ჰერბერტ ჰარტის მიერ რადბრუხის ფორმულის კრიტიკა
ანოტაცია
ეპოქალური მოვლენები გავლენას ახდენენ უკვე ფესვგადგმულ შეხედულებებზე და ხანდახან ცვლიან კიდეც მათ. ფასეულობები, რომლებიც ადრე მართებული და ხელშეუხებელი ჩანდა, შესაძლებელია ამგვარი მოვლენების გამო გადაფასდეს. ასე შეცვალა ნაციონალსოციალიტური სახელმწიფოს კატასტროფულად ნეგატიურმა გამოცდილებამ გამოჩენილი გერმანელი სამართლის ფილოსოფოსის გუსტავ რადბრუხის პოზიცია, რომელიც მანამდე სამართლის პოზიტივისტური მოძღვრების მიმდევარი იყო.
ნაციონალ-სოციალისტების ბატონობის ეპოქამ რადბრუხს ნათლად დაანახვა, რომ პოზიტივიზმი, რომელიც პროცედურების დაცვით მიღებულ და სოციალურად ქმედით ყველა კანონს სამართლად აღიარებდა, უმწეო აღმოჩნდა უსამართლო და დანაშაულებრივი კანონების წინაშე. საყოველთაოდ ცნობილი ფორმულა, რომელიც რადბრუხმა 1946 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „კანონიერი უსამართლობა და ზეკანონიერი სამართალი" ჩამოაყალიბა, შეიძლება შევაფასოთ, როგორც ნეგატიური გამოცდილებით გამოწვეული ფასეულობათა გადახედვის შედეგი.
ცნობილი ბრიტანელი სამართლის ფილოსოფოსისა და პოზიტივისტის ჰერბერტ ჰარტის კრიტიკა რადბრუხის ფორმულის მისამართით განპირობებულია მისი განსხვავებული შეხედულებებით. ეს განსაკუთრებით შეეხება სამართლისა და მორალის გამიჯვნის საკითხს. ქვემოთ შევეცდებით, მოკლედ წარმოვადგინოთ რადბრუხის ფორმულის არსი, ასევე, აღვწეროთ და მიმოვიხილოთ, თუ რაში მდგომარეობდა ჰარტის არგუმენტაცია და რამდენად მყარი იყოს ის.