სარედაქციო საბჭოსგან

ავტორები

ანოტაცია

ჟურნალის წინამდებარე, XIV გამოცემა, ეძღვნება საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების რეფორმას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული თემატიკის შერჩევა განაპირობა საქართველოს კონსტიტუციის ძირეულმა გადასინჯვამ – მისი თვისობრივად ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, ისევე როგორც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის სრულმა განახლებამ, რაც უკანასკნელ წლებში, მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

თუმცა, მიმდინარე ნომრის გამოცემაზე მუშაობის პარალელურად, მსოფლიო მოიცვა COVID-19-თან დაკავშირებულმა პანდემიამ, რომელმაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა დემოკრატიული საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, საქართველოს ჩათვლით, მიიღო შემზღუდავი ზომები პანდემიასთან გასამკლავებლად, რამაც გამოიწვია საგანგებო მდგომარების გამოცხადება, მკაცრი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, მთელი რიგი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა საკმაოდ ხანგრძლივი ვადით.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ, ერთი მხრივ, მიმდინარე გამოცემის თემატიკა გაგვეფართოებინა და მკითხველისთვის ასევე შეგვეთავაზებინა საინტერესო ანალიტიკური მასალა პანდემიასთან გამკვლავების სამართლებრივ ასპექტებზე, ხოლო მეორე მხრივ, გამოვხმაურებოდით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მოქმედ არაორდინალურ სამართლებრივ რეჟიმს, რომელმაც არამხოლოდ პროფესიულ წრეებში, არამედ ფართო საზოგადოებაშიც საკმაოდ მწვავე დისკუსია გამოიწვია. ვიმედოვნებთ, რომ სწორედ აღნიშნული დისკუსია და მიმდინარე სასამართლო დავების გადაწყვეტა, ხელს შეუწყობს კანონმდებლობის სრულყოფას, არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და სამომავლოდ, პანდემიის მსგავსი საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, ქვეყანას ექნება გაცილებით დაბალანსებული და ადამიანის უფლებებთან შესაბამისი რეაგირების მექანიზმები.

ამდენად, სარედაქციო საბჭოს მიმოხილვა შედგება ორი ნაწილისგან: პირველ ნაწილში, მიმოვიხილავთ საქართველოში COVID-19 პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ ასპექტებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებების დაცვაზე. მეორე ნაწილში კი – მკითხველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს წინამდებარე გამოცემაში გამოქვეყნებული აკადემიური ნაშრომების მოკლე მიმოხილვას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

სარედაქციო საბჭოსგან. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 14, 3-12. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/141