Lautsi v. Italy (ლუცი იტალიის წინააღმდეგ)

ავტორები

  • გიორგი მელაძე აღმასრულებელი დირექტორი თავისუფლების ინსტიტუტი, საქართველო. ავტორი

ანოტაცია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ისტერიით შეხვდა იტალიის პოლიტიკური სპექტრი: `,,სიკვდილით უნდა დაისაჯოს ის ქალიც (ლუცი) და ყველა სხვაც, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო" – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმაც. გარდა რადიკალი მემარცხენეებისა, ყველა შეუერთდა მიმართვას. მათ სპეციალური რეზოლუციით მიმართეს მთავრობას, მოეთხოვა სუბსიდიურობის პრინციპის დაცვა. რადიკალი მემარცხენე პარტიების გარდა იტალიაში ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაგმო ევროპული სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ლუცი იტალიის წინააღმდეგ. «უპრეცედენტოდ» წოდებულ საქმეში სასამართლომ კონვენციასთან შეუსაბამოდ ცნო იტალიის სკოლებში, საკლასო ოთახებში ჯვრის გამოფენა კედლებზე, რამაც მძაფრი რეაქცია გამოიწვია იტალიაში და სხვა კათოლიკური ტრადიციების დამცველ სახელმწიფოებში.

უკმაყოფილების დამალვა არც ვატიკანს უცდია. ,,`ჯვარცმა იტალიისთვის არა მხოლოდ რელიგიური, არამედ მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე სიმბოლოა, რომელიც კაცობრიობის გამაერთიანებელ ღირებულებებთან ასოცირდება.

ევროპის სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, ჩარეულიყო იტალიის შიდა საქმეებში, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სასამართლომ გადაწყვიტა ქრისტიანობის როლის, როგორც ევროპული დიენტობის ნაწილის სრულად იგნორირება მოახდინოს", განაცხადა ვატიკანის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ფედერიკო ლომბარდიმ.

,,`გადაწყვეტილების შესრულებაზე მტკიცე უარი უნდა განვაცხადოთ. იტალიას საკუთარი კულტურა, ტრადიციები და ისტორია აქვს. ვინც გადაწყვიტა ჩვენი საზოგადოების ნაწილი გახდეს, მან უნდა მიიღოს ეს წესები და გაგებით მოეკიდოს ჩვენს ტრადიციებს. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, ხაზი გადაუსვას ჩვენს ქრისტიანულ წარსულს. ასეთი გადაწყვეტილებებით მივიღებთ ევროპას, რომელსაც არც იდენტობა და არც ტრადიციები აღარ ექნება შემორჩენილი " – ალესანდრა მუსოლინი, დიქტატორ მუსოლინის შვილიშვილი.

23000 მომხრე რამდენიმე საათში შეუერთდა   Facebook -ზე დადებულ მიმართვას, წინ აღდგომოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

თუმცა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს სეკულარიზმის დამცველმა ორგანიზაციებმა. «თუ იტალიის სახელმწიფოს პოზიციას გავშიფრავთ, აღმოვაჩენთ, რომ იგივე არგუმენტებით, რაც მთავრობამ წამოაყენა, ისლამური სახელმწიფოები ცდილობენ უფლებათა დაცვაზე უარის თქმას. შესაბამისად, მათი მიღება დაუშვებელი იქნებოდა ლიბერალური საზოგადოებისთვის» - იტალიის ჰუმანისტური საზოგადოება. 

ლუცის საქმე პირველი არაა იტალიის სასამართლო პრაქტიკისთვის. ჯვარცმის გამოსახვა ჩვეული მოვლენაა საჯარო დაწესებულების კედლებზე იტალიაში. მუსლიმი მშობელი ადელ სმითი და ებრაელი მოსამართლე ლუიჯი ტოსტი სხვადასხვა დროს ცდილობდნენ საკუთარი პროტესტი გამოეხატათ საჯარო სივრცეში სიმბოლიკის გამოფენის წინააღმდეგ.

სმითმა, რომელიც მუსლიმთა მცირე გაერთიანების ხელმძღვანელია, სასამართლო გზით მიაღწია სიმბოლოების გამოფენა აეკრძალათ სკოლებში. გადაწყვეტილებამ საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. ზემდგომმა სასამართლომ ხელახალი განხილვისას გააუქმა გადაწყვეტილება.

სამოქალაქო წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია მოსამართლე ტოსტის. იგი რამდენჯერმე იქნა დაჯარიმებული და ადმინისტრაციული პატიმრობაც კი მიესაჯა იმის გამო, რომ უარს ამბობდა ადმინისტრაციულ შენობაში შესვლაზე, თუ იქ ქრისტიანული სიმბოლოები იყო გამოფენილი.

"მე მივედი სკოლაში და ვნახე, რომ ყველა კლასში ჯვარი ეკიდა ყველაზე გამოსაჩენ ადგილებში. ეს სიახლედ სულაც არ მომეჩვენა. საბავშვო ბაღში სამი ჯვარი ეკიდა ერთ კედელზე. იტალიაში კათოლიციზმი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება და ზოგჯერ ძალიან დამთრ- გუნველია, თუ ათეისტად ჩნდები საზოგადოებაში". - აცხადებს ქალბატონი ლუცი.

"ჩემთვის ეს საქმე არა ფულადი კომპენსაციის, არამედ მორალური ღირებულების მქონე იყო. იტალია საკუთარ თავს საერო სახელმწიფოს უწოდებს და უნდა იცავდეს კიდეც ამ ღირებულებას".

ავტორის ბიოგრაფია

  • გიორგი მელაძე, აღმასრულებელი დირექტორი თავისუფლების ინსტიტუტი, საქართველო.


    აღმასრულებელი დირექტორი თავისუფლების ინსტიტუტი, საქართველო.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

Lautsi v. Italy (ლუცი იტალიის წინააღმდეგ). (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 2, 191-200. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/31

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები