ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენების პრაქტიკა საქართველოში
ანოტაცია
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გახდა საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილი, ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც შეიძლება გადაწყდეს სასამართლო (ან ადმინისტრაციული) დავა. საერთაშორისო ხელშეკრულებათა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის როლი საქართველოს კანონმდებლობაში განისაზღვრა როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე სხვა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით, მათ შორის კანონებით: `"საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" და `,,ნორმატიული აქტების შესახებ"
საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის შესწავლამ ცხადყო, რომ იკვეთება საქართველოს სასამართლოების მიერ საერთაშორისო აქტების მზარდი გამოყენების ტენდენცია. ეს ტენდენტია ეხება როგორც ზოგადად საერთაშორისო ხელშეკრულებების, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას მართლმსაჯულების განხორციელებისას.
საერთაშორისო ხელშეკრულებებს შორის საქართველოს სასამართლოები ყველაზე ხშირად იყენებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. საქართველოს სასამართლოების პრაქტიკის შესწავლის შედეგად აღმოჩენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენების დაახლოებით 120 შემთხვევა.