კონსტიტუციონალიზმი და სეკულარიზმი: საზოგადოებრივი საღი აზრის საჭიროება
ანოტაცია
თანამედროვეობისა, თუ საზოგადოებრივი წესრიგის, ანუ მოწესრიგებული თავისუფლების შესანარჩუნებლად, გარკვეული დოზით სეკულარიზმის არსებობა აუცილებელია. კონსტიტუციონალიზმი მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც პოლიტიკური ძალები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საკუთარ ტრანსცენდენტალ მოსაზრებებზე არ აფუძნებენ. ადამიანებს სასაფლაოზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოსაზრებების გამო მარხავენ და არა იმიტომ, რომ ეს მათ მკვდრეთით აღდგომას უწყობს ხელს.
სეკულარიზმი, როგორც ინსტიტუციური წყობილება, იცავს საღ აზრზე დაფუძნებულ სახელმწიფოს სოციალური "(უ)წესრიგობისაგან~, რომელიც რელიგიური დოქტრინების დიქტატსა და მგზნებარე ვნებებზეა დამყარებული. როდესაც საკონსტიტუციო სამართალი სეკულარიზმს ამკვიდრებს, ის ამით საღ აზრზე დაფუძნებული პოლიტიკური საზოგადოების არსებობას ხდის შესაძლებელს. სეკულარიზმი მოითხოვს (ცხადად მეტყველებს საჭიროებაზე), რომ სამართლებრივი გადაწყვეტილებები სეკულარულ საზოგადოებრივ, ანუ ყველასათვის ხელმისაწვდომ მოსაზრებებს უნდა ეფუძნებოდეს, მათი რელიგიური შეხედულებების მიუხედავად. რელიგიურად მოტივირებული მოსაზრებები უნდა "ითარგმნოს~. თარგმნის თეორიების უმეტესობისათვის საზოგადოებრივი საღი აზრის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია იმ შემთხვევაში, თუკი წარმოდგენილია საკანონმდებლო არგუმენტები და მიღებულია გონივრულად, ყველასათვის მისაღებ საფუძვლებზე (არ იგულისხმება რწმენის გამოვლენა ან წმინდა წიგნში ასახული შეხედულებები, კონსტიტუციური წყობილება არ წარმოადგენს რწმენის გამოვლენას).
მათთვის, ვინც თარგმნის საჭიროებას უარყოფს, არსებობს მხოლოდ პირადი "მნიშვნელობა" და ყველა არგუმენტი არის, ან შეიძლება იყოს თანაბარი მათი ხასიათის მიუხედავად. ეს კი მსჯელობას უაზროს ხდის. სეკულარული საღი აზრის გარეშე პრივილეგირებული ცოდნა, მაგალითად, ღვთის დანაწესი, რომელიც მხოლოდ მორწმუნისათვისაა ხელმისაწვდომი, მისაღები და პოტენციურად სავალდებულო გახდება. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს კონსტიტუციონალიზმისთვის მნიშვნელოვან ბევრ ასპექტზე, განსაკუთრებით - თანასწორობაზე. აღნიშნული უარყოფითად იმოქმედებს ასევე სახალხო სუვერენიტეტზე იმ თვალსაზრისით, რომ სახალხო სუვერენიტეტი გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა წევრს აქვს საღად აზროვნების უნარი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
სწორედ ამგვარი თანასწორი მონაწილეობის შედეგად გახდება სახალხო სუვერენიტეტი ლეგიტიმური. სუვერენიტეტი ადამიანებისა, რომლებიც საღად აზროვნების უნარს იყენებენ, კონსტიტუციონალიზმის არსს წარმოადგენს და იგი თავის მხრივ უშვებს სეკულარიზმს. მაგრამ კონსტიტუციონალიზმსა და სეკულარიზმს შორის კავშირი კვლავ გაურკვეველი რჩება. ნაწილობრივ პრაგმატული და ნაწილობრივ ისტორიული მიზეზების გამო, არსებული თანამედროვე ლიბერალური კონსტიტუციები არც ისე ნათლად განსაზღვრავენ კონსტიტუციონალიზმსა და სეკულარიზმს შორის ურთიერთმიმართებას: ფაქტობრივადად, ზოგიერთი კონსტიტუცია სახელმწიფო ეკლესიას და ეკლესიებს უფლებას აძლევს შეინარჩუნონ საჯარო ხელისუფლების გარკვეული პრივილეგიები ამ ქვეყნების ლიბერალურ და დემოკრატიულ ხასიათზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის გარეშე. ეს არცთუ ნათელი, არაპრინციპული პოზიცია უხერხულობებს იწვევს, რამდენადაც მძლავრი რელიგიების აგრესიული მოთხოვნებისაგან საკმარის დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მეორე მხრივ, აღნიშნულმა ძალზე დისკრიმინაციული ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, სადაც დიდი რაოდენობით არიან მიგრანტი, ძირითადად, მუსლიმანი ჯგუფები. ამ ჯგუფების რელიგიაზე დაფუძნებული პრაქტიკა მუდმივი კრიტიკის საგანია და იკრძალება სეკულარულ ღირებულებებთან მათი შეუთავსებლობის გამო, თუმცა, ამავდროულად, თითქოსდა სეკულარული სახელმწიფო სისტემა უპირატესობებს ანიჭებს იმ რელიგიებს, რომელთაც ისტორიულად აღიარებული, პრივილეგირებული ადგილი უკავიათ კონსტიტუციურ სისტემაში.
კვლავ უპასუხოდ რჩება კითხვა: ორგანულად დამახასიათებელია თუ არა კონსტიტუცინალიზმისათვის სეკულარიზმი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, სეკულარიზმის შემცვლელ ტერმინებს გადავავლე თვალი, რომლებიც სეკულარიზმებად პოლი- ტიკურ საზოგადოებაში სახელმწიფოს როლთან მიმართებაში გამოიყენება. ამას მოსდევს სეკულარული კონცეფციების უფრო ფართო დამცველი ფუნქციისა და იმის მიმოხილვა, თუ როგორ შეუძლიათ ამ ძირითად ცნებებს წინააღმდეგობა გაუწიონ მძლავრი რელიგიების გამოწვევებს და რელიგიებს, რომელთაც საკუთარი მიზნებისათვის საზოგადოებრივი სფეროს დაპყრობის პოტენციალი გააჩნიათ. ნაშრომის ბოლო ნაწილში განხილულია მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ სეკულარული პრაქტიკა უარყოფილი უნდა იქნეს, რათა დაცული იყოს კონსტიტუციონალიზმი.