თანხმობის საფუძველზე ჩხრეკის წარმოების პრობლემური საკითხები

ავტორები

  • ლალი ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ავტორი

ანოტაცია

„პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ... არის თითოეული ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების საფუძველი". საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გულისხმობს ინდივიდის შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს თავისი კერძო ცხოვრება და იყოს დაცული მის კერძო სფეროში სახელმწიფოს და სხვა პირების ჩარევისაგან. იცავს ადამიანის არჩევანს, იარსებოს გარე სამყაროსგან დამოუკიდებლად, იყოს მარტო, ასევე თავისუფლად გადაწყვიტოს, რა პირობებში და რა მოცულობით ექნება ურთიერთობა საზოგადოების სხვა წევრებთან, უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებას და საშუალებას აძლევს მას, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, როდის, რა მოცულობით, რა ფორმით და ვისთან გაასაჯაროოს თავისი პირადი ცხოვრების ფაქტები, მოახდინოს ინფორმაციის, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გაცვლა-გაზიარება".

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით და ყველა ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. თუმცა, იმავდროულად, ის არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა რიცხვს და კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას.

პირადი ცხოვრება მრავალი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება. უკავშირდება პირადი ავტონომიის და ე.წ. განმარტოების უფლებას, რაც გულისხმობს თითოეული ინდივიდის შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს, რა ინტენსივობით მოექცეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უმთავრესი ასპექტია პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნული უფლების რეალიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სისხლის სამართალწარმოებაში, სადაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირადი ხასიათის ინფორმაციის დაცვა, ასევე საცხოვრებლის ხელშეუხებლობის და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის მკაცრი რეგლამენტაცია და კანონის მოთხოვნათა შესაბამისი ადმინისტრაციული პრაქტიკის ჩამოყალიბება. „უფლებაში ჩარევა შეიძლება იყოს გამართლებული მხოლოდ მაშინ, თუ კანონმდებლობით უზრუნველყოფილი იქნება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის ეფექტური მექანიზმები. ეს კი მოიცავს როგორც ჩარევის საფუძვლების ამომწურავ და მკაფიო რეგლამენტაციას, ასევე ჩარევის აუცილებლობასა და უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე სასამართლო კონტროლის არსებობას".

კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას სათანადო ბალანსი საყოველთაო და ინდივიდუალურ ინტერესებს შორის. უნდა განსაზღვროს: როგორი წინა პირობების არსებობისას, რომელი და რამდენი სუბიექტისათვის არის მოსალოდნელი ძირითადი უფლებების შეზღუდვა – როგორი ინტენსიურობითა და მასშტაბით. უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს კონსტიტუციურ მიზნებს, იყოს აუცილებელი და წარმოადგენდეს ამ მიზნების მიღწევის პროპორციულ საშუალებას.

როგორც აღვნიშნეთ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთ ასპექტს წარმოადგენს საცხოვრებლის და მფლობელობის ხელშეუხებლობა. „ბინის ხელშეუხებლობა არის ის ძირითადი უფლება, რომელიც ცალკეული ადამიანისათვის, მისი ადამიანური ღირსებიდან და თავისუფალი პიროვნული განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს „ელემენტარულ საცხოვრებელ სივრცეს""11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილი სწორედ ამ უფლების შეზღუდვის წესს არეგულირებს და ადგენს, რომ „საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, არ საჭიროებს სასამართლოს განჩინებას იმ შემთხვევაში, თუ ის ტარდება თანამესაკუთრის ან თანამფლობელის, ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობით".

სტატიაში განხილულია ჩხრეკის წარმოებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, თანხმობის ლეგიტიმურობის წინა პირობები, თანხმობის ფარგლები და მისი უკან გათხოვის შესაძლებლობა, თანამესაკუთრეებს/თანამფლობელებს შორის ჩხრეკის ჩატარებაზე თანხმობის გაცემის საკითხისადმი ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულების არსებობის შემთხვევაში თანხმობის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარების შესაძლებლობა და აღნიშნულ საკითხში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.

ავტორის ბიოგრაფია

  • ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი,

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის და პროცესის მიმართულების სრული პროფესორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

თანხმობის საფუძველზე ჩხრეკის წარმოების პრობლემური საკითხები. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 7, 36-60. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/133