LEX PRAEVIA პრინციპის მიმართება სასამართლო ინტერპრეტაციასთან
ანოტაცია
ქმედების დანაშაულებრიობის დამდგენი და სასჯელის გამამკაცრებელი ნორმის უკუძალით გავრცელების აკრძალვა კონსტიტუციური პრინციპია, რაც სისხლის სამართლის საგარანტიო ფუნქციის გამოხატულებაა და უზრუნველყოფს სამართლებრივ უსაფრთხოებასა და კანონმდებლობის სტაბილურობას. სტატიის მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენად ვრცელდება lex praevia ნორმის სამოსამართლო განმარტებაზე, როდესაც ის აფართოებს დანაშაულის შემადგენლობას, ან ამძიმებს სასჯელს, მაშინ როდესაც თავად ნორმა არ იცვლება. საკითხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა როგორც აკადემიურ სივრცეში, ისე სასამართლო პრაქტიკაში და ამ თვალსაზრისითაც იმსახურებს ყურადღებას.
იურისტების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ lex praevia მიემართება მხოლოდ კანონს და არა მის განმარტებას. აღნიშნული მოსაზრების თანახმად, განსხვავებული მიდგომა წინააღმდეგობაში მოვა სამართალის ბუნებასთან, რომელიც საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდეს და პასუხობდეს ახალ გამოწვევებს. იურიტების მეორე ჯგუფის თანახმად, კანონი არის ისეთი, როგორც მას სასამართლო დღეს განმარტავს, მის მიმართ გაჩენილი ნდობა კი ლეგიტიმურია. ამ თვალსაზრისით, სამოსამართლო განმარტებაზეც, როდესაც ის აფართოებს პასუხისმგებლობის საზღვრებს, უნდა გავრცელდეს lex praevia.
სტატია მხარს უჭერს უკუძალით გავრცელების აკრძალვას, რამდენადაც ნორმა, რომელიც თავისი ბუნებით აბსტრაქტულია და მისი ნათელყოფა და ადრესატამდე ადეკვატურად მიტანა სწორედ სასამართლოს ფუნქციაა, ნორმის განმარტებაც უნდა იყოს ადრესატისთვის სანდო წყარო და post factum არ უნდა იწვედეს მის გაკვირვებას.
სამართლებრივ სახელმწიფოში სისხლის სამართალს აქვს საგარანტიო ფუნქცია, რომლის უზრუნველმყოფი მოთხოვნებია: ჩვეულებითი ნორმის გამოყენების აკრძალვა (Lex scripta); ანალოგიის აკრძალვა (Lex stricta); ნორმის განუსაზღვრელობის აკრძალვა (Lex certa); კანონის უკუძალის აკრძალვა (Lex praevia)1. ჩამოთვლილი აკრძალვები ერთმანეთისგან გამომდინარეობსდა ერთობლიობაში ქმნისსამართლებრივ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.