სამართლებრივი ვაკუუმისა და საკანონმდებლო ხარვეზის პრობლემა საქართველოს სამართლებრივ მართლწესრიგში
ანოტაცია
დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთ-ერთ უძირითადეს, ფუძემდებლურ მოთხოვნას წარმოადგენს ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის იმგვარი ჰარმონიზება, რომ სამართლებრივი მართლწესრიგი იყოს ჯანსაღი, ქმედითი და პრაქტიკული. თუმცა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კომპლექსურობისა და მასშტაბურობის, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სფეროების დინამიკური განვითარების გათვალისწინებით, რიგ შემთხვევებში ნორმატიულ აქტებში ადგილი აქვს საკანონმდებლო ხარვეზს. გარდა საკანონმდებლო ხარვეზისა, შიდასახელმწიფოებრივ სამართალში არსებობს სამართლებრივი ვაკუუმი, რომელიც თავისი არსით უფრო ნეგატიური, უარყოფითი შედეგების მომტანია, ვიდრე საკანონმდებლო ხარვეზი.
წინამდებარე სტატიის მიზანია: 1. ნორმატიულ აქტებში საკანონმდებლო ხარვეზისა და სამართლებრივი ვაკუუმის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჭრილში განხილვა; 2. მათი ურთიერთგამიჯვნა ურთიერთშედარების გზით; 3. თითოეულის გამომწვევი მიზეზების ილუსტრაცია და 4. მათი აღმოფხვრის სამართლებრივი გზების ძიება.
მოცემული სტატიის ფარგლებში სამართლებრივ ვაკუუმზე მსჯელობა ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 28 დეკემბრის #494-ე განჩინებას. ამ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე, სტატიაში განხილულია ნორმატიული აქტის ცნება, დამახასიათებელი თვისებები, მისი როლი და ფუნქცია სამართლებრივ აქტთა სისტემაში. პარალელურად გათვალისწინებულია ჩეხეთის, ლიტვის, ნიდერლანდების, ხორვატიის, სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოთა მიდგომა საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ ხსენებულ განჩინებაში წამოჭრილ ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით.
სტატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ სამართლებრივი ვაკუუმის აღმოფხვრა ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციურ გარანტიად წარმოაჩინოს. რომელიმე სამართლებრივი სფეროს ღიად, დაურეგულირებლად დატოვებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იმგვარი ფუნდამენტური ღირებულებების უზრუნველყოფას, როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლებები. ის, რომ მსგავსი სამართლებრივი მდგომარეობა სახელმწიფოს მოქმედების ვალდებულებას იწვევს, უდავოა.
სტატიაში საკანონმდებლო ხარვეზზე მსჯელობისას ყურადღება გამახვილებულია საკანონმდებლო და სამართლებრივ ხარვეზებს შორის სხვაობაზე და კანონმდებლის სამართლებრივ-პოლიტიკურ შეცდომაზე, რაც ასევე განსხვავდება საკანონმდებლო ხარვეზისგან და სამართლებრივი ვაკუუმისგან.
ნაშრომში შემოთავაზებულია სამართლებრივი ვაკუუმის შევსებისა და არსებული ვითარები „გაჯანსაღების" ის სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააჩნია. თუმცა მის პრაქტიკულ გამოყენებას ადგილი არასდროს ჰქონია. რაც შეეხება საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებისა და სამართლებრივი სივრცის სრულყოფილების გზების ძიებას, ყურადღება მიმართული იქნება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ კომპეტენციაზე.