საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში – პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები
ანოტაცია
მეოცე საუკუნის მიწურულს, კიდევ ერთხელ დაბადებულ (სათავედ ვგულისხმობთ საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიულ რესპუბლიკას) ახალფეხადგმულ საქართველოს სახელმწიფოს ერთი ფრიად „ორიგინალური" მახასიათებელი დაჰყვა-ქვეყნის უზენაესი კანონის, სამართლებრივი აქტის პერმანენტული და პრაქტიკულად მოუთოკავი ცვლილება. თვალსაჩინოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის შექმნის დღიდან, 1995 წლის 24 აგვისტოდან, დოკუმენტში ერთმანეთის მიყოლებით შედიოდა ცვლილება-დამატებანი და უმთავრესი კანონის დღევანდელ ვერსიას, დიდწილად აღარაფერი აქვს საერთო თავდაპირველ ტექსტთან. ეს მაშინ, როცა აღნიშნული სამართლებრივი აქტი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვიდმეტი წელია რაც ფუნქციონირებს.
წინამდებარე სტატიაში განხილული იქნება საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების უმთავრესი პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები. გაანალიზებული და წარმოჩენილი იქნება ის ფაქტორები, რომელთაც ძირითადი, არსებითი გავლენა მოახდინეს ცვლილებათა არსსა და შინაარსობრივ მხარეზე.
თუკი კონსტიტუციონალიზმს გავიაზრებთ, როგორც კონსტიტუციური წყობის დამფუძნებელ პოლიტიკურ-სამართლებრივ თეორიას. მაშინ ხსენებულ კონტექსტში უპრიანი და მართებული იქნება, განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებათა როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური ასპექტები. ვინაიდან პოლიტიკური სისტემა როგორც ფენომენი, ერთგვარი შემოქმედებითი ჩონჩხია. რომელიც ფორმირებას, კონსტრუირებას უკეთებს სამართლებრივ მახასიათებელს და მისი შესწავლის გარეშე ცვლილებათა რეალურ არსზე საუბარიც ზედმეტია. მით უმეტეს, იმ გარემოში, რომელშიც საქართველოს ახალდაბადებულ სახელმწიფოს მოუწია პირველსაწყისი და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.
როგორც აღნიშნავენ, კონსტიტუცია იმდენად სამართლებრივი აქტია, რამდენადაც პოლიტიკური, ვინაიდან სახელმწიფო და ხელისუფლება ის ძირითადი ელემენტებია, რომლის გარშემოც ერთიანდება პოლიტიკური სისტემის ყველა ატრიბუტი. სწორედ ხსენებულ ჭრილში და კონსტიტუციონალიზმისათვის დამახასიათებელი ანალიტიკური ხაზით და რაკურსით მიმოვიხილავთ დღევანდელ დღემდე განხორციელებულ ძირითად ცვლილებებს (იგულისხმება 1999, 2004, 2010 წლებში მომხდარი ცვლილება-დამატებანი). ვეცდებით ჩავწვდეთ პრობლემის სიღრმეებს, თუმცაღა ამისათვის აუცილებელი იქნებოდა ერთგვარი დისციპლინათაშორისი კვლევა, რაც მოცემულ ეტაპზე ნამდვილად აღემატება ჩვენს ძალებსა და შესაძლებლობებს. წინარე სტატია არის ერთგვარი მცდელობა, თეორიულ-დოქტრინალური კუთხით იქნეს დანახული და გააზრებული წამოწეული საკითხი. თუკი ნაშრომი დასახულ მიზანს მიაღწევს, აღნიშნული უდავოდ გამოიწვევს ავტორის კმაყოფილებას.
შესავლის ბოლოს უნდა აღვნიშნოთ, რომ თუკი სამართლის აღიარებული თეორეტიკოსისა და მკვლევარის, ცნობილი უნგრელი პროფესორისა და კონსტიტუციონალისტის ანდრაშ შაიოსა და მისი „შიშის კონსტიტუციონალიზმის" ფენომენს გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ ხსენებული უმეტესწილად პოლიტიკური შიშია, რომელიც საკვანძო გავლენას ახდენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ კლიმატსა და ლანდშაფტზე. მით უფრო ისეთი ტრანზიციის პერიოდსა და ფაზაში მყოფ ქვეყანაზე, რომელსაც მემკვიდრეობით ჩამოუყალიბებელი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა და ინსტიტუტები დაჰყვება.