როგორ განვითარდა კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის კანონმდებლობა და პრაქტიკა
ანოტაცია
კომპიუტერული მონაცემებიდან ინფორმაციის გამოთხოვის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობის საგანი იყო. თავდაპირველად, ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილებით მხოლოდ ბრალდების მხარე სარგებლობდა, რაც შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევად განიხილებოდა. კანონმდებლობასთან ერთად, არაერთგვაროვანმა სასამართლო პრაქტიკამ კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება შეუქმნა დაცვის მხარეს, მოეპოვებინა ინფორმაცია კომპიუტერული სისტემიდან (ვიდეოთვალის ჩანაწერები, კომპიუტერსა და მობილურ მოწყობილობებში შენახული ინფორმაცია და სხვ.). აღნიშნული გამოწვევები გარკვეულწილად მოაწესრიგა საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებამ, თუმცა კვლავ დარჩა მთელი რიგი საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზები, რაც ართულებს მხარეთა საქმიანობას მტკიცებულებების მოპოვების დროს.
წარმოდგენილი სტატია არის ერთგვარი მცდელობა, განიხილოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიდგომები კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვების თაობაზე. ამ მიზნით წარმოდგენილია როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამკვიდრებული განმარტებები. ამდენად, მკითხველს ექნება შესაძლებლობა, თვალი მიადევნოს იმ ტენდენციას, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია არსებით ცვლილებებს განიცდის და ნათლად დაინახოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების როლი აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრის გაფართოებასთან მიმართებით.