საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანა – ნაბიჯი რეგიონალიზმისაკენ თუ უბრალოდ ადგილსამყოფლის ცვლილება
ანოტაცია
2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების ჩატარების ადგილად განისაზღვრა ქალაქი ქუთაისი. დღეს პარლამენტი მართლაც ფუნქციონირებს ქუთაისში, თუმცა დეპუტატთა მნიშვნელოვან ნაწილს აქვს მოსაზრება, რომ პარლამენტი ისევ თბილისში უნდა დაბრუნდეს. ცნობილია, რომ მსოფლიოში არსებობს ისეთი ქვეყნები, რომელთა პარლამენტები, მთავრობები, პრეზიდენტის აპარატები ან სასამართლოები სხვადასხვა ქალაქებში მდებარეობენ და ფუნქციონირებენ. ზოგჯერ ასეთ ქალაქებს დედაქალაქის სტატუსი აქვთ, ხოლო თუ არა აქვთ მაშინ მათ დეფაქტო დედაქალაქებს უწოდებენ. ჩემი მიზანია გამოვარკვიო, თუ რა მიზნები ან მიზეზები აქვს მსოფლიოს ქვეყნების მიერ ხელისუფლების შტოთა ამგვარ ტერიტორიულ გადანაწილებას და ხომ არ აქვს ამას ერთგვარი დეცენტრალიზაციის ფუნქცია? ასევე შევეცდები განვმარტო დეცენტრალიზაციის არსი და განვსაზღვრო, რამდენადაა შესაძლებელი დეცენტრალიზაციაზე საუბარი პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის აპარატის ან სასამართლოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებისას.
შედარებით-სამართლებრივ საფუძველზე კარგად გამოჩნდება, რამდენად არის ქუთაისის პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილება საქართველოში დეცენტრალიზაციის წინა პირობა და როგორი სტატუსი უნდა ჰქონდეს ქუთაისს. ასევე მიზანშეწონილია თუ არა საქართველოს პარლამენტის კვლავ თბილისში გადმოტანა. ქართული კონსტიტუციური სამართალი აქამდე არ იცნობდა ხელისუფლების შტოთა ტერიტორიულ გადანაწილებას და ამ ცვლილებით ფაქტობრივად ახალი მიდგომა დაინერგა ქართულ საკონსტიტუციო სამართალში. ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაშიც აზრთა სხვადასხვაობაა. თუმცა მიმაჩნია რომ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული პრობლემის განხილვა სამართლებრივ ჭრილში არც ისე ხშირად ხდება და ჩემი მსჯელობით შევძლებ გარკვეული მნიშვნელობის სამართლებრივი დასკვნები გავაკეთო. საქართველოს კონსტიტუციას ქართული საზოგადოების ცხოვრებისათვის არც თუ ისე მცირე მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმას ექცევა ყურადღება, თუ როგორ სრულდება ამ კანონის დებულებები რეალურ ცხოვრებაში. ზემოთ განხილული ცვლილება მართლაც განხორციელდა და პარლამენტი დღეს ქუთაისში ფუნქციონირებს, თუმცა არსებობს არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი უნდა შეიცვალოს. საინტერესოა რა არის ამ ცვლილების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი. ის, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული მთლად ღირებულ სამართლებრივ არგუმენტად ვერ ჩაითვლება. მაშ რატომ წარმოიშვა მსგავსი პრობლემა? მე ასევე შევეცდები ამ კითხვაზე პასუხის გაცემასაც.
ბოლო ხანებში საქართველოს კონსტიტუციამ მრავალი ცვლილება განიცადა. თუმცა მიზანი ერთია, რომ ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც იქნება დემოკრატიული და პროგრესული. არის თუ არა პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილება ნაბიჯი დემოკრატიისა და პროგრესისაკენ, თუ ეს მხოლოდ ფასადური მოვლენაა და არაფერს ცვლის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების გზაზე? სწორედ ამ საკითხს შეეხება ჩემი მსჯელობის ბოლო ნაწილი, რამდენად პროგრესული მოვლენაა პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილება.