კომპლემენტარობის პრინციპი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია „კენიის საქმეების“ მაგალითზე
ანოტაცია
2002 წელს ძალაში შევიდა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საერთაშორისოსამართლებრივი ინსტრუმენტი, რომის სტატუტი, რითაც დაფუძნდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (შემდეგში – სასამართლო). ხსენებული დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა, რომლის ამოცანას, ერთი მხრივ, საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენი პირების დასჯა, ხოლო მეორე მხრივ, უმძიმესი დანაშაულების პრევენცია წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად, რომის სტატუტში, სასამართლოს იურისდიქციასთან მიმართებით, გათვალისწინებულია კომპლემენტარობის პრინციპი, რომელმაც მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ეროვნულ დონეზე სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება. სასამართლო გვევლინება ერთგვარ „სარეზერვო“ სასამართლოდ, რომელიც საქმეში ერთვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს ეროვნულ დონეზე არ სურს, ან არ შესწევს უნარი, სათანადო რეაგირება მოახდინოს საერთაშორისო დანაშაულებზე.
წინამდებარე სტატიაში დეტალურად იქნება განხილული კომპლემენტარობის პრინციპის არსი, მისი რომის სტატუტში ასახვის საჭიროება და მიზნები. ასევე, სასამართლოს მიერ განხილული „კენიის საქმეები“, როგორც პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს პროკურორმა გამოიყენა სტატუტით მინიჭებული უფლებამოსილება და დაიწყო გამოძიება, ხოლო სახელმწიფომ გაასაჩივრა სასამართლოს იურისდიქციის საკითხი და კომპლემენტარობის პრინციპზე დაყრდნობით მოითხოვა საქმეების დაუშვებლად ცნობა.