ვის ეკუთვნის ბავშვის სული? ესეი რელიგიური აღზრდის უფლებებსა და ბავშვისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭებაზე

სტატია გამოქვეყნდა Charleston Law Review-სა და ავტორის ნებართვით. ნამუშევარი პირველად დაიბეჭდა ჟურნალში Charleston Law Review (6 Charleston L. Rev. 385 (2012)).).

ავტორები

  • ჯეფრი შულმანი ასოცირებული პროფესორი, J.D., ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, აშშ. ავტორი

ანოტაცია

,,`უფრო ხშირად, ჩვენ განა ჯერ ვხედავთ და მერე განვსაზღვრავთ, არამედ ჯერ განვსაზღვრავთ და მერე ვხედავთ" უოლტერ ლიპმანი

ბეტი სიმონსი 9 წლის იყო, როდესაც თავის დეიდასა და მეურვეს სარა პრინსს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბროკტონის ქუჩებში რელიგიური ლიტერატურის დარიგების დროს დაჰყვებოდა. ქალბატონი პრინსი, ჩვეულებრივ, არ აძლევდა ბეტის ნებას, ღამით ქუჩებში ექადაგა, მაგრამ 1941 წლის 18 დეკემბრის საღამოს იგი დანებდა ბეტის მუდარას და (ალბათ, რაც უფრო ძნელი გასაძლები იყო) ცრემლებს. მისის პრინსიცა და ბეტიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ, რომელთათვისაც ქუჩაში ქადაგება რელიგიურ მოვალეობას წარმოადგენდა. ბეტისთვის ქუჩაში ქადაგება ღმერთის მიერ ნაბრძანები სამუშაო იყო, თუმცა ეს ის სამუშაო იყო, რომლის შესრულებაც მას მოსწონდა. ეს ღმერთის თაყვანისცემის საშუალება იყო. თუმცა მასაჩუსეტსის კანონმდებლებისათვის ბეტის საქმიანობა სრულიად სხვა რამეს – ბავშვთა შრომაზე შტატის კანონმდებლობის დარღვევას ნიშნავდა. ეს კანონმდებლობა ბავშვებს უკრძალავდა, გაეყიდათ ან სხვისთვის შეეთავაზებინათ `რაიმე გაზეთი, ჟურნალი, პერიოდული გამოცემა ან ვაჭრობის ნებისმიერი სხვა საგანი.... ქუჩებსა და საჯარო ადგილებში". ასეთ შემთხვევაში კრიმინალური სანქციები უწესდებოდათ მშობლებსა და მეურვეებს, `რომლებიც აიძულებდნენ ან ნებას რთავდნენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს, ჩართულიყვნენ აკრძალულ საქმიანობაში". სარა პრინსს ბრალი რამდენიმე მუხლით წაეყენა და სასამართლოს გადაწყვეტილების უდიდესი ნაწილი მასაჩუსეტსის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა. ქალბატონმა პრინსმა გადაწყვეტილება აშშ-ის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა.

საქმე Prince v. Massachusetts კარგად არის ცნობილი მისი დასკვნის გამო, რომ `საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ოჯახი, თავისთავად, არ არის რეგულირების მიღმა, რელიგიური თავისუფლების მოთხოვნასთან შედარებით". საქმეში Prince v. Massachusetts სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო, როგორც პარენს პატრიაე, ანუ რომელიც მოქმედებს იმ ადამიანთა დამცველად, ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, პასუხისმგებელია ახალგაზრდა ადამიანების ზოგად კეთილდღეობაზე. როგორც პარენს პატრიაე (რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს სახელმწიფოს/ერის მამას), სახელმწიფოს შეუძლია, დაიცვას ბავშვები მათი მშობლების და მეურვეების არასწორი ქმედებისაგან. Prince v. Massachusetts საქმის განმხილველი სასამართლოს თანახმად, სახელმწიფოს პარენს პატრიაე უფლება `არ უქმდება მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლის საჩივარი ეფუძნება მტკიცებას, რომ შვილის რელიგიასა და სინდისთან დაკავშირებულ ქცევას მშობელი აკონტროლებს". მიუთითა რა რიგ სახელმწიფო კანონებზე (როგორებიცაა კანონები ბავშვთა შრომასა და სავალდებულო სასკოლო განათლებაზე), რომლებიც ზღუდავდა მშობლის უფლებებს ბავშვის რელიგიურ აღზრდაზე,

სასამართლომ უარყო ქალბატონი პრინსის მოსაზრება, რომ ასეთი კანონმდებლობა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვს აშკარა და არსებული საფრთხე ემუქრება. მაშინ როდესაც სრულწლოვანის რელიგიური საქმიანობის რეგულირებისთვის სახელმწიფოს შეიძლება ამის უტყუარი დასაბუთება მოეთხოვოს, ბავშვის შემთხვევაში მას ეს არ მოეთხოვება. სასამართლოს თქმით, „ბავშვის საქმიანობაზე სახელმწიფოს უფრო ფართო უფლებები აქვს, ვიდრე სრულწლოვანის მსგავს ქმედებაზე". ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, სახელმწიფოს მოეთხოვებოდა, ეჩვენებინა, რომ მას აქვს მხოლოდ ლეგიტიმური (და არა არსებითი) ინტერესი, ხელი შეუწყოს ბავშვთა ჯანმრთელობას, კეთილდღეობას ან უსაფრთხოებას და მან გამოიყენა საშუალება – ამ შემთხვევაში, შეზღუდვა დააწესა ბავშვების მიერ კომერციული საქმიანობის განხორციელებაზე – რომელიც თანაზომადია ამ მიზნის მისაღწევად (როგორც ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალება). ბავშვთა შრომის შესახებ, კანონმდებლობა ემსახურება `თავად ახალგაზრდის და მთელი საზოგადოების ინტერესს, რომ ბავშვები იყვნენ დაცული ცუდი მოპყრობისგან და ჰქონდეთ შესაძლებლობები, გაიზარდონ და ჩამოყალიბდნენ თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანებად და მოქალაქეებად". სასამართლოსთვის, უბრალოდ, ძალიან დაგვიანებული იქნებოდა ეჭვის შეტანა იმაში, რომ ბავშვების დასაცავად შექმნილი კანონმდებლობა შედის სახელმწიფოს უფლებამოსილებაში, დაიცვას წესრიგი ,,`იქნება ეს მშობლის პრეტენზიასთან, აკონტროლოს ბავში, თუ პრეტენზიასთან, რომ რელიგიური პრინციპები საპირისპირო ქცევას კარნახობს". ქალბატონი პრინსი არ გათავისუფლდა ბავშვთა შრომაზე სახელმწიფოს ზოგადი კანონის მოთხოვნებისაგან.

მიუხედავად ბავშვის კეთილდღეობაზე ფოკუსირებისა, Prince v. Massachusetts საქმის განმხილველმა სასამართლომ რეალურად ბავშვი უგულებელყო, რომლის კეთილდღეობა მთავარი საკითხი იყო ამ საეტაპო სასამართლო საქმეში. ასე ერთი რამის გამო მოხდა – სასამართლოზე არავის გამოუთქვამს მოსაზრება, რომ ბეტი შეიძლება ძალიან პატარა ყოფილიყო იმისათვის, რათა ასეთი სერიოზული რელიგიური ერთგულება თავად აერჩია. მოსამართლე რატლიჯმა, რომელიც სასამართლოზე ჩანაწერებს აკეთებდა, აღნიშნა, რომ `ბეტის სწამდა, რომ ამ სამუშაოს შესრულება მისი რელიგიური მოვალეობა იყო და მისი შეუსრულებლობა მას არმაგედონის დროს სამუდამო განადგურებას მოუტანდა". ამ საკითხში სასამართლოს ორი მოსამართლე, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ, დაეთანხმნენ უმრავლესობას: ბეტის უნდოდა დეიდას გაჰყოლოდა, რათა მისი ღვთისადმი სიყვარულით, სახარების მისიონერულ ქადაგებაში ჩართულიყო. ქალბატონი პრინსიც, სასამართლოსათვის წარდგენილ საქმის გარემოებების აღწერილობაში ხაზს უსვამდა, რომ  ბეტის `,,სურდა, ემსახურა ღმერთისათვის". იგი უანგაროდ ემსახურებოდა ღმერთს. ქალბატონი პრინსის თქმით: „[ბეტი] ემსახურებოდა იეჰოვას და არა მის მცველს და რომელიმე ადამიანს ან საზოგადოებას, ანდა რაიმე მიწიერ ინსტიტუტს. გოგონას უნდოდა" თავისი ლოცვები ღმერთისთვის აღევლინა. ვინაიდან ბეტი იეჰოვას ემსახურებოდა, არ შეიძლება ითქვას, რომ იგი რომელიმე მიწიერი არსებისთვის მუშაობდა. არც ერთ ადამიანს თუ მთავრობას არა აქვს უფლება, დასაჯოს ბავშვი ან რომელიმე სხვა არსება იმიტომ, რომ ბავშვს ნებას რთავს, იეჰოვას ემსახუროს".

ამ მიდგომით, ბეტის ქადაგება ქუჩაში საერთოდ არ იყო ბავშვთა შრომა.

არც ერთი კონსტიტუციური ტრუიზმი არ არის საყოველთაოდ ისე აღიარებული, როგორც მოსამართლე ჯექსონის ცნობილი მსჯელობა საქმეში West Virginia State Board of Education v.Barnette, რომ `არც ერთ ოფიციალურ პირს, რამდენად მაღალი თუ ლამაზი უნდა იყოს ის, არ შეუძლია განუსაზღვროს ადამიანებს, რა უნდა იყოს გაბატონებული მოსაზრება პოლიტიკაში, ნაციონალიზმში, რელიგიასა თუ ნებისმიერ სხვა სფეროში, ანდა აიძულოს მოქალაქეები სიტყვითა თუ ქმედებით, აღიარონ თავიანთი მრწამსი ამ სფეროებში". საქმეში West Virginia State Board of Education v. Barnette უზენაესმა სასამართლომ დაიცვა სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მმართველობის ქმედებისაგან, რომელიც, აიძულებდა რა მათ დროშის ქვეშ მისალმებასა და ერთგულების შეფიცვას, `გასცდა იმ კონსტიტუტუციურ ფარგლებს", რაც ამ შტატის ადგილობრივ მმართველობას ჰქონდა დაწესებული. რწმენის ასეთი იძულებითი აღიარება მძიმე ფაქტი იყო და დარტყმას აყენებდა ახალგაზრდა ბავშვების ინტელექტუალურ და მორალურ ინდივიდუალიზმს. ეს იძულებითი დროშის ქვეშ მისალმება და ერთგულების შეფიცვა `მოითხოვდა რწმენის და მიდგომების დადასტურებას. ბავშვების  იძულებით, ეთქვათ ის, რასაც ისინი არ ფიქრობდნენ, სახელმწიფო შეიჭრა ინტელექტის და სულის სფეროში, რომელსაც კონსტიტუციის პირველი შესწორება ყოველგვარი ოფიციალური კონტროლისგან იცავს".

იმ მოსაზრებათა ჩამონათვალში, რომელიც ადამიანებს არ შეიძლება ოფიციალურად განესაზღვროს, რელიგია პრივილეგირებულ ადგილს იკავებს. რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტია წარმოიშობა დაშვებიდან, რომ რელიგიური პინციპები მხოლოდ და მხოლოდ სინდისით არის ნაკარნახევი. ვინაიდან რელიგია, ჯეიმს მედისონის თქმით, არის `,,მოვალეობა, რომელიც ჩვენ შემოქმედის წინაშე გვაქვს.... მისი მართვა შეიძლება მხოლოდ გონებითა და რწმენით და არა იძულებით ან ძალადობით". ანუ, მისი მართვა არც სახელმწიფოს მიერ შეიძლება. სახელმწიფოს მიერ რელიგიური შეხედულებების ყველაზე კეთილისმყოფელმა გამოხატულებამაც კი `,,შეიძლება ინდოქტრინაციისა და იძულების პოლიტიკა მოიტანოს", რაც რწმენის ნებაყოფლობითობას და, შესაბამისად, სიწრფელეს, ეჭვის ქვეშ დააყენებს. სასამართლოს თქმით, ,,`სახელმწიფოს მიერ შექმნილი ორთოდოქსია სერიოზულ საფრთხეს უქმნის რწმენისა და სინდისის იმ თავისუფლებას, რომელიც ერთადერთი დასტურია იმისა, რომ რელიგიური რწმენა წრფელია და არა თავს მოხვეული".

თუმცა ბავშვებისთვის რწმენისა და სინდისის თავისუფლებას არანაკლები საფრთხე ემუქრება კერძო პირების ორთოდოქსიისგან და ზიანი, რაც ბავშვისთვის კერძო პირისგან იძულებას მოაქვს, არანაკლებ მძიმეა. ინტელექტისა და სულიერების სფეროში შეჭრა მაშინ ხდება, როდესაც ბავშვებს აიძულებენ, ირწმუნოს ის, რაც სხვა ადამიანებს სწამთ ან არ დაიჯერონ ის, რისიც სხვებს არ სჯერათ იმ შემთხვევაშიც კი, და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს `,,სხვები" მათი მშობლები ან რელიგიის მენტორები არიან. და მაინც, ბავშვები კერძო პირის მხრიდან რელიგიური იძულების უმეტესი ფორმისგან იურიდიულად დაუცველები რჩებიან. მართლაც, როდესაც საქმე ბავშვების რელიგიურ აღზრდას ეხება, რწმენის თავისუფლებამ შეიძლება თავისი ჩვეული მნიშვნელობა დაკარგოს. `,,სამუდამო განადგურების" შიშმა, რომელიც ბეტის ჰქონდა, გარკვეულწილად აჩვენა, რომ მისი ევანგელისტური სურვილები თავისუფალი არჩევანის შედეგი იყო. სასამართლო არ შეჩერებულა იმის განსახილველად, შეზღუდა თუ არა ბეტის რელიგიურმა აღზრდამ მისი არჩევანი – თავისუფლად აერჩია ან თავისუფლად უარეყო მისი მეურვის რელიგიური მრწამსი. თეოლოგიის თვალსაზრისით, შესაძლოა გვაინტერესებდეს, რამდენად თავისუფალი შეიძლება იყოს ბავშვი რელიგიური არჩევანის გაკეთებაში, როდესაც არასწორი არჩევანის გაკეთების შედეგები ასეთი ულმობელია. სასამართლოს საქმიანობისთვის უფრო ყურადსაღები არის ის, თუ რას ნიშნავს ბავშვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის იმის დაჯერება, რომ მისი ქცევა – ან, ბეტის თვალსაზრისით, არასწორი ქცევა – მას სამუდამო განადგურებას მოუტანს.

უზენაესი სასამართლო არ შეჩერებულა ასეთ საკითხებზე მსჯელობისთვის. მან, საეჭვო საფუძველზე დაყრდნობით, ქალბატონი პრინსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ქუჩაში ქადაგება ბავშვებისთვის სახიფათო საქმიანობა იყო34. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება ბეტისთვის საზიანო რეალურ საფრთხეს: – ისეთი რელიგიური რეჟიმის საფრთხეს, რომელიც ჭეშმარიტი რწმენის რეალურ არჩევანს შეუძლებელს თუ არ ხდის, ართულებს მაინც. უნდა ითქვას, რომ, შესაძლოა, სასამართლომ კი არ უგულებელყო ეს ზიანი, არამედ ვერ დაინახა ის. სასამართლომ ვერ დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ბეტის მორჩილება არჩევანის შედეგი კი არ იყო, არამედ არჩევანის დაკარგვის, ოჯახური ავტორიტარიზმისადმი ბავშვური დათმობის პროდუქტი. ემოციურად არასწორი მიდგომის საფრთხე ხელის გულზე იდო, მაგრამ სასამართლოს ხელი შეუშალა კულტურულმა ნორმამ, რომლის თანახმადაც, მშობლებს შვილების რელიგიური მრწამსის ფორმირების უფლება აქვთ. სასამართლომ ვერ შეძლო ეკითხა: რა შუაშია არმაგედონი ბეტი სიმონსთან?

ავტორის ბიოგრაფია

  • ჯეფრი შულმანი, ასოცირებული პროფესორი, J.D., ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, აშშ.


    ასოცირებული პროფესორი, J.D., ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, აშშ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

ვის ეკუთვნის ბავშვის სული? ესეი რელიგიური აღზრდის უფლებებსა და ბავშვისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭებაზე: სტატია გამოქვეყნდა Charleston Law Review-სა და ავტორის ნებართვით. ნამუშევარი პირველად დაიბეჭდა ჟურნალში Charleston Law Review (6 Charleston L. Rev. 385 (2012)).). (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 7, 110-160. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/135