საკონსტიტუციო შეთანხმება: ისტორია, საჯარო განხილვები და გავლენა რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვაზე საქართველოში
ანოტაცია
სახელმწიფოსა და ეკლესიებს შორის ურთიერთობის საკითხი სამართლის რეფორმის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ისე საქართველოს დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოების თვალსაზრისით. ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ეკლესიების მიმართ თანასწორი მიდგომის დაცვის თვალსაზრისით. მრავლადაა უთანასწორო მოპყრობის მაგალითები და კანონებიც, რომლებიც უთანასწორობის პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციას ახდენენ. განხილვების ცენტრშია სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული ხელშეკრულებაც და მისი როლიც საკანონმდებლო ჩარჩოს ფორმირების პროცესში.
ჩვენი სტატიის მიზანია კანონმდებლობის, სასამართლოს პრაქტიკის და საჯარო დებატის ანალიზის საფუძველზე აღვწეროთ, თუ როგორი მოლოდინი არსებობდა ხელშეკრულების მიმართ მის მიღებამდე და როგორი სამართლებრივი ეფექტი იქონია სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულმა ხელშეკრულებამ უმცირესობათა უფლებებზე.