ადვოკატი – პროფესია ტოტალიტარული სისტემის ჩრდილში
ანოტაცია
მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დამცველი იურისტის – ადვოკატის – პროფესია, თანამედროვე სახელმწიფოს სამართლებრივი ველის ამ ერთ-ერთი უცვლელი პრესონაჟის ადგილი ჩვენი საზოგადოების სოციალურ და პოლიტიკურ ისტორიაში ნაკლებად არის
შესწავლილი და გაანალიზებული. ისევე, როგორც არაა ფუნდამენტურად გაშუქებული სამართლებრივი გარემოს ტრანსფორმაცია უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში; რუსეთის იმპერიის სასამართლო სისტემის სახე და პრაქტიკა კავკასიაში, სასამართლო სისტემის რეფორმისა და დემოკრატიული სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბების პროცესი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში. ფაქტობრივად, საზოგადოებრივი და სამეცნიერო დისკუსიის მიღმაა ასევე დარჩენილი კითხვა – თუ რა ძირეული გავლენა მოახდინა სამართლის იდეის, თეორიასა და პრაქტიკაზე 70 წლიანმა საბჭოთა რუსულმა ოკუპაციამ და ტოტალიტარულმა რეჟიმმა? შესაბამისად, დღეს მოქალაქისა თუ იურიდიული სფეროს წარმომადგენელისათვის რთულია თანამედროვე გამოწვევების ანალიზისას თვალი გადაავლოს ისტორიულ წანამძღვარებს, დააკვირდეს სისტემის რეფორმისა და მოდერნიზაციის წარსულ გამოცდილებას, დააფიქსიროს, გააცნობიეროს და დაძლიოს ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობა დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელ ამ ერთ-ერთ უპირველეს სფეროში.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რუსული იმპერიული სასამართლო სისტემის ძირითად ელემენტებს და მასში ადვოკატთა ადგილს. ადვოკატთა თემის პოლიტიკური და პროფესიული მობილიზაციის გამოცდილებას, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების შემდეგ სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებაში. ამ ყოველივემ თანამედროვე სასამართლო სისტემის დამკვიდრება და პრაქტიკაში ამუშავება გახადა შესაძლებელი, რაც საბჭოთა რუსეთმა სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის შემდეგ ძირფესვიანად გაანადგურა და შეცვალა. თავისთავად ეს კატაკლიზმები ადვოკატთა თემის და უფლებრივ მდგომარეობასა და ფიზიკურ არსებობაზეც აისახა. სტატია ძირითადად ფოკუსირებულია საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ არსებული დემოკრატიული სამართლებრივი სისტემის დემონტაჟის, მისი ტოტალიტარული მოდელით ჩანაცვლებასა და ამ სისტემაში ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის უშედეგო მცდელობების აღწერასა და ანალიზზე.