ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი საქართველოში – ნემსი თივის ზვინში
ანოტაცია
წინამდებარე სტატია საქართველოს სასამართლოებში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის არსებულ პრაქტიკას იკვლევს. კვლევა ეფუძნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგებს და მოსამართლეების, ადვოკატების, პროკურორების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების გამოკითხვას საქართველოს შვიდ ქალაქში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები ფუნქციონირებს. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, რომელიც ზოგჯერ გაუმართლებლად ჭიანურდება, ქართული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს „აქილევსის ქუსლია“.
კვლევა აანალიზებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხვადასხვა ეტაპს: ნაფიც მსაჯულთა სიების შედგენას, მოქალაქეთა გამოძახებას, გამოძახების მიღებას, მსაჯულის კითხვარების შევსებასა და წარდგენას, შერჩევაზე გამოცხადებას, თვითაცილებებსა და მხარეთა აცილებებს, და ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის დაკომპლექტებას. მისი მიზანია გამოავლინოს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის ძირითადი პრობლემები და შეიმუშაოს წინადადებები პოლიტიკის შემქმნელებისა და პრაქტიკოსებისთვის.
საქართველომ კანონმდებლობით ნაფიც მსაჯულთა შერჩევის უნივერსალური მიდგომა შემოიღო, თუმცა, კვლევა ცხადყოფს, რომ პრაქტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება დაწერილი კანონისგან. ეს ნაშრომი არის პირველი ემპირიული კვლევა საქართველოში, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესს იკვლევს. ის პოლიტიკის შემქმნელებსა და პრაქტიკოსებს ამ პროცესის უკეთ დანახვის საშუალებას აძლევს და გვთავაზობს რეკომენდაციებს, რომელიც ხელს შეუწყობს პროცესის ეფექტიანობისა და ქმედითობის გაუმჯობესებას.