საკონსტიტუციო სასამართლო სამართალსა და პოლიტიკას შორის
ანოტაცია
საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალურობა და მიუმხრობლობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპია. დაუშვებელია, რომ სასამართლო მოქმედებდეს მთავრობის მითითებით, საპარლამენტო უმრავლესობის ან ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური სიმპათიით ან ანტიპათიით. ამ შემთხვევაში საერთოდ შეუძლებელია ვისაუბროთ „მართლმსაჯულებაზე“, რადგანაც საქმე გვაქვს არა დამოუკიდებელ სასამართლო პროცესთან, არამედ წმინდა „პოლიტიკასთან“
„პოლიტიკური მართლმსაჯულება“ მხოლოდ ცუდ ასოციაციებს იწვევს. ამიტომ ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლო დაამტკიცოს, რომ მის გადაწყვეტილებებს არაფერი საერთო პოლიტიკასთან არ აქვს. პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლებიც მუდმივად ცდილობენ იმის დემონსტრირებას, რომ არავინ ცდილობს სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენას. საზოგადოებასაც მოსწონს პოლიტიკისაგან დისტანცირებული სასამართლოს იმიჯი. ამავე დროს,პოლიტიკასა და სამართალს შორის მოქმედი კანონზომიერებების კვლევა მოითხოვს ფხიზელ და პრაგმატულ მიდგომას სწორედ იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაცული პოლიტიკური მართლმსაჯულების რეციდივებისაგან.
საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალურობა ვერ ჩამოყალიბდება მხოლოდ „პოლიტიკისაგან დისტანცირებული სასამართლოს“ შესახებ „მითის“ მეშვეობით. მით უფრო, რომ მართლმსაჯულების „პოლიტიკური“ შინაარსი არ უნდა გავიგოთ როგორც მხოლოდ დევნა ან პირიქით, სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დაცვის ერთგვარი „ჯავშანი“. სამართლებრივ სახელმწიფოსაც სჭირდება დაცვა. ამიტომ არის, რომ „პოლიტიკურ მართლმსაჯულებას“ განიხილავენ როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს აუცილებელ, მაგრამ „ბნელ მხარეს“. ლიბერალური დემოკრატიაც აღიარებს მისი „მტრების“ მიმართ ცივილიზებული ბრძოლის მეთოდს პოლიტიკური სამართლის სახით – ამის მაგალითია ე.წ. „McCarthy“-ის ერა აშშ-ში ან ანტიკომუნისტური პოლიტიკური მართლმსაჯულება გერმანიაში.
ყოველი მართლმსაჯულება პოლიტიკურია, მიუხედავად იმისა, აღიარებს თუ არა (მართლმსაჯულება) ამას. ასეთ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მოსამართლე აცნობიერებდეს თავისი საქმიანობის პოლიტიკურ ხასიათს. მართლმსაჯულება გარკვეული დოზით ყოველთვის პოლიტიკურია იმიტომ, რომ მოსამართლე ვერ იქნება „ნეიტრალური“. ძნელი წარმოსადგენია, რომ მხოლოდ მანტიის მოსხმით მოსამართლე მოწყდეს თავის მსოფლმხედველობას – ოჯახურ და პროფესიულ სოციალურ გარემოს (უკვე ჩამოყალიბებულ), ნორმატიულ შეხედულებებს, რელიგიურ და მსოფლმხედველობრივ (ლიბერალურ ან/და კონსერვატიულ) ორიენტაციებს, სამეცნიერო შეხედულებებს (განსხვავებული სამეცნიერო „სკოლებისადმი“კუთვნილება) და სხვა. პოლიტიკურ ორიენტაციას მოსამართლეები, სულ მცირე, „კანქვეშ გრძნობენ“.
პოლიტიკისა და სამართლის კვლევას დიდი ტრადიციები აქვს და დღესაც განეკუთვნება იურიდიული მეცნიერების ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას. რამდენად არის ჩართული საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკაში? შესაძლებელია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი საქმიანობა ამოიწუროს წმინდა სამართლებრივი კატეგორიებით? რამდენად იძლევა მოსამართლის გადაწყვეტილება რაციონალური გადამოწმების შესაძლებლობას? რა გარანტიაა, რომ მოსამართლეებიც უერთგულებენ კონსტიტუციას და ბოროტად არ გამოიყენებენ ძალაუფლებას? რამდენად დიდია პოლიტიკის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციის რისკები და როგორია მათი განეიტრალების მექანიზმები? ეს არის საკითხთა ის არასრული ჩამონათვალი, რომელზეც დღესაც მიდის აქტიური დისკუსია თანამედროვე სამართლის მეცნიერებაში.