სამართლის უზენაესობა ,,ქამელეონი სასამართლოს“ იურისპრუდენციაში – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარტიულ სიებში სავალდებულო გენდერული კვოტის შესახებ*
ანოტაცია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2020 წლის 25 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ იმ ნორმის (203-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება) კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობას, რომლის მიხედვითაც, „პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ეკისრებათ ვალდებულება, წარადგინონ იმგვარად შედგენილი პარტიული სია, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
გასაჩივრებული ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ ცხადად ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზანს ისახავდა, კანონმდებლის მიერ მაინც ნეიტრალური ენით იყო ჩამოყალიბებული. შედეგად, მეტი ზოგადობა პარტიულ სიაში ქალთა კვოტის დადგენის მიზნით შექმნილ ნორმას აძლევდა ისეთ შინაარსსაც, რომელიც შეცვლილ ფაქტობრივ გარემოებებში, მაგალითად, ქალთა უმრავლესობით შედგენილი პარტიული სიის პირობებში, მამაკაცთა კვოტირებასაც მოითხოვდა. საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებელს არ დაუფასა ფორმალური თანასწორობის კონსტიტუციური იდეალისადმი ამ გზით, თუნდაც, მოჩვენებითი პატივისცემის გამოხატვა.
მოსარჩელეს არ ჰქონდა უკეთესი არჩევანი, გარდა იმისა, რომ სწორედ ფორმალური თანასწორობის პრინციპის ზოგადი ლოგიკის დაცვითვე, ედავა სავალდებულო გენდერული კვოტირების ორივე შესაძლო შემთხვევის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე. შესაბამისად, არცთუ მცირე ირონიის შემცველი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მხოლოდ საარჩევნო პარტიულ სიებში მამაკაცთა შესაძლო კვოტირების მოთხოვნა გამოცხადდა კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ხოლო ქალთა კვოტირების მოთხოვნა კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კონსტიტუციურად აუცილებელ პოზიტიურ ზომად იქნა მიჩნეული.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ყველაზე მეტად ფორმალური თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი დაზარალდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ორი დეკადის განმავლობაში ჩამოყალიბებული არცთუ მდიდარი იურისპრუდენცია, უმეტესწილად, სწორედ ამ იდეალის არეალში (თვალსაწიერში) ვითარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ შექმნილ სტანდარტებსა და შემოწმების კონსტიტუციურ ტესტებს აკლიათ დოქტრინული ერთიანობა, თანმიმდევრულობა და სისრულე, შინაარსობრივად მათ საფუძველში ფორმალური თანასწორობის იდეალის ამოკითხვა მაინც შესაძლებელია.
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც სასამართლოს ამგვარ იურისპრუდენციულ მიმართულებას განსაზღვრავდა, 1995 წლის კონსტიტუციის მე-14 მუხლის ტექსტი გახლდათ. ამ კონსტიტუციური ნორმის ფორმალური თანასწორობის კლასიკური იდეალის შესაბამისი ენა სასამართლოს შესაძლებლობას აძლევდა, მკაფიოდ გამიჯვნოდა არსებითი თანასწორობის კონცეფციებს, აღენიშნა (თუმცაღა ახსნა-დასაბუთების გარეშე) მათი ფუნდამენტური შეუთავსებლობა თანასწორობის (ფორმალურ) კონსტიტუციურ პრინციპთან.
2018 წელს ამოქმედებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტმა სასამართლოს მიერ შესასრულებელი იურისპრუდენციული სამუშაო მნიშვნელოვნად გაართულა. ამ ცვლილებამ კონსტიტუციაში შემოიტანა რა არსებითი თანასწორობის ენა, სასამართლოს გამოაცალა კონსტიტუციის ტექსტით მონიჭებული კომფორტი, თავიდან აერიდებინა ჰერაკლეს მისიასთან შეჭიდება და ეცადა ერთმანეთთან მკაფიო კონფლიქტში მყოფი ფორმალური და არსებითი თანასწორობის პრინციპების შეთანხმება კონსტიტუციური დოქტრინის ერთიან ჩარჩოში.
განსახილველ გადაწყვეტილებაში სასამართლო მოუმზადებელი შეხვდა ამ მძიმე დოქტრინულ ტვირთს და მის დაძლევაში მარცხი განიცადა. თანმიმდევრული სტანდარტის განვითარებისა და დოქტრინული წინააღმდეგობების გადალახვის ნაცვლად, განსახილველი გადაწყვეტილება კიდევ უფრო არათანმიმდევრულსა და წინააღმდეგობრივს ხდის თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის შინაარსსა და შემოწმების სტანდარტებს. ღრმა ღირებულებითი უთანხმოებები, რომლებიც ერთმანეთთან შეუთავსებლობამადე დაპირისპირებული კონსტიტუციური პრინციპების კონფლიქტიდანაა ნაწარმოები, სასამართლოს მიერ ან ტრივიალურად წარმოჩნდება და ასე მიიჩქმალება, ან იმგვარი მზა ფორმულარული მსჯელობით ცხადდება გადაჭრილად, რომელიც უფრო იდეოლოგიურ ჟანრს ეკუთვნის, ვიდრე – სერიოზულ დოქტინულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ დისკურსს.
შედეგად, მნიშვნელოვნად იკლებს კონსტიტუციური წესებისა და დოქტრინის მიერ სამართლებრივი დარწმუნებულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხი. ამით კიდევ უფრო ერყევა საფუძველი სამართლის უზენაესობას, კონსტიტუციური წესრიგის ფუნდამენტს, რომლის თანასწორობის ფორმალურ პრინციპთან არსებითი კავშირის სათანადო თანმიმდევრულობითა და სისრულით კონსტიტუციურ იურისპრუდენციაში აუსახველობაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგ სისტემურ ჩავარდნად შეიძლება მივიჩნიოთ.
ამასთან, სასამართლოს მიერ გადაუჭრელი რჩება როგორც თანასწორობის ფორმალურ და არსებით პრინციპებს შორის დოქტრინული კავშირის ჩამოყალიბება საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოში, ასევე არსებითი თანასწორობის მისაღწევად მისაღები პოზიტიური ზომების კონსტიტუციური შინაარსისა და მათი შემოღებისას კანონმდებლის მიხედულების ზღვრების მკაფიო და ცხადი წესებით ან/და სტანდარტებით განსაზღვრება. ეს მდგომარეობა მხოლოდ თანასწორობის მიმართულებით არ დგას და ზოგადად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის, პრობლემაა. ეს პრობლემა ნათლად წარმოაჩენს მის მყიფე ინსტიტუციურ მდგომარეობას არაკონსოლიდირებული, არალიბერალური დემოკრატიის პირობებში.
ამგვარ რეჟიმებში, მსგავსად ავტორიტარული და ჰიბრიდული რეჟიმებისა, ინსტიტუციურად სუსტი/პოლიტიკური თავდასხმებისგან დასუსტებული საკონსტიტუციო სასამართლოები პოლიტიკური ან/და საზოგადოებრივი ძალაუფლების ცენტრებისგან ძლიერ ზეწოლას განიცდიან. ადრე თუ გვიან, ისინი ექცევიან სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური ძალაუფლების აქტორის გავლენის ქვეშ. ირონიულია, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეთა ელიტებს, როგორც ავტორიტარულ და ჰიბრიდულ, ისე არალიბერალურ დემოკრატიულ რეჟიმებში, აქვთ „პრაგმატული“ საფუძვლებიც ძალაუფლების მქონეთა მიერ თავიანთი რეკრუტირების გასამართლებლად- ისინი ხომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტს „იცავენ“. „პრაგმატული კომპრომისებით“ ძალაუფლების მქონეთა სასარგებლოდ, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებას უტოვებენ, შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ფუნქცია იმ საქმეებში, სადაც ძალაუფლების აქტორთა ინტერესების მიერ „წითელი ხაზები“ არ აქვთ მოხაზული.
ძალაუფლების მიერ მოხაზულ „წითელ ხაზებს“ მიღმა მიღებული პროგრესული ან/და კონსტიტუციურად სწორი გადაწყვეტილებებით, ასეთი საკონსტიტუციო სასამართლოები, ერთი მხრივ, საკუთარი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის ნარჩენებს ეპოტინებიან, მეორე მხრივ კი ამ ლეგიტიმაციის ნაშთების შენარჩუნებით იმ პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაციასაც აძლიერებენ, რომელსაც უმეტესწილად ემსახურებიან. ასეთი საოპერაციო სისტემა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ქამელეონობის ხელოვნების ათვისებას მოითხოვს.„წითელი ხაზები“ მუდმივად იცვლება თვით კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებშიც კი.რაც შეეხება არაკონსოლიდრებულ, ე.წ. „არალიბერალურ დემოკრატიებს“, აქ თავად ძალაუფლების ცენტრები იცვლებიან და შესაბამისად. არაპროგნოზირებადად ცვალებადია „წითელი ხაზებიც“, რომლებსაც წარმავალი ძალაუფლებები ხაზავენ. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ უფრო ამ უკანასკნელ კატეგორიას განეკუთვნება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ქამელეონობის სწავლა შეუთავსებელია ისეთი კონსტიტუციური ღირებულებების განუხრელ დაცვასთან, როგორიცაა სიცხადე, თანმიმდევრულობა, განსაზღვრულობა, განჭვრეტადობა. სამართლის უზენაესობა ქამელეონობის პირველი მსხვერპლია, თუმცა მისი მსხვერპლთშეწირვა საჯაროდ და სრულად მაინც ვერ ხერხდება. აუცილებელია ამ ღირებულებებისადმი მინიმალური ერთგულების დემონსტრირება მაინც. შესაბამისად, მათი უგულებელყოფა ძირითადად შეფარვით, ბოროტად გამოყენებითა და სტრატეგიული გათვლების მეშვეობით ხდება.
ამ ფონზე თუ დავინახავთ, ის, რისთვისაც საკონსტიტუციო სასამართლოს ვაკრიტიკებთ განსახილველ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, მისი modus operandi და ინსტიტუციური თვითგადარჩენის მექანიზმია. კონსტიტუციური ქამელეონობა აზიანებს სამართლის უზენაესობას და საშუალებას აძლევს სასამართლოს შერჩევითად აღასრულოს ის. ბუნდოვანი, წინააღმდეგობრივი სტანდარტები, სუსტი და არათანმიმდევრული კონსტიტუციური დოქტრინა, ქამელეონი სასამართლოს მთავარი დასაყრდენია. ის საშუალებას აძლევს სასამართლოს, ადაპტირდეს მუდმივად ცვალებადი ძალაუფლების ცენტრების მიერ განსაზღვრულ ცვალებად და წინააღმდეგობრივ „წითელ ხაზებთან“ და დავალებებთან.
იმისათვის, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების ანალიზი გამოვიყენოთ ავტორიტარულ და არალიბერალურ რეჟიმებში საკონსტიტუციო სასამართლოების ფუნქციების შესახებ არსებული მზარდი ლიტერატურის ჩარჩოში განსახილველად, პირველ რიგში, გვჭირდება აღნიშნული ლიტერატურის ძირითადი ელემენტების მიმოხილვა და საბაზისო თეორიული საყრდენების გამოკვეთა.
ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დოქტრინული არათანმიმდევრულობისა და წინააღმდეგობრიობის, ისევე, როგორც შედარებითი საკონსტიტუციო სამართლებრივი „სესხების“ (როგორც ნორმებისა და ინსტიტუტების, ისე ნორმატიული გამართლების არგუმენტების) ბოროტად გამოყენების პრაქტიკის ცენტრალურ როლზე ყურადღების გამახვილება ავტორიტარული და არალიბერალური რეჟიმების საკონსტიტუციო სასამართლოების მუშაობაში.
აღნიშნული ჩარჩოს ჩამოყალიბების შემდეგ, მომდევნო ნაწილებში, დაწვრილებით ვიმსჯელებთ გენდერული კვოტების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დოქტრინულ არათანმიმდევრულობასა და ზედაპირულობაზე სასამართლოს დასაბუთების ძირითადი დოქტრინული ელემენტების კრიტიკული, ნორმატიულ-თეორიული და შედარებითი ანალიზის მეშვეობით, ხოლო დასკვნებს შევაჯამებთ საქართველოში სამართლის უზენაესობისა და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ამჟამინდელ მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შუქზე.
კრიტიკული კითხვა, რომელიც ასეთი ტიპის აკადემიური სამუშაოს მიმართ დაისმის, არის შემდეგი: რამდენად გამართლებულია ავტორიტარული/არალიბერალური რეჟიმების მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლოების იურისპრუდენციის ანალიზი, მათი დაქვემდებარებული მდგომარეობის ემპირიული მტკიცებულების წარმოების მიღმა? სტატიის შეჯამებაში შევეცდებით პასუხი გავცეთ აღნიშნულ კითხვასაც. მიუხედავად იმისა, რომ ნორმატიული თვალსაზრისით ასეთი ანალიზის ღირებულება მართლაც მცირეა, განსაკუთრებით დოქტრინის კონსტრუქციის მიმართულებით, დაქვემდებარებული სასამართლოს იურისპრუდენციას კრიტიკული პერსპექტივის განვითარებისთვის მაინც გააჩნია ღირებულება ნორმატიულ თეორიაში. რაც შეეხება ამგვარი სამუშაოს ემპირიულ და პრაქტიკულ ღირებულებას, მას არც კრიტიკოსები აყენებენ ეჭვქვეშ.