საკონსტიტუციო სასამართლო და ევროპული ინტეგრაცია: გერმანიის გამოცდილება

ავტორები

  • რაინერ არნოლდი პროფესორი, დოქტორი, საპატიო დოქტორი, რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია. ავტორი

ანოტაცია

ევროკავშირი სუპრანაციონალური ორგანიზაციაა. ის ეფუძნება ისეთ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ სუპრანაციონალური ორგანიზაციისთვის ეროვნულ უფლებამოსილებათა გადაცემის გზით შეიქმნა. უფლებამოსილებათა გადაცემა სუვერენიტეტის შეზღუდვას ნიშნავს. სუპრანაციონალურ ინსტიტუტებს მიეცათ ნებართვა, სახელმწიფოების შიდა უფლებამოსილებათა შესაბამის სფეროებში იმოქმედონ პოლიტიკურად, კერძოდ კი, მიიღონ ნორმატიული აქტები, რომელთაც პირდაპირი და უშუალო მოქმედების ძალა აქვთ წევრ სახელმწიფოთა სამართლებრივ სისტემაში.

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგნაირად ხსნის უფლებამოსილებათა გადაცემის შედეგებს: სახელმწიფოს სუვერენიტეტის კარი იღება, სახელმწიფოს სამართლებრივი წესრიგი აღარ წარმოადგენს ექსკლუზიურად ეროვნულ და დახურულ სისტემას, ის კარს უღებს სუპრანაციონალურ კანონმდებლობას შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ სისტემაში შესასვლელად. სახელმწიფო აღარ ამტკიცებს, რომ მის კანონებს ექსკლუზიური იურიდიული ძალა აქვთ მის ტერიტორიაზე. ორივე სახის კანონმდებლობას, შიდასახელმწიფოებრივს და სუპრანაციონალურსაც იურიდიული ძალა აქვთ სახელმწიფოს შიგნით.

შიდა უფლებამოსილებათა გადაცემა ევროპული გაერთიანებებისთვის და მოგვიანებით ევროკავშირისთვის, განხორციელებულია წევრ სახელმწიფოებს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, როგორც დამფუძნებელი, ისე რეფორმებისთვის გათვალისწინებული ხელშეკრულებებით, რომლებმაც უფლებამოსილებები გადასცეს სუპრანაციონალურ ინსტიტუტებს. თანხმობა ამ ხელშეკრულებებზე წევრი სახელმწიფოების პარლამენტებმა შესაბამისი აქტით განაცხადეს. ეს აქტი უფლებამოსილებათა გადაცემის შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია უფლებამოსილებათა გადაცემის ორმაგი განზომილება განვსაზღვროთ: შიდასახელმწიფოებრივი საპარლამენტო აქტი, რომელიც ამტკიცებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელშიც ჩამოთვლილია სუპრანაციონალური ინსტიტუტების უფლებამოსილებები.

ეროვნული პარლამენტის მიერ მიღებული აქტი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ (ძუსტიმმუნგსგესეტზ) საკონსტიტუციო კონტროლის საფუძველია. ეს აქტი ძალზე მნიშვნელოვანია ბევრი სხვადასხვა მიზეზით: ის გერმანიის ნებას გამოხატავს, რომ შეასრულოს ინტეგრაციის პროცესი იმ ჩარჩოებში რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებით.

ე.წ. ინტეგრაციის პროგრამა განსაზღვრულია ხელშეკრულებით, რომელზეც ეროვნული პარლამენტის აქტით გამოითქვა თანხმობა. თუ სუპრანაციონალური ინსტიტუტები ინტეგრაციის ამ პროგრამის ფარგლებს გარეთ იმოქმედებენ, მაშინ საქმე გვექნება უფლებამოსილების გადაჭარბებასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გადაცემული უფლებამოსილების მიღმა ამ ინსტიტუტების მოქმედება არ მოექცევა ხელშეკრულებისა და დამტკიცების აქტის მოქმედების სფეროში და აქედან გამომდინარე, წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციასთან.

შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ:

1) კონსტიტუცია ნებართვას გასცემს ეროვნული უფლებამოსილებების გადაცემაზე სუპრანაციონალური ორგანიზაციებისთვის; შესაბამისი მუხლებია 23.1 (ევროკავშირის შექმნიდან 1993 წლამდე) და 24.1 (ევროკავშირის შექმნამდე).

2) უფლებამოსილებათა გადაცემა ძალაში შევიდა წევრ სახელწმიფოებს შორის გაფორმებული საერთაშორისო (ან უკეთესია: სუპრანაციონალური) ხელშეკრულებით, რომელიც განსაზღვრავს სუპრანაციონალურ უფლებამოსილებათა წრეს საერთო ევროპული კანონმდებლობისთვის და ეროვნული პარლამენტის მიერ მიღებული აქტით, რომლის საშუალებით რეალიზდება კონსტიტუციური გადაცემის ნებართვა.

3) პარლამენტის აქტს სხვადასხვა ფუნქცია აქვს: ა) ის საშუალებას აძლევს ქვეყნის პრეზიდენტს, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინოს უფლებამოსილებათა გადაცემის შესახებ; ბ) ის ადგენს „ინტეგრაციის პროგრამას", რომელიც სუპრანაციონალური ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის ნორმატიული ჩარჩოა და რომელიც მკაცრად უნდა დაიცვან ამ ინსტიტუტებმა; გ) ეს აქტი სუპრანაციონალური კანონმდებლობის სამართლებრივი ნამდვილობის მიზეზია და დ) ევროკავშირის (ყოფილი EC) სუპრანაციონალური სამართლებრივი წესრიგის საფუძველია, კერძოდ კი, მისი პირდაპირი მოქმედების და შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე უპირატესობის ძალის განმსაზღვრელია

ავტორის ბიოგრაფია

  • რაინერ არნოლდი, პროფესორი, დოქტორი, საპატიო დოქტორი, რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია.

    პროფესორი, დოქტორი, საპატიო დოქტორი, რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

საკონსტიტუციო სასამართლო და ევროპული ინტეგრაცია: გერმანიის გამოცდილება. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 7, 3-13. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/130