უთანხმოება ამერიკულ კოლონიებსა და ინგლისს შორის, ამ ფუნდამენტური პრინციპების განმარტების ამერიკული გზა გახდა წყალგამყოფი, რომელმაც კონსტიტუციას ახალ სამყაროში ახალი შინაარსი შესძინა.